ექსკლუზივი - ბეთანიელი წმინდა მამის, იოანე მაისურაძის ჩანაწერები - კვირის პალიტრა

ექსკლუზივი - ბეთანიელი წმინდა მამის, იოანე მაისურაძის ჩანაწერები

"მე, ვასო მაისურაძე, ცხრაას სამში წავედი ათონში, მოვბრუნდი სამშობლოში ცხრაას ოცში. ცხრაას ოცდაორში მომიხდა ისევ ბეთანიაში მოსვლა..."

"ვნახე ქართველი ხალხი, მაგრამ გული მაინც იძახის, - დედა მინდა, ესე იგი, სამშობლო. ახლა თავს სასუფეველში ვგრძნობ, მაგრამ მაინც დედასამშობლო მინდა"

საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარ ლუარსაბ ტოგონიძის მდიდარ არქივში არაერთი უნიკალური ფოტო ინახება. მათ შორის ბეთანიელი წმინდა მამების, იოანე მაისურაძისა და გიორგი მხეიძისა, რომელთაც მკითხველი პირველად "კვირის პალიტრაში" ნახავს. რა გზა გაიარეს წმინდანებმა ბეთანიის მონასტერში მისვლამდე და როგორ გადაარჩინეს ტაძარი დანგრევას, ამას მამა იოანეს ჩანაწერებით შეიტყობთ. ეს ხელნაწერი რვეული ეროვნულ ცენტრში ინახება. მოგონებები მამა იოანემ გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე დაწერა. ის 1955 წლის 10 ნოემბრით არის დათარიღებული.

გზა ათონისკენ

ლუარსაბ ტოგონიძე: -„ორივე წმინდანს, არქიმანდრიტებს - გიორგი (იოანე) მხეიძეს, რომელიც წმინდა მამა გაბრიელის (ურგებაძე) მოძღვარი გახლდათ და იოანე მაისურაძეს ურთულეს პერიოდში მოუხდათ მოღვაწეობა, მაგრამ გაუძლეს და გადაარჩინეს ბერმონაზვნობის ღირსება.

ათონის წმინდა მთა საოცარი კუნძული აღმოჩნდა ბერმონაზვნობისა. აქ საქართველოს ყველა კუთხიდან შეიკრიბნენ მწიგნობრობით, კალიგრაფიით, საღვთისმეტყველო ტრადიციებით გამორჩეული ბერები. აღდგა არათუ ქართული წირვა-ლოცვა, არამედ მწიგნობრობის ტრადიციებიც.

მამა იოანეს ჩანაწერებიდან: "ცხრაას სამში მე უკვე მივდივარ ათონის მთაზე, ავიღე ჩვენი მთავრობის ნებართვა, ჩავედი ბათუმში, თათრის კონსოლმა შემიმოწმა ბილეთი და ჩავჯექი იტალიის დიდ პარახოდში და მივდივარ ტრაპიზონის მხრივა.

შემიღონდა გული, რომ დავტოვე სამშობლო. ჩემი გულისთვის ვინ მოაბრუნებს უკან პარახოდს. ახალგაზრდა ვარ, ოცი წლისა... მარტო ერთი ქართველი. მენანება სამშობლოს დატოვება... მეხუთე დღეა, ბოსფორში რო შევდივართ... შევედით ნამდვილათ სტამბოლში. ახლა ჩვენი პარახოდიცა ჩადგა თავის დანიშნულ ადგილს... მივცურდით ათონის ნავთსადგურში, ღამეა უკვე. შემოვიდნენ პარახოდში სამი ბერი: ერთი პანტელეიმონის მონასტრისა, მეორე ანდრიას სკიტისა, მესამე ილიას სკიტისა. იძახოდნენ: "კტო პანტელეიმონა", "კტო ანდრეივსკ", "კტო ილინსკის". ვინ სად უნდა წასულიყო, ის მას წაჰყვებოდა. მე ივანე პანტელეიმონის ბერს მოვკიდე ხელი. პანტელეიმონის მონასტერი, შეიძლება ითქვას, სამი კილომეტრით იყოს ნავთსადგომიდან. მივედით. ღამეა. არ ვიცი, რამდენი საათი იქნებოდა, მიგვიღო მესტუმრე ბერმა, მოგვასვენა. დარეკეს ცისკრის ლოცვა. წაგვიყვანეს ეკლესიაში. გვალოცეს. მერე მე გამოვედი მონასტრის გარეთ. შევეკითხე ერთ ბერს, ქართველების მონასტერი სად არი. ქართველებს მონასტერი არა აქვსთო. მაშ რა აქვსთ. ქილიო. ეს ქილი არი სამი, ოთხი ან ხუთი კაცის საცხოვრებელი.

ვკითხე, სად არის-მეთქი. შორს, 25 ვერსიაო. გზა  მიჩვენა. დავადექი ამ გზას და ვნახე ბერი ვინმე, ვკითხე ქართველების მონასტერი. გზაზე დამაყენა, დამანახვა, ჯერ კიდევ შორს ჩანდა, მაგრამ შორიდანვე მომეწონა მონასტერი "ივერია" და სადაც ქართველების ახალი მონასტერია, 30 კაცის საცხოვრებელი. ვჩქარობ, მინდა ჩქარა ვნახო ქართველები. ესენიც მონატრულნი არიან ქართველი კაცის ნახვას. მართალია, ვნახე ქართველი ხალხი, მაგრამ გული მაინც იძახის, - დედა მინდა. ვტირი, დედა მინდა, ესე იგი, სამშობლო. ახლა ჩემს თავს სასუფეველში ვგრძნობ, მაგრამ მაინც დედასამშობლო მინდა. რა ვქნათ, რაც მოხდა, მოხდა. მაინც 17 წელიწადი გავატარე ამ ტყვეობაში".

ათონიდან გამოდევნა

ლუარსაბ ტოგონიძე: -„მე-19 საუკუნის I ნახევარში ათონზე მოღვაწე დიდ მამებს - ბენედიქტე ქიოტიშვილსა და ილარიონ ყანჩაველს (უკვე წმინდანად შერაცხილი) არ ჰქონდათ ბერძნებთან დავის საშუალება, რომ მონასტერზე უფლება აღედგინათ. როგორც კი ქართველებმა დაიწყეს წმინდა მთაზე ჩასვლა, ბერძნებმა ქართველი მამების მიერ შედგენილი მონასტრის შინაგანაწესი უკანონოდ შეცვალეს: საუკუნეთა მანძილზე ივერთა სამონასტრო წესი იყო საზოგადო ცხოვრება, ანუ ერთი ქონება, ერთი ტრაპეზი, ერთი შრომა, ერთი წინამძღვარი...

ბერძნების მიერ შეცვლილი ანდერძით კი რამდენიმე არქიმანდრიტი განაგებდა ყველაფერს. ქართველი მამები ითმენდნენ შევიწროებას, რომელიც ხშირად ყოველგვარ ბერულ და ადამიანურ ურთიერთობებს სცილდებოდა: არ ჰქონდათ ძმის მიყვანის საშუალება, ზამთარში შეშის მოჭრის და დამზადების უფლება. ნუგეშობდნენ ლოცვით და ღვთისმშობელიც არ აკლებდათ მოწყალებას. ათონის მთაზე ბერებმა ბევრი სასწაული იხილეს. 1905 წელს წმინდა მთაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ძალიან ბევრი მონასტერი დაზარალდა, იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანე კი გაუბზარავად გადარჩა. ათონის მონასტერმა დაამზადა ვერცხლის "ღირს არსის" ხატის ასლი, რომელიც წილისყრით ქართველთა - იოანე ღვთისმეტყველის სავანეს ერგო."

მამა იოანეს ჩანაწერებიდან: "ჩვენ რო გამოგვრეკეს ბერძნებმა, ეს ამბავი გაიგო ჟორდანიამ და ორი კაცი გაგზავნა ათონში შესაკითხად - ქართველი ბერები რათ გამორეკეთო და პასუხი ასეთი იყო, კანონს არ ემორჩილებიანო. რაში იყო ეს კანონის დაუმორჩილობლობა, აღარც ის იკითხეს და აღარც სხვა".

„ღვთის სასწაულით გადარჩნენ...“

ათონიდან საქართველოში დაბრუნებული მამა იოანე არმაზის მონასტერში ერთ ბერთან ერთად მოღვაწეობდა.

მამა იოანეს ჩანაწერებიდან: "არმაზში ვართ. ვნახოთ, კარებსა რეკავენ, გავაღე კარები, ოთხი ვინტოვკიანი სალდათები. რა გინდათ - პური. მივეცი... გზა გვიჩვენეო. მივდივარ წინ, მოდიან უკან. გავარდა ვინტოვკა, მომხვდა მარცხენა ბეჭის ბოლოში, გაიარა გვამი, წამომხეთქა პირიდან სისხლმა. ვაიმე, მომკლეს-მეთქი. გავჩანჩალდი. იმ ღამეს ტყეში ვეგდე. სიკვდილს ველი. გათენდა ცოცხალი ვარ... ავდექი, წამოვედი ცხეთაში. ჩემზე წინ ჩემი ამხანაგი ჩამოვიდა ცხეთაში, ისიც თავშია დაჭრილი. ეუბნევა ცხეთელებსა, - წადით, ივანე მოკლეს, დამარხეთო. მე, ივანე, ცოცხალი ჩამოვედი ცხეთაში. სამი თვე სახლში ვიწექი, არ მოვკვდი. ჩირქით ვიმსებოდი. მომარჩინეს, ორჯელ ოპერაცია მიყვეს. რო ვრჩებოდი, ახლა ტიფი დამემართა... ესეც გადავიტანე,  აღარ წავედი არმაზში, არამედ წავედი მამა ანტონში ცოტა ხანი. ამოვიდა მარტყოფის საბჭო და გამოგვიცხადა, - არ გვინდიხართო. ვაი ჩემს უბედურებას. ეს ერთი კაცი ვეღარ დამიტია ქვეყანამა. ჩამოვედი თბილისში, შევეფარე ამბროსი კათალიკოსს.  ამბროსი კათალიკოსიც თავის სახლშია დაკრძალული, გარეთ გამოსვლის ნება არა აქვს"...

ბეთანიის აღდგენა

იოანე მაისურაძეს კლასიკური განათლება არ ჰქონდა მიღებული. იგი 1882 წელს ცხინვალში დაიბადა. 14 წლის მოზარდი დიდი მონდომებით ეხმარებოდა ბეთანიის მონასტრის აღდგენაში წინამძღვრებს.

მამა იოანეს ჩანაწერებიდან: "ეხლა ისმინეთ ჩემი ბეთანიაში მოსვლა. ანდრია მაისურაძე და შვილი მისი ვასილი ვიყავით თბილისში. ვხედავდი, ბერი სპირიდონი რო ჩამოდიოდა და ჩემ მეგობრებთან მიდიოდა. იმ დროებში იბეჭდებოდა წმიდანების ცხოვრება. ვყიდულობდი და ვკითხულობდი ბერულ წიგნებსა. ჩამებეჭდა მეც ბერობის სურვილი, ღრმათ დავიწერე პირჯვარი და შევდექი ბეთანიის მონასტრის გზაზე... გამიჭირდა მშიერ-მწყურვალეს, მაგრამ მაინც მოვედი, პური მაჭამეს და - აბა, ჩემო ვასო, ეხლა მობრძანდი ჩვენთან, უნდა იმუშავოო. ვასო, აი, ის დიდი ქვა როა, მომაწოდე, აი, ის პატარა ქვა მომაწოდე, ეხლა ტალახი მომიტანე. მალე დამეჟეჟა ხელები, შებრალება არა სჩანს, რო ვეღარ აუვედი იმდენ მუშაობას. ახლა კი ვიტირე, აღარ შემიძლიან მეტი-თქვა. იმათ ჩემს სიტყვაზე გაიცინეს...

მაშინ ბეთანიის მონასტერი მიგდებულ-მივიწყებული იყო. მინამდინ სპირიდონ ბერი არ მოვიდა, ტაძარი ესრეთ მდგომარეობაში იყო, არავინ არ იყო მისი მსახური, ტყეში გახვეული ზედ სახურავზე ხეები იყო ამოსული.  გუმბათი ჩახვრეტილი იყო, გუმბათის ორი სვეტი გამოვარდნილი, ტაძარი შუაზე გახეთქილი და ტაძრის კედლები ზევიდან ჩამოშლით იყო... წვიმის წყალი ჩადიოდა შიგნით, მხატვრობა ჩამორეცხილი იყო, კიდევ იყო გვერდით კედლებზე მხატვრობა დარჩენილი, როგორც თამარ დედოფლის სურათი და მამისა და ძისა და სხვანი. სადაც მხატვრობა არ იყო, ის ადგილი შევლესეთ გაჯითა. ეს გაჯი დელისიდან მოგვქონდა. გამოივლიდა ბაგებსა, წყნეთსა, სამადლოსა, კვერეთსა და ჩამოვიდოდა ბეთანიაში. რასაკვირველია, გაძნელდა, მაგრამ სუყველაფერი შევძელით. კარები არა ქონდა და ფანჯარა...

თითო-ოროლა შაურით მოკრეფილმა რამოდელა საქმე გააკეთა. შიგნით იატაკი იყო დიდი ქართული აგურით დაგებული, სულ დამტვრეული. დავხურეთ ეკლესია, შიგნითაც გავლესეთ, კანკელი დავდგით, კარები შევაბით, ფანჯრები გაუკეთეთ. შიგნით იატაკი დავაგეთ... ბეთანიის მონასტერსა არა ჰქონდა სახნავი მიწა. მორჩილებმა, სახლი გავაკეთეთ, სახნავი მიწა გავაკეთეთ. ეზო გავწმიდეთ. ამ ეზოში ბევრი მიწა იყო დაგროვილი, ბევრი მუშაობა დაჰშჭირდა. ჩნდებოდა საფლავები ადამიანისა და ძვლებს ვაგროვებდით პადვალაში.  ჯვარი, რომელიც მონასტრის გუმბათს ადგია, თბილისის დეპოში გაკეთდა. დეპოს მუშებმავე მოიტანეს, დეპოს მუშებმავე დაადგეს.

მე, ვასო მაისურაძე, ცხრაას სამში წავედი ათონში, მოვბრუნდი სამშობლოში ცხრაას ოცში. ცხრაას ოცდაორში მომიხდა ისევ ბეთანიაში მოსვლა. 4 გლეხი, რომელიც სპირიდონ ბერმა შემოასახლა, წავიდა თავის სოფელში... მამა სპირიდონმაც შეხედა, ცხოვრება გაჭირდა. წავიდა თავის სამშობლო ხონში, იქიდან ციხეში და ესრეთ დასრულდა სპირიდონ ღვდელმონაზონის სიცოცხლე".

საფლავების გახსნა

ათონიდან დაბრუნებული, სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ბერი, ბეთანიის მონასტერში მიდის და ტაძრის წინამძღვარი ხდება. ამ პერიოდში მოდის მონასტერში მამა გიორგი, ერისკაცობაში გიორგი მხეიძე. სამხედრო განათლების მიუხედავად, მან მომავალი სასულიერო ცხოვრებას დაუკავშირა.

ლუარსაბ ტოგონიძე: "მამა გიორგი ახალგაზრდობაში ერთხანს ილია ჭვაჭავაძესთან მუშაობდა მდივნად. მაშინ ილიას მოურავი მაქსიმე შარაძე გახლდათ. სწორედ მის სტამბაში იბეჭდებოდა გაზეთი "ივერია". აქვე მუშაობდა ესტატე კერესელიძე, შემდგომში წმინდა ექვთიმე. გაზეთში ბეჭდავდნენ სხვადასხვა წმინდანის ცხოვრებას. მამა გიორგი ჯერ ხირსის მონასტერში მოღვაწეობდა, მოგვიანებით ბეთანიაში გადავიდა. მამა იოანესა და მამა გიორგის ერთმანეთის საოცრად დიდი სიყვარული ჰქონდათ. წმინდა სინოდის განჩინებით, 2003 წელს ორივე ბერი წმინდანებად შერაცხეს. მამა გაბრიელს ნაწინასწარმეტყველი ჰქონდა, რომ ჯერ ბეთანიელი მამების საფლავი უნდა გახსნილიყო და შემდეგ მისი. საფლავები რომ გაიხსნა, აღმოჩნდა, რომ საკმაოდ კარგად იყო შენახული მათი წმინდა ნაწილები, რომელიც მონასტერში დააბრძანეს. მამა გაბრიელის ხელით აშენებულ ეკლესიაში, რომელიც თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოშია, დღემდე ინახება წმინდა მამა იოანე მაისურაძის ფოტო, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს".

თორნიკე ყაჯრიშვილი