როგორ განკურნა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედმა ხატმა პატარა ანა (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

როგორ განკურნა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედმა ხატმა პატარა ანა (ექსკლუზივი)

"ბავშვი, რომელიც წინა დღეს კიბეზე ვერ ადიოდა, ტაძარში ერთსაათიან პარაკლისს მუხლდაჩოქილი უსმენდა, მერე წამოდგა და კვლავ ჩვეულებრივ გაიარა."

"ბოლოს შევეხვეწე: დედა ღვთისმშობელო, გთხოვ, დაიცავი ჩემი ოჯახი ყოველი განსაცდელისაგან და ავადმყოფობისაგან-მეთქი."

თვეზე მეტია, საქართველოში წმინდა სერაფიმე საროველის სამშობლოდან - კურსკის ოლქის ჟელეზნოგორსკის ეპარქიიდან ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის "მოალერსეს" მირონმდინარე და სასწაულმოქმედი ასლი მოგზაურობს, რომელიც ყაზბეგის გავლით სამშობლოსკენ უკვე წააბრძანეს. ამის თაობაზე "კვირის პალიტრა" უკვე წერდა. რამდენიმე დღის წინ ხატის მცველი, ეპისკოპოსის თანაშემწე იური (გიორგი) შიშკოვი დამიკავშირდა და ერთი ქალბატონის ნომერი ჩამაწერინა, იქნებ დაუკავშირდეთ, მგონი, ხატთან ლოცვის შემდეგ მისი ოჯახის წევრი განიკურნაო. მეც დავრეკე იმ ნომერზე და გაირკვა, რომ ის გორში მცხოვრებ ქალბატონ ბელას ეკუთვნოდა, სასწაული კი მის შვილიშვილს - 9 წლის ანას შეემთხვა. ეს ამბავი დაწვრილებით პატარა ანას დედამ, ნატალია წიწიკაშვილმა მომითხრო:

- სიმღერის გაკვეთილიდან შინ ვბრუნდებოდით, რომ უცებ ჩემი 9 წლის გოგონა მოწყდა და ჩაიკეცა. ვეღარც დადიოდა და გულიც მისდიოდა. მაშინვე სასწრაფო გამოვიძახეთ და გორის საავადმყოფოში წაგვიყვანეს. ბავშვი ფეხს ვერ ადგამდა, ვერ დადიოდა. ექიმებმა იქვე რაღაც მედიკამენტები - მილდრონატი და სხვა აბები დაალევინეს და ანამაც გაჭირვებით გაიარა. თუმცა ფეხებიც სტკიოდა და ძალიან წუხდა. ერთი კვირის განმავლობაში გამოკვლევაც ჩავუტარეთ, ვმკურნალობდით გორში, მაგრამ - უშედეგოდ.

მირონმდინარე ხატი

როცა დიდი განსაცდელი გვაქვს, 12 სახარების სანთელს ვანთებ ხოლმე, ახლაც დავანთე, ყველანი ვლოცულობდით ოჯახში, ბავშვი ზედიზედ რამდენჯერმე ვაზიარეთ და 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას ნევროპათოლოგთანაც მივიყვანე. ნევროპათოლოგმა რომ გასინჯა, ბავშვს მუხლებში რეფლექსი არ ჰქონდა. გვითხრა, რაღაც ნეიროვირუსია და სასწრაფოდ თბილისში წაიყვანეთ, რადგან იქ აქვთ ინიექცია, ბავშვს ამ მდგომარეობიდან რომ გამოიყვანსო. იმავე საღამოს წამოვედით თბილისში და იაშვილის კლინიკაში, ნევროლოგიის განყოფილებაში დაგვაწვინეს. შაბათ-კვირას ბავშვს ორი შეტევა ჰქონდა და მორიგე ექიმები მუდმივად აკვირდებოდნენ, ხელებზეც ხომ არ გადავიდა პროცესიო. გამოკვლევა ორშაბათს უნდა ჩაეტარებინათ. სასწაულმოქმედი ხატი "მოალერსე" კი გორში 20 დეკემბერს ჩამოუბრძანებიათ და საკათედრო ტაძარში დაუბრძანებიათ, მაგრამ ჩვენ უკვე თბილისის საავადმყოფოში ვიყავით და მას ვერ შევხვდით. ჩემმა მეუღლემ რუსეთიდან ჩამობრძანებული ხატის პატარა ჩარჩოიანი ასლი, სადაც ღვთისმშობლის ორივე გამოსახულებაა, ბავშვს უყიდა და ჩამოუტანა. ასევე, ჩამოუტანა ლურჯი თავსაფარიც ღვთისმშობლის ხატის გამოსახულებით. ბავშვმა იმ წამს დაიფარა თავსაფარი, ხატიც გულში ჩაიხუტა და ილოცა.

სურათიც კი მაქვს საავადმყოფოში გადაღებული. მეც და ბავშვიც სულ ვლოცულობდით. ორშაბათი რომ გათენდა, გამოკვლევაც ჩაუტარეს და, შეგიძლიათ შინ დაბრუნდეთ, ბავშვს არაფერი სჭირსო, - ისე გამოგვწერეს, ბავშვს არავითარი მკურნალობა არ ჩასტარებია. გორში დაბრუნებულებმა ბარგი დავაწყვეთ და მაშინვე რუსეთიდან ჩამობრძანებული ხატის მოსალოცად წავედით. ხატი უკვე გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ტაძარში დაებრძანებიათ. ანამ თავისი ხატიც წამოიღო ეკლესიაში. შევედით თუ არა, ბავშვი წინ წავიდა, რატომღაც შემოუარა ხატს, მეორე, ხელთუქმნელ ასლს შეახო თავისი ხატი, იქვე დაიჩოქა და ილოცა. სწორედ მაშინ გადმოვიდა ჩვენს ხატზე მირონი, ოღონდ ხელთუქმნელი ხატის მხარეს.  მერე მომიყვა, ასე და ასე ვთხოვე ხატსო, ოღონდ როცა ხმამაღლა გავიმეორე მისი ნათქვამი, მაშინვე შემისწორა, - ეგრე კი არა, ასე ვთქვიო. გასაოცარი იყო, ბავშვი, რომელიც წინა დღეს კიბეზე ვერ ადიოდა, ტაძარში ერთსაათიან პარაკლისს მუხლდაჩოქილი უსმენდა, მერე წამოდგა და კვლავ ჩვეულებრივ გაიარა. ხელთუქმნელ მხარეს ჩვენს ხატს მირონი დღესაც სდის და თანაც, ძალიან უცნაურად - თითქოს ჩარჩოდან გადმოდის და ისე ინამება. ახლახან მეორე მხარესაც შევნიშნე ერთი-ორი წვეთი. ანამ რომ გაიგო, რუსეთიდან ჩამობრძანებული ხატი თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებულიო, შეგვეხვეწა, ვიდრე რუსეთში წააბრძანებენ, კიდევ ერთხელ მინდა მივეახლოო. ბებიამ ჩამოიყვანა თბილისში...

ტელეფონით ანასაც გავესუბრე.

- ანა, გამარჯობა. დედას რომ არ შეეშალოს, თუ წინააღმდეგი არ ხარ, მოდი, შენ მითხარი, მაინც რა და როგორ შესთხოვე ტაძარში დაბრძანებულ მირონმდინარე ღვთისმშობელს, მაშინვე რომ აგისრულა?

- ჩემი ხატი სასწაულმოქმედ ხატზე მქონდა მიდებული და მუხლდაჩოქილმა მთელი პარაკლისი მოვისმინე. ბოლოს შევეხვეწე: დედა ღვთისმშობელო, გთხოვ, დაიცავი ჩემი ოჯახი ყოველი განსაცდელისაგან და ავადმყოფობისაგან-მეთქი.

- არ თხოვე, მალე გამომაჯანმრთელე-თქო?

- არა, ეგეთი რამ არ მითქვამს... ოჯახზე ვთხოვე...

ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატმა - "მოალერსემ" ლამის მთელ საქათველოში იმოგზაურა და გამორიცხული არ არის, სხვა სასწაულებიც მოახდინა. თუკი საქართველოში მომხდარ ამ ხატთან დაკავშირებულ სასწაულზე ვინმესგან შეიტყობთ, მადლობელი დაგრჩებით, თუ შეგვატყობინებთ, რადგან ეს აუცილებლად უნდა ვამცნოთ ხატის მცველ იური (გიორგი) შიშკოვს.

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხ. ასევე