რომელ თაობამდე გრძელდება სისხლისმიერი ნათესაური კავშირი და რომელ თაობაში შეიძლება ქორწინება - კვირის პალიტრა

რომელ თაობამდე გრძელდება სისხლისმიერი ნათესაური კავშირი და რომელ თაობაში შეიძლება ქორწინება

"თუ ქორწინება მოხდა ისეთი კატეგორიის ნათესავებს შორის, როდესაც ერთი ნაბიჯია დარჩენილი ნათესაობასა და არანათესაობას შორის, მღვდელმთავრის მიერ წყვილს ეძლევა საეკლესიო სასჯელი, ხდება ოჯახის შენარჩუნება, ხოლო თუ ეს ქორწინება ძალიან ახლო ნათესავებს შორის მოხდა, ოჯახი აუცილებლად უნდა დაინგრეს."

რამდენიმე ხნის წინ ასეთი მესიჯი მივიღეთ: ”მაინტერესებს, მერამდენე თაობამდე გრძელდება სისხლისმიერი ნათესაური კავშირი? რომელ თაობაში შეიძლება ქორწინება? საერთოდ, რამდენად დიდი ცოდვაა სისხლით ნათესავებს შორის ქორწინება და აისახება თუ არა ამგვარი კავშირი შთამომავლობაზე?” ამჯერად სწორედ ნათესავებს შორის ქორწინების საკითხს შევეხებით...

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- კაცობრიობის გამრავლებამდე, ადამისა და ევას შვილები ერთმანეთში ქორწინდებოდნენ. ის შეხედულება, რომ ნათესავებს შორის ქორწინება დაუშვებელია, ჩამოყალიბდა მოგვიანებით, წარღვნის შემდგომ პერიოდში. ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ეკლესიამ, შემდგომ ქრისტიანულმა ეკლესიამ და ზოგიერთმა რელიგიებმა, ნათესავებს შორის ქორწინება აკრძალეს. ამას აქვს მეცნიერული თვალსაზრისიც - ნათესაური ქორწინების დროს ხდება შთამომავლობის დეგრადაცია. იმ პერიოდში, როდესაც ადამიანის გენეტიკა ჯერ კიდევ არ იყო დაზიანებული სხვადასხვა დაავადებებით, ნათესავებს შორის ქორწინება ხდებოდა, შემდეგ, უძველესი დროიდან, პირველად და-ძმას შორის ქორწინება აიკრძალა, ამას მოჰყვა პირველი და მეორე რიგის ნათესავებს შორის ქორწინების აკრძალვა, რაც საბოლოოდ მეშვიდე თაობამდე ნათესავებს შორის ქორწინების აკრძალვამდე მივიდა. სჯულის კანონის თანახმად, მეშვიდე თავში, ანუ მეხუთე თაობაში - უკვე შვილთაშვილების შვილების თაობაში ქორწინება შეიძლება. ტრადიციებიდან გამომდინარე, ქართველებში ნათესაური ქორწინების პრობლემა არ არსებობს, თითქმის არავინ ითხოვს ქორწინებას ასეთ ახლო ნათესაობაში, მაგრამ ჩვენთან არსებობს ნათლიობით დაკავშირებული ნათესაობის პრობლემა, რომელიც ზუსტად ისევე ვრცელდება, როგორც სისხლისმიერი ნათესაობა. მეხუთე თაობაში თითქმის აღარავის ახსოვს, ვინ იყვნენ მისი წინაპრების ნათლიები. ეს სერიოზული პრობლემაა, ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მხოლოდ იმას, სისხლისმიერად, ხორციელად რა ნათესაური კავშირი გვაქვს ადამიანებთან, არამედ სულიერად, ნათელმირონობით რა ნათესაური კავშირი გვაკავშირებს. როგორც სისხლისმიერი ნათესაობის დროს ქორწინებასთან დაკავშირებულ დადგენილებებს აღვასრულებთ, ნათელმირონობით ნათესაობით დაკავშირებულ ადამიანებთანაც იგივე წესი უნდა აღსრულდეს. საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ უფალი უბრალოდ არაფერს გვიკრძალავს. რაც ადამის დროს და წარღვნამდელ პერიოდში არ იყო აკრძალული და შემდეგ აიკრძალა, ეს მოხდა არა იმის გამო, რომ ღმერთს მოესურვა ასე, არამედ იმიტომ, რომ ეს უკვე საზიანო გახდა ადამიანებისთვის.

- რა შეიძლება გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუკი სისხლისმიერ ნათესავებს შორის ქორწინება მოხდა?

- დავუშვათ, სისხლისმიერმა ან ნათელმირონობით ნათესაურ კავშირში მყოფმა ადამიანებმა ოჯახი შექმნეს. ასეთი ქორწინებების ორი კატეგორია არსებობს. ერთ შემთხვევაში - თუ ქორწინება მოხდა ისეთი კატეგორიის ნათესავებს შორის, როდესაც ერთი ნაბიჯია დარჩენილი ნათესაობასა და არანათესაობას შორის, მღვდელმთავრის მიერ წყვილს ეძლევა საეკლესიო სასჯელი, ხდება ოჯახის შენარჩუნება, ხოლო თუ ეს ქორწინება ძალიან ახლო ნათესავებს შორის მოხდა, ოჯახი აუცილებლად უნდა დაინგრეს.

ჟურნალი "გზა"