” მაჯობე, გაბრიელ. ამ სურათზე ისე ჩანს, თითქოს მე წმინდანი ვიყო და შენ ცოდვილიო" - კვირის პალიტრა

” მაჯობე, გაბრიელ. ამ სურათზე ისე ჩანს, თითქოს მე წმინდანი ვიყო და შენ ცოდვილიო"

ტრადიციისამებრ "კვირის პალიტრის" რედაქცია სააღდგომო საჩუქრით შედის თითოეული მკითხველის ოჯახში. ამჯერად იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მახარებელი წმინდა გაბრიელის (ურგებაძე) წმინდა ხატით. მართლაც, რომ სიმბოლურია: წმინდა გაბრიელი ხომ ყოველდღე კვდებოდა ქრისტესთვის, თავისი საქართველოსთვის და როცა 18 წლის წინ გარდაიცვალა, მან, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტმა მოწაფემ, თავისი სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა, მარადისობაში გადასახლდა და უამრავი ადამიანი ზეცისკენ აგვახედა.

დიდებული დღეები გვაჩუქა ღმერთმა, ჯერ ბეთანიელი ღირსი მამების, მერე წმინდა გაბრიელის საფლავის გახსნამ დიდი სულიერი მნიშვნელობა შეიძინა. ერი თითქოს კიდევ ერთხელ შეიკრა და მადლის წყაროსკენ გაემართა. ამ მოვლენებს გვირგვინი დაადგა, საპატრიარქოში მიღებულმა განჩინებამ, რომლის ძალითაც აღდგა მცხეთის სრული ტიტული და მას წმინდა ქალაქი, წმინდა დედაქალაქი მცხეთა ეწოდა. ჯერაც ცხადად ამჩნევია სულს იმ დღეების შთაბეჭდილებები და მსურს თქვენც გაგიზიაროთ.

რიგი

24 თებერვლიდან 1-ელ აპრილამდე თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მორწმუნეები დღედაღამ უწყვეტ ნაკადად მიეახლებოდნენ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს. ამბობენ, რომ დღეში 70 000 კაცი ეთაყვანებოდაო. აკი ამბობდა, - ჩემს საფლავზე ნახევარი საქართველო მოვაო. ამ რიგში ნახავდით მართლმადიდებელ ქართველებთან ერთად სომხებს, აზერბაიჯანელებს, ბოშებს, რუსებს, ბერძნებს - მამა გაბრიელმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ერი ქრისტეში.

დაკრძალვა

არადა, წმინდა გაბრიელის დაკრძალვას 70-80 კაცი თუ ესწრებოდა. მახსოვს, შემოდგომის თბილი დღე იყო. ტაძარში წესს უგებდნენ წმინდა გაბრიელს, გალავანთან მამა გაბრიელის საფლავს თხრიდნენ, მეც შევუერთდი, ქვები და ლოდები ცალკე გადავაწყვეთ, მიწა გავცერით და ცალკე დავაგროვეთ. სულიერი შვილებისთვის ადრევე უთქვამს, სად უნდა დაეკრძალათ. მაშინ ეს დაუჯერებელი ჩანდა, რადგან იმ ადგილას სამშენებლო ნაგავი ეყარა. მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებისამებრ, მის გარდაცვალებამდე 6-8 დღით ადრე ნაგავი გაიტანეს.

გარდაცვლილი მამის სხეული კუბოდან ამოვასვენეთ და ანდერძისამებრ - ჭილოფში შეხვეული დავკრძალეთ. მამა გაბრიელი ვერავინ გაიმეტა მიწის მისაყრელად და ამიტომ მიწას საფლავის ნაპირას ვყრიდით. შემდეგ მიწა თავად ჩამოიშალა, თითქოს კალთა გადააფარაო, გულში ჩაიხუტა და ერთიანად დაფარა.

კარგი ქართული კუბო

კუბო, რომლითაც მამა გაბრიელი ტაძრიდან გამოასვენეს, რამდენიმე წლით ადრე მან თავის სულიერ შვილს, ოთარ ნიკოლაიშვილს გააკეთებინა. სიკვდილი ყოველთვის თვალწინ ედგა და ეს კუბოც მის გახსენებაში ეხმარებოდა. თუმცა ამას სალოსურად ნიღბავდა. ჩაწვებოდა შიგ და დედებს საგალობლებს აგალობებინებდა.

კუბოზე ერთი ამბავი გამახსენდა: 1995 წელი იდგა. მაშინ, მრავალი წლის მერე, პირველად გაიმართა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სამღვდელო კრება. რატომღაც ელოდნენ, ამ კრებაზე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და ჩვენი ეკლესია ეკუმენისტური მოძრაობიდან გამოვიდოდა. ირგვლივ ვნებები დუღდა. გულადუღებული ჩემი სულიერი ძმა, დავითი, მამა გაბრიელს მიადგა, - რამე მითხარიო. უთხრა მამა გაბრიელმა, გულში რა ცეცხლიც უტრიალებდა, იწინასწარმეტყველა საქართველოს მომავალი და გაამხნევა, - არც ისე უიმედოდაა საქმეო. მერე კუბო კიბის თავში დაადგმევინა: კრების მონაწილენი დაინახავენ, შეეშინდებათ და გაახსენდებათ, რომ მოკვდავნი არიანო. როცა პატრიარქი ამობრძანდა, ბერს ჰკითხა, - მამა გაბრიელ, ეს კუბო აქ რად დაგიდგამსო. შიგ ეკუმენისტები უნდა ჩავასვენო და რომის პაპს გავუგზავნო, ოღონდ მას ჩემს კუბოს ვერ დავუთმობო, - უპასუხა ევლოგი სალოსის შთამომავალმა. პატრიარქს გაეღიმა, მამა გაბრიელმაც ღიმილითვე, სალოსურად უპასუხა: "დავლიოთ?" და პატრიარქს შეჰყვა შენობაში...

უკუბოოდ, მანტიით დამმარხონო, -  ანდერძში დაიბარა წმინდა გაბრიელმა. აუსრულეს. კუბო დედაჩემს გამოადგებაო, მართლაც, დედამისი, სამთავროს დედათა მონასტრის მონაზონი დედა ანა იმ კუბოთი დაკრძალეს.

დაახლოებით 18 წლის წინ მამა გაბრიელს, ერთი მორწმუნე კაცისთვის, ნუგზარ ბაქრაძისთვის უთქვამს, კარგი ქართული, მუხის კუბო გამიკეთეო. ეუცნაურა ნუგზარს. როცა წმინდა გაბრიელის საფლავის გახსნა გადაწყდა, ნუგზარს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ (გვაზავა) მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების ჩასასვენებლად ლუსკუმის დამზადება დაავალა. მაშინ გაახსენდა ნუგზარს მამა გაბრიელის ნათქვამი და "კარგი ქართული, მუხის კუბო" გაამზადა.

მოძღვრები

გაცხადდა წმინდა გაბრიელის წინასწარმეტყველება, ჯერ ბეთანიელი მამების საფლავები გაიხსნა და, მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებისამებრ, მისი მოძღვრის, წმინდა იოანე-გიორგის (მხეიძე) ცხედარი უხრწნელი აღმოჩნდა და გულზე სახარება ისევ ისე ესვენა, როგორც მამა გაბრიელმა დაკრძალა.

ბეთანიელი მამები ღირსი მამა იოანე (მაისურაძე) და ღირსი გიორგი-იოანე (მხეიძე) წმინდა გაბრიელმა სიყმაწვილეში გაიცნო და მის უსაყვარლეს მოძღვრებად იქცნენ, ხოლო უშუალოდ მამა გაბრიელის მოძღვარი ღირსი გიორგი-იოანე (მხეიძე) იყო. მათ ასე იგონებდა მამა გაბრიელი: "ღვიძლ ძმებს შორის არ მინახავს ისეთი სიყვარული და თანაგრძნობა, როგორიც მამა იოანესა და მამა გიორგის ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ. მამა გიორგი ფიზიკურადაც და ჯანმრთელობითაც სუსტი იყო, ამიტომ მამა იოანე გათენებამდე იწყებდა საქმეს, რომ ყველაფერი მოესწრო. თუ მამა გიორგი რაიმე მძიმე საქმეში ხელის შეშველებას მოინდომებდა, ეტყოდა: - არ გინდა, გიორგი, მარტო ვიზამ, თავს გაუფრთხილდიო. მამა გიორგი შედარებითი მსუბუქ საქმეს აკეთებდა. თუკი მამა იოანეს დრო მორჩებოდა და მისახმარებლად მივიდოდა, ახლა უკვე მამა გიორგი წუხდა: - ისედაც ამდენს მუშაობ, ამას მე მოვერევი, დაისვენეო. მამა იოანე ძალიან კეთილი, წმინდა და უბრალო გულის კაცი იყო. არასოდეს გაგიწყრებოდა. მამა გიორგი უფრო სხვანაირი სიბრძნისა იყო. მკაცრად მექცეოდა, ერთ საქმეს რომ მოვრჩებოდი, დაუყოვნებლივ მეორეზე გამიშვებდა და ასე დაღამებამდე. მამა იოანეს სულ ვეცოდებოდი, მეც ბავშვური გულით სხვანაირად მიყვარდა იგი, მაგრამ განა ოდესმე მამა გიორგიზე გამივლია გულში ძვირი? მამა გიორგი მიყვარდა და ჩემს თავსაც მერჩივნა, მაგრამ, როდესაც ციხესა და საგიჟეთში, იმ ჯოჯოხეთის დილეგებსა და სიმძიმეში მოვხვდი, სრულად დავინახე და დავაფასე მამა გიორგის ჩემდამი გაწეული ბრძნული შრომა და დიდი სიყვარული. ეს სიყვარული გადაუხდელია, მოყვასო, ამას მხოლოდ მუდმივი მადლიერებით თუ გადაიხდი!”

მამა გაბრიელი და უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე

მამა გაბრიელი მკაცრი იყო სასულიერო პირთა განმკითხავებისადმი. ერთხელ, როცა მასთან პატრიარქიც კი განიკითხეს, განრისხებულმა განმკითხველს მიმართა:

როგორ ბედავ! შეხედე ჩემს მუხლებს! გადაყვლეფილი მაქვს  დღედაღამ მასზე ლოცვით, ამას რომ ამბობ, შენ კი გაქვს მისი  სიყვარული?! მე მაქვს უფლება, და თუ საჭიროა, მე ვეტყვი!

ერთი ერისკაცი უდიერად იხსენიებდა პატრიარქს. ეს ბუნებით ძალიან კეთილი კაცი რწმენისგან შორს იყო. ერთხელ მამა გაბრიელის კელიაში მოხვდა. შენიშნა - მაგიდის შუაგულში პატრიარქის სურათი იდო.

- აბა, ის ქრისტეს ხატი მომაწოდე, - მიმართა ბერმა სტუმარს და როცა მიაწოდა, დაამატა: - ჰოო, ძალიან კარგი, იმ მაგიდაზე დაასვენე, სადაც პატრიარქის სურათია. ქრისტეს ხატი პატრიარქის სურათის გვერდზე დაასვენებინა. ამით ყველაფერი ცხადი გახდა.

სალოსობის ჟამს

საოცარი ქადაგება იცოდა  აღმატებული, თეატრალური.

ერთხელ მამა გაბრიელი სიონის ტაძრის საკურთხეველში ლოცულობდა. მასთან მივიდა ერთი ცნობილი არქიმანდრიტი, რომელიც მონაზვნებს შორის ავტორიტეტით სარგებლობდა და მიესალმა. მამა გაბრიელი დაჟინებით დააცქერდა მას და მოულოდნელად უთხრა, - უბედურო, ახლავე დაიჩოქე და ცოდვები შეინანეო. შეურაცხყოფილმა არქიმანდრიტმა უთხრა: - რა საქმე გაქვს ჩემს ცოდვებთან? თვითონ ვიცი, როდის შევინანოო. მამა გაბრიელი მივიდა წმინდა ტრაპეზთან და დაუყვირა: "შენ გეუბნები, დაწყევლილი ხარ ღვთისაგან!" ამ საქციელმა აღაშფოთა იქ მყოფნი. რამდენიმე წლის შემდეგ ეს არქიმანდრიტი განხეთქილებაში გავიდა...

სტუმარი

სამთავროს მონასტერში მამა გაბრიელთან სტუმრად ბრძანდებოდა ფსკოვის მღვიმევის მონასტრის მოძღვარი, მამა ვასილი (შვეცი), წმინდა სერაფიმე ვირიცელის სულიერი შვილი, თვითონაც დიდი სულიერი ბერი, სიყვარულითა და თავმდაბლობით გამორჩეული. როდესაც მამა ვასილმა გაბრიელ ბერთან გადაღებულ სურათს დახედა, ღიმილით თქვა:”- მაჯობე, გაბრიელ. ამ სურათზე ისე ჩანს, თითქოს მე წმინდანი ვიყო და შენ ცოდვილიო.

შუშანიების სავანეში

წმინდა გაბრიელი რამდენიმე ხნით დარჩენილა ღირსი მამა ალექსის (შუშანია) აშენებულ სავანეში. ამას სავანის მორჩილები - ნინო და ზოია შუშანიები იგონებდნენ: - ჩვენთან სამი თვე დარჩა. აღავლენდა ლოცვებს, ნათლავდა ბავშვებს... მამა გაბრიელს ისეთი ქადაგება ჰქონდა, მკვდარს გააცოცხლებდა. მუდმივად გინდოდა, გესმინა და მის გვერდით ყოფილიყავი.

საცხოვრებლად სასიმინდე აირჩია (სამთავროში კი საქათმე!!!). არქიმანდრიტმა მელქისედეკმა (მიქავა) გააფრთხილა: - იქ მორიელები არიან, არ დაგკბინონო. მაგრამ მამა გაბრიელს \ვერაფერი ვნებდა, ანგელოზები იცავდნენ. სასიმინდე ისე მოაწყო, თვალს ვერ მოწყვეტდი. ხატებით გაამშვენა და ისეთი მადლიანი გახადა, გაგაოცებდა. იქიდან მუდმივად ამოდიოდა საკმევლის სურნელი.  წმინდა გაბრიელს შუშანიებისთვის უსწავლებია: "რაც უნდა ცუდს გიკეთებდეს კაცი, დაითმინე, ბოროტებას ნუ ჩაიდენ, ღვთის განგების იმედი არასოდეს დაკარგო და უფალი კეთილი საქმისთვის კეთილს მოგაგებს, ყოველთვის შენთან იქნება".

ყველას კი ამას ასწავლიდა: "რაც შეიძლება ბევრი სიკეთე ჰქმენით ქრისტეს წინაშე, რათა ამ ქვეყნიდან გასულნი თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ".