"11 წლის გოგონამ, რომელიც შვიდი თვე კომაში იყო, მირონის მესამედ ცხების შემდეგ, თვალი გაახილა" - მირონმდინარე 39 ხატი ერთ ოჯახში - კვირის პალიტრა

"11 წლის გოგონამ, რომელიც შვიდი თვე კომაში იყო, მირონის მესამედ ცხების შემდეგ, თვალი გაახილა" - მირონმდინარე 39 ხატი ერთ ოჯახში

"სურნელოვანმა მირონმა არაერთი ადამიანი განკურნა, მათ შორის ეტლით მოსარგებლეები, სმენადაქვეითებულები და უშვილოები"

რუსთავი, მეცხრამეტე მიკრორაიონი, მეცხრე სადარბაზო, პირველი სართული, - ეს იმ ოჯახის მისამართია, სადაც ხატებს შარშან დეკემბრიდან მირონი სდის. როგორც ოჯახის დიასახლისი, მარინე კაკოშვილი გვიყვება, სურნელოვანმა მირონმა არაერთი ადამიანი განკურნა, მათ შორის ეტლით მოსარგებლეებიც, სმენადაქვეითებულები და უშვილოები...

ოჯახი 22 წელია, რაც რუსთავში ცხოვრობს. ოთხი შვილი ჰყავთ, - სამი ვაჟი და ერთი გოგონა. 13 წელიწადია, რაც ეკლესიურად ცხოვრობენ. "სულ გვქონდა შინ არაერთი ხატი, მაგრამ ასეთი რამ არასდროს მომხდარა. შარშან, 22 დეკემბერს პირველად ჩემმა რძალმა შეამჩნია, რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატს მირონი გადმოედინა. დედა მორწმუნე მყავს, მაშინვე დავურეკე და ვკითხე, როგორ მოვქცეულიყავი... მოძღვარმაც ნახა ხატი და გვითხრა, რომ ეს მართლაც მირონი იყო. მერე, როცა უკვე ოთხი-ხუთი ხატიდან, ეტაპობრივად წამოვიდა მირონი, მეუფესთან წავედი და ხატებიც თან წავიღე. კურთხევა მომცა - მომლოცველებს ეცხოთ, ჩავარდნილებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კი გამეცა", - აღნიშნავს ქალბატონი მარინე და გვეუბნება, რომ ახლა უკვე 39 ხატი და ერთი ქვაა (წმინდა ბარბარეს გამოსახულებით) მირონმდინარე. მირონი რკინის ჩარშოში მოთავსებულ ხატსაც წამოუვიდა.

"ვცდილობ, ყველა გაჭირვებულს დავეხმარო, სადაც შემიძლია თავად მიმაქვს მირონი, 12 ქვეყანაში გავგზავნე", - ამბობს ოჯახის დიასახლისი, რომლის უფროსი ვაჟი მორჩილებაშია და ბერობისთვის ემზადება. "თავიდან გამიჭირდა, როცა ჩემი შვილი, გიორგი, მონასტერში წავიდა - მალე ბერად უნდა აღიკვეცოს, სამი წელია, მორჩილებაშია. მეუფემ მითხრა, ეს ყველაფრი გიორგის მადლით მოხდა თქვენს ოჯახშიო. ხატი, რომელსაც პირველად მირონი ედინა, მეტროში "ციგნის" ბავშვისგან ვიყიდე. ჩვენი მირონმდინარე ხატებიდან უმეტესად ღვთისმშობლისაა.

- ალბათ ბევრი ხალხი გსტუმრობთ.

- ლეიკემიით დაავადებული 100-ზე მეტი ბავშვი მოიყვანეს. ძალიან ბევრი განიკურნა; 11 წლის ხაშურელმა გოგონამ, რომელიც შვიდი თვე კომაში იყო, მესამედ მირონის ცხების შემდეგ, თვალები გაახილა. ამის გარდა 10 ადამიანი გამოვიდა კომიდან, ორმა სმენის აპარატი მოიხსნა. უშვილო ოჯახები მოდიან, 22 ორსული გვყავს უკვე და აქედან ორი ტყუპს ელოდება, 15, 9, 7 წლის უშვილოები გვსტუმრობენ. სამი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დადგა ფეხზე... ერთი გოგო მოიყვანეს - დღესასწაულებზე კანი უღრმავდება და ზედ ხატები ესახება... ისეთი ხალხი გვაკითხავს, უკვე არაფერი მიკვირს. მომლოცველები თავიანთ ხატებსაც მოაბრძანებენ და ტოვებენ ხოლმე. რამდენიმე მათგანს მირონიც გადმოუვიდა.

- როგორ?

- ერთ-ერთი ჩემი მეზობლის ხატი გახლდათ ჩვენთან ჩამოაბრძანებული, იმ ქალბატონს თავისი გარდაცვლილი (ავტოავარიაში დაეღუპა) ქალიშვილი დაესიზმრა, თუ გამოეცხადა და ამცნო, - ნუ გეშინია, დედა, ჩვენთან სასწაული მოხდებაო. მეორე დილით ვნახე, მის ორივე ხატს მირონი სდიოდა... მერე ის ხატი მოძღვარმა წააბრძანა და შვილმკვდარი დედებისთვის პარაკლისი აღავლინა.

- ეს ხატები სად და როდის გაქვთ შეძენილი?

- თითოეული სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას არის შეძენილი, უმეტესობა რეპროდუქციაა.

- ყველა ნაკურთხია?

- რა თქმა უნდა, ნაკურთხია.

- სასულიერო პირები როგორ სხნიან თქვენს ოჯახში მოვლენილ სასწაულს?

- ყველაფერი ადამიანების რწმენაში გასაძლიერებლად ხდება და ვინც რწმენაშია, მათ მეტად გასამყარებლადო. მოკლედ, დიდი მადლია და ღმერთი ამით გვამცნობს, რომ ჩვენ გვერდით არის.

- უფროსი შვილის არჩევანს, სასულიერო გზას გაჰყოლოდა, როგორ შეხვდით?

- რომ დამეშალა, რა აზრი ჰქონდა? თუკი ერში ვერ გაჩერდებოდა და მაინც წავიდოდა, ამიტომ გავუგეთ მეც და მამამისმაც და ისიც იქ დარჩა...

სიმართლე რომ ვთქვა, არ მინდოდა, მისი ბერობა, მაგრამ მაინც გავუშვი - ვიფიქრე, ვერ გაძლებს და მობრუნდება-მეთქი, მაგრამ შევცდი...

მან ჩვენთან მომხდარი ამ სასწაულის შესხებ გვიან შეიტყო - ტელეფონით კონტაქტი არ გვაქვს და მთელი რვა თვის უნახავი მყავდა. მერე სანამ კურთხევა არ აიღო, მანამდე არ მიჰკარებია მირონს, შორიდან უყურებდა. გვეუბნებოდა, თქვენ ვერ აღიქვამთ, ეს რა არის, მისი არც კი გეშინიათ, ხელს ისე ჰკიდებთ. ამას დიდი მოფრთხილება უნდაო. მეც ვცდილობ, მოვუფრთხილდე - თუ მოძღვრები არ არიან ჩვენთან, ისე არ ვიცხებ ხოლმე.

- ე.ი. უამრავი ხალხი გსტუმრობთ, ხომ?

- კი, ხატები თასებშია ჩაბრძანებული, წვეთას რომ დაიწყებს, მირონი არ დაიკარგოს. ხატებთან მომლოცველები დაუჯდომლებს, სავედრებლებს აღავლენენ. მოდიან მოძღვრები და პარაკლისებს ატარებენ, - იყვნენ სამებიდან, ღვთაების მონასტრიდან, ძამას ხეობიდან, ფშავ-ხევსურეთიდან... მთელი დღის განმავლობაში აქ სულ რაღაც ხდება. რუსთავში ყველამ იცის ჩვენი მისამართი და ვისაც რა დროს უნდა, იმ დროს მოდის, დღეც და ღამეც. ზაფხულში ღამის 2-3 საათზეც მოსულან.

ხატი გვყავს კიდევ ყაზანის ღვთისმშობლის, რომელიც თვალებს ხუჭავს, ახელს და იღიმება. ეს ერთ-ერთმა მომლოცველმა შეამჩნია, მაგრამ ზოგი ხედავს და ზოგი ვერა. მეც გამიჭირდა ამის დანახვა.

- გამოდის, ახლა სულ ამ ამბით ხართ მოცულები.

- კი, არც ტელევიზორს ვუყურებ და არც კომპიუტერს ვეკარები, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევ. ტელევიზიით იმდენ ცუდ ინფორმაციას ვიგებ, რომ მაგას როგორ მივუჯდები?!

ლალი ფაცია