” ეს სიტყვა იყო ცილისწამება!!!” - დეკანოზ არჩილის ღია წერილი დავით უსუფაშვილს - კვირის პალიტრა

” ეს სიტყვა იყო ცილისწამება!!!” - დეკანოზ არჩილის ღია წერილი დავით უსუფაშვილს

”ეს სიტყვა იყო ცილისწამება ჭეშმარიტებაზე, გამოთქმული არაწმიდა კადნიერებით (არსებობს წმინდა კადნიერებაც), თქვენთვის დამახასიათებელი მენტორული ტონით”

”თურმე საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი წილხვედრილობა "ლეგენდა და სიმბოლო ყოფილა"

”დღეს ჩვენი ერიშვილები უდიდეს ზნეობრივ დაცემას არიან მიცემული, მაგრამ ისინი ჩვენ გვიყვარან.”

ჩემო კეთილო, ბ-ნო პარლამენტის თავმჯდომარევ, გავეცანი რა თქვენს გამოსვლას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე, რომელიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ეძღვნებოდა, როგორც ამ ეკლესიის მღვდელმსახურმა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ განვიზრახე თქვენთვის პასუხი მიმეგო.

აქედანვე, რომ ვთქვა საზოგადოდ, ეს სიტყვა იყო ცილისწამება ჭეშმარიტებაზე, გამოთქმული არაწმიდა კადნიერებით (არსებობს წმინდა კადნიერებაც), თქვენთვის დამახასიათებელი მენტორული ტონით, ამჯერად გამოთქმული უკვე არა პარლამენტის ტრიბუნიდან, არამედ ერთმორწმუნე მართლმადიდებელთა, სამღვდელოთა და საეროთა, კრებულის წინაშე (სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მართლმადიდებელი ღვთისმეტყველნიც ბრძანდებოდნენ). აშკარად ჩანდა, რომ ვერ მალავდით აღელვებასა და გაღიზიანებას.

სიტყვის უმთავრესი აზრი, ლაიტმოტივი კი ისაა, რომ სახელმწიფოსთვის დამახასიათებელია ზნეობრივი მინიმალიზმი, ხოლო ეკლესიისთვის ზნეობრივი მაქსიმალიზმი და თუ თითოეული გარკვეულ საზღვარს არ გასცდება, სახელდობრ: თუ "მოახერხებს სახელმწიფო და პოლიტიკური კლასი, რომ არ გასცდეს თავისი ბუნებით განსაზღვრულ ფარგლებს, არ იტვირთოს ადამიანების ღმერთთან ანუ ჭეშმარიტებასთან მიყვანის ფუნქცია და არ შეეცადოს ეკლესიისადმი ნდობის საკუთარ პოლიტიკურ რეიტინგად კონვერტაციას", ხოლო თუკი "ეკლესია და სამღვდელოება მოახრეხებს, რომ მისი მოქმედების დასაწყისი და დასასრული იყოს მხოლოდ ქრისტე და არ შეეცადოს მორწმუნეთა ნდობის საკუთარ პოლიტიკურ ძალაუფლებად კონვერტაციას" და თუკი ერიცა და ბერიც ევროპულ გზას აირჩევს მაშინ, თურმე "აღარც ღვთისმშობლის საქართველოში სტუმრობის შეგვრცხვება" (?!) - როგორც მოსწრებულად ამბობს რუსი რელიგიური ფილოსოფოსი ვსევოლოდ სოლოვიოვი, ადამიანს რომ ღორის ან ხარის თავი ჰქონოდა, ღმერთსაც ასეთად წარმოიდგენდაო. ეგეც არ იყოს თურმე საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი წილხვედრილობა "ლეგენდა და სიმბოლო ყოფილა". თუმცა ამაზე თავის ადგილას.

ციტატა

თქვენ (ქარჩხაძე-უსუფაშვილი) ამბობთ: "თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ღვთისმშობელს თავისი წილხვედრი ქვეყანა არასოდეს უნახავს, საფიქრებელია, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ჯერ-ჯერობით მხოლოდ პოტენციურადაა, გახდება თუ არა რეალურად, ეს ჩვენზე და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული". სავსებით მიამიტი მსჯელობაა. არგუნა რა უფალმა თავის ყოვლადწმიდა დედას საქართველო თავისი მადლითა და განგებულებით (განგებულება ღვთის მზრუნველობაა ადამიანის საცხოვნებლად, ამ შემთხვევაში ქართველთა ნათესავზე), ეს მან უმჯობესად განიგულა ჩვენი ერის ცხონებისათვის, რომელსაც, იმავ დროს, "ეროვნული მისიის გასაღებიც" მისცა ამ გზით, როგორც თავადაც ამბობთ.

რაც შეეხება თქვენ დარწმუნებას იმაში, რომ, თითქოს, ყოვლადწმიდას რომ მოესურვებინა ჩვენი ქვეყნის ნახვა, სადაც ნახავდა რა, "მონობის სენით შეპყრობილ კერპთაყვანისმცემლებს, რომელთაც თავისუფლება ბატონის გამოცვლა ჰგონიათ; ნახავდა (რა) მდიდარ ფარისევლებს, რომლებიც საჩვენებელ და გამოყენებით ქველმოქმედებას ეწევიან იმ დროს, როდესაც მათ გვერდით ნამდვილი ადამიანები ნამდვილი სიკვდილით იხოცებიან; ნახავდა (რა) ცრუ ადამიანებს, რომლებიც რელიგიურობას თამაშობენ და რწმენაც აღებ-მიცემობის საგნად უქცევიათ. წმინდა ღვთისმშობელი ასეთ ქვეყანაზე, უარს იტყოდა. ლეგენდაც დამთავრდება და სიმბოლოც წაიშლება". პირველ ყოვლისა, ეს არც ლეგენდაა და არც სიმბოლო (ღვთისმშობლის წილხვედრილობა), არამედ საეკლესიო გარდამოცემა, რაც ისეთივე ავტორიტეტია ეკლესიაში როგორც "საღვთო წერილი" და "სჯულის კანონი".

მეტსაც გეტყვით: ზემოჩამოთვლილ ცოდვილთა გვერდით ყოვლადწმიდა ქალწული და მისგან ხორცშესხმული ქრისტე იესუ ხედვენ ასევე: უკიდურესად ზნედაცემულ ქართველობას: სიძვა-მრუშებით, სოდომით (რომელიც თქვენ ახლახანს დააკანონეთ), ანგარებით, განცხრომისადმი მიდრეკილებით, სარწმუნოების ღალატით, სამშობლოს გაყიდვით (არა მხოლოდ მის მიწებს ვგულისხმობ), გაუთავებელი და საყოველთაო ღრეობით, მემთვრალეობით, ნარკომანობით, აზარტომანიით და სხვ. ნახავდა ხელისუფლებაში მოსულ და დანიშნულ ადამიანებს (უწინ ჩრდილოეთიდან, აწ დასავლეთიდან), რომელთა საგრძნობი ნაწილი არის ყოვლადუღირსი, უზნეო, გახრწნილი, გარეწარი, მამონას მონა, თქვენივე შეფასება რომ ვიხმარო "უსულო (უღირებულებო, უადამიანო) კანონების" შემომღებელნი, მტერ-მოძულე საკუთარი ერიშვილებისა და სხვ. და მიუხედავად ამისა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი არასოდეს იტყვის უარს ღვთის განგებულებით მისდამი წილხვდომილ საქართველოსა და ქართველ ერზე. ელემენტარულადაც რომ იცნობდეს კაცი ქრისტიანულ სწავლებას, არათუ არ იტყვის, თავში აზრადაც არ მოუვა მსგავსი მკრეხელობა.

ერთხელ ლოცვის ჟამს, ერთი წმინდა მამა გამოცხადებამ მოიცვა, ანგელოზმა აიტაცა ზეცად. სასუფევლის ყველა სანახი მიმოატარა რა, წმინდა მამამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ვერსად ნახა. დიდად განცვიფრდა და ანგელოზს დაეკითხა: იქ, დედამიწაზე, ჩვენ ღვთისმშობელს ყველაზე მეტ პატივს მივაგებთ ყოვლადწმიდა სამების შემდეგ და ნუთუ იგი სასუფეველში არაა? ანგელოსმა უპასუხა: იგი ყველაზე ახლოსაა ღმერთთან და მას განსაკუთრებული, უმწვერვალესი, სავანე აქვს ღვთის ნებითა და მადლით სასუფეველში, მაგრამ ყველა წმინდანდზე უფრო ხშირად ტოვებს ამ სიტკბოებას და ცოდვილ დედამიწაზე ჩამოდის განსაცდელსა და გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად".

და რა იქნება საკვირველი იმაში, ჩემო კეთილო, რომ თავისი წილხვედრი საქართველოც ენახა და არა უბრალოდ მოენახულებინა, არამედ მრავალგზის ეხსნა განსაცდელთაგან, რასაც მთელი ჩვენი ისტორია და საღვთო გამოცხადებებიც ამოწმებს.

თუ მაინცდამაინც მისგან ჩვენი ქვეყნის უნახველობა გაფიქრებთ მისი მიწიერი ცხოვრების ჟამს, მას ამ თვალსაზრისით არც კიევ-პეჩორა უნახავს და არც ღვთისმშობლის გამოცხადების საფუძველზე, წმინდა სერაფიმ საროველის მიერ დაარსებული დივეევოს სავანე. თუმცა მართლმადიდებლური სამყარო ყოვლადწმიდა ქალწულის ოთხ წილხვდომილს იცნობს: იბერიას (აწინდელ საქართველოს), ათონს, კიევ-პეჩორასა და დივეევოს.

... თუმცა ეს ყველაფერი ნაწინასწარმეტყველები იყო: ლაზარე საქართველო უნდა მომკვდარიყო, სიმყრალის სუნი დასდებოდა და მერმე ოთხდღემკვდარყოფილი უნდა აღსდგეს.

საქართველო, შეიძლება ითქვას, მოკვდა, საქართველო ყარს, მაგრამ საქართველო აღსდგება მკვდრეთით…

დღეს ჩვენი ერიშვილები უდიდეს ზნეობრივ დაცემას არიან მიცემული, მაგრამ ისინი ჩვენ გვიყვარან.

უფალი გვასწავლის ცოდვა გვძულდეს, ხოლო ცოდვილი ადამიანი გვიყვარდეს

სინამდვილეში ერთი მტერი გვყავს - ცოდვა!

ისეთი დიდი ვნება, რაც უკანასკნელმა ოცდაორმა წელიწადმა მოუტანა საქართველოს, სწორედ ჩრდილოეთისა და დასავლეთის გამოისობით, ვნება პირველ ყოვლისა - ზნეობრივი, მისთვის არც არაბობას მოუტანია, ვფიქრობ, არც მონღოლობას, არც დიდთურქობას, და არც თავად ბოლშევიზმს.

იხ. ვრცლად ”კარიბჭეზე”