"პატივს-ვსცემდეთ წმიდასა გიორგის" - გილოცავთ გიორგობას! - კვირის პალიტრა

"პატივს-ვსცემდეთ წმიდასა გიორგის" - გილოცავთ გიორგობას!

23 ნოემბერი წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეა

ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს და კიდევ ერთხელ შევთხოვთ დიდმოწამეს, არ მიგვატოვოს და ისე, როგორც დიდგორის ბრძოლის დროს, კვლავაც შემუსროს ჩვენი სამშობლოს მტერი. გვსურს, შემოგთავაზოთ წმინდა გიორგის სასწაულების ამსახველი ორი ქართული ამბავი.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) იგონებს: "60-იან წლებში სოფელ ილორში წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახლდით. აქ შევიცანი, უფრო სწორად, შევიგრძენი წმინდა გიორგი, როგორც ჩემი ზეციური მფარველი.

ტაძარში შემორჩა სამი ხატი წმინდა დიდმოწამისა და ძლევაშემოსილის გიორგისა. ორი მათგანის წარწერა მოწმობს, რომ ისინი ლევანს ილორისთვის აფხაზეთის სამთავროში ლაშქრობის შემდეგ შეუწირავს. წმინდა გიორგის მესამე ხატი დაზიანებულია; ამ ხატებს უკავშირდება სასწაული, რომელსაც დღესაც იგონებენ ილორის მკვიდრნი.

ერთხელ ილორის ტაძრის საყარაულოში ბუხართან ვისხედით და შეშის ტკაცუნს ვუსმენდით. სიჩუმე დარაჯმა, ჯუღამ, დაარღვია: "მე მახსოვს სასწაული, რომელიც წმინდა გიორგიმ აღასრულა. მთელი სოფელი იყო მოწმე ამ საკვირველი მოვლენისა. რევოლუციის შემდეგ რამდენჯერმე სცადეს ილორის გაძარცვა. გადავწყვიტეთ, მორიგეობით გვედარაჯა ტაძრისთვის. ყოველღამე რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი რჩებოდა ტაძრის ეზოში. შებინდებისთანავე ეკლესიის რკინის კარები ურდულებით იკეტებოდა და ზედ საგანგებოდ ილორის ტაძრისთვის დამზადებული უზარმაზარი კლიტეები ედებოდა - მასზე სხვა გასაღების მორგება თითქმის შეუძლებელი იყო.

ერთხელ რამდენიმე უცნობი მოვიდა, ორი ციკანი მოიყვანეს - ხვალ გვინდა მსხვერპლად შევწიროთ, ამაღამ კი ტაძრის ეზოში დავრჩებითო. სტუმრებად მივიღეთ, ბუხართანაც გავათბეთ, დასაძინებელი ადგილიც მივუჩინეთ. ავაზაკები გამოდგნენ. ტაძარი რომ დაიკეტა, მოიმარჯვეს იარაღი, დარაჯებს დაწოლა უბრძანეს და ტაძრიდან წმინდა გიორგის ორი ხატი გაიტანეს, მერე ყარაულები ტაძარში ჩაკეტეს და გაიქცნენ.

ამ დროს ერთი ილორელი შეუმჩნევლად სამრეკლოში დამალულიყო და ყაჩაღების წასვლისთანავე ზარების რეკვა ატეხა. მოცვივდა ხალხი, შეიტყვეს მომხდარი, დაიწყეს თათბირი, როგორ გაჰყოლოდნენ ქურდების კვალს. თქვეს:

შარაგზით არ წავლენ, ბილიკს გაჰყვებიან, ალბათ, უფრო ტყეში დაიმალებიან შუაღამემდე, რომ მერე სიბნელეში დაუსხლტნენ მდევარს. რამდენიმე ჯგუფად დავიყოთ და ყველა მხარეს მათ ძებნას შევუდგეთო. გვწამდა, რომ წმინდა გიორგი შეგვეწეოდა. ტყეში შევედით. ნახევარი ვერსის მერე ჩვენკენ მომავალი რამდენიმე ადამიანი შევნიშნეთ - გუშინდელი სტუმრები აღმოჩნდნენ. როცა მოგვიახლოვდნენ, ვუბრძანეთ, ფეხი არ მოეცვალათ. ტევრს შეეფარნენ. მალე მიწაზე დადებული წმინდა გიორგის ხატი დავინახეთ, მაგრამ მეორე არ ჩანდა. სროლა ავტეხეთ. ამ ტყეს ავაზაკებზე უკეთ ვიცნობდით და ვეღარ გაგვექცეოდნენ. ნამდვილი ბრძოლა ატყდა. რამდენიმე ბანდიტი მოვკალით, ერთი შევიპყარით.

შორიახლოს წმინდა გიორგის მეორე, ვერცხლის ხატი ესვენა. ხატზე ვერცხლის ფირფიტის ნაწილი აეცალათ, დარჩენილ ნაწილს კი დარტყმის კვალი ეტყობოდა. დაჭრილმა გვითხრა, რომ ბანდიტებს სიბნელეში გზა აერიათ და მთებში წასვლის ნაცვლად ილორისკენ დაბრუნდნენ. ვკითხეთ, ხატს ასე რატომ მოექცნენ. "იმიტომ, რომ წმინდა გიორგიმ გზა აგვირია. როცა გავრბოდით, ვეხვეწებოდით - წმინდა გიორგი, შეგვეწიეო, მან კი თქვენ გამოგგზავნათ.

ალყაში მოქცეულებს მასზე შურისძიება გვინდოდა და ხატის მტვრევა დავიწყეთ. ვერ შევძელით. როგორც კი სროლა ატყდა, პირველი ტყვიით ის მოკვდა, ვინც პირველმა დაარტყა ხატსო".

კარგად მახსოვს, როგორ მოაბრძანეს ხატები ილორში. ტაძრის გზაზე ხალხი

მუხლებზე იდგა და მადლობას შესწირავდა ძლევამოსილ გიორგის, რომელმაც თავისი ხატები ილორის ტაძარს დაუბრუნა."

ეს ამბავი კი დაახლოებით წმინდა თამარის მეფობისას მოხდა. თბილისის ქვემოთ, სომხითში, აჭარიდან სამუშაოდ ერთი კალატოზი ჩამოსულა. სახელად ბასილი რქმევია. ოსტატიც კარგი ყოფილა და ამიტომ ტაძრის აშენება დაუვალებიათ. ამ დროს გამოეცხადა მას წმინდა მთავარმოწამე გიორგი და უთხრა: ნუ ხარ აქ, წადი შინ და მარტომ ამიშენე ტაძარი. თუ ვინმეს დაიხმარ, მთელ სახლეულს აგიოხრებო. განცვიფრებულ ბოლოკ-ბასილს (ასე უწოდებდნენ მას ახლობლები) მიუმართავს: ჰოი, წმიდაო მთავარმოწამევ, რა ვქნა მე უბადრუკმა. მარტოკაცი ტაძარს როგორ ავაშენებო! წმინდა გიორგი განრისხებულა:

ისმინე ჩემი, წადი კლარჯეთის უდაბნოში. იქ სნეული მოხუცი მონაზონია, სახელად სტეფანე და ჩემი სახელით კურნება აღუთქვი. სთხოვე ჯორი და რკინა, გამოკვერე რკინით ქვის სათლელი იარაღი და დაიწყე ეკლესიის შენება. ქვას შენი უღელი ხარით მოიტან, ქვიშას - სტეფანეს ჯორითო. მობრუნდა ბასილი შინ, უამბო ყველაფერი ახლობლებს. მალე ბოლოკ-ბასილმა ოპიზის მონასტერში მამა სტეფანე მოინახულა და გადასცა წმინდა გიორგის დანაბარები. ბერმა ჯორი და რკინა მისცა და, მთავარმოწამის სიტყვისამებრ, მყის განიკურნა. მოიწია შინ ბასილი და შეუდგა მუშაობას. საძირკვლის გათხრა დაიწყო წმინდანის მითითებულ ადგილას.

აქ მიწა ნესტიანი და რბილი იყო, ამიტომ ბასილმა ტაძრის სიმაღლის საძირკველი გათხარა და დაიწყო ამოშენება. სატაძრე ქვასაც წმინდა გიორგის მინიშნებით ტეხდა. წმინდანს გაუფრთხილებია ბასილი: თუ საჭირო ქვას მოტეხ, იმ ადგილზე ერთი ჩიტი დაჯდება ხოლმე, თუ არადა - ამაოდ გიწვალიაო. მართლაც, ის ჩიტი თან დასდევდა ბასილს და ეკლესიის აშენების შემდეგაც მრავალი წელი არ მოსცილებია ტაძარს.

წმინდა გიორგი ცხადად შეეწეოდა ბასილს. უზარმაზარ ლოდებს, რომელთაც მთელი სოფელი ძვრას ვერ უზამდა, ბასილი თავისუფლად იღებდა. ხალხი წმინდანს ვერ ხედავდა. წმინდა გიორგი არც დუღაბის ჩასხმას აკარებდა ვინმეს. ვისაც ბასილის შეწევნის სურვილი გაუჩნდებოდა, ზოგს ძილში ეცხადებოდა, ზოგს ცხადად და მკაცრად აფრთხილებდა. ერთხელ ბასილმა ქვის დაწყობაში შვილი, იოანე, დაიხმარა, მაგრამ ქვა მოწყდა და ბასილს დაეცა. ოსტატი დიდხანს იყო გონდაკარგული. ამის შემდეგ მისთვის ხელის შეშველება ვეღარავინ გაბედა.

იმ დროს იმ მხარეში შიმშილობა მძვინვარებდა, პური ძვირად ფასობდა. წმინდა გიორგი მოუტანდა ხოლმე თავის მონას ხან ყურძენს, ხან ჟოლოს და მოუძლურებულ ბასილს ამ სასწაულით გაამხნევებდა. "ბაჩილო!" - დაუძახებდა ბავშვივით ენამოჩლექით, რადგან ბასილიც მცირედ ენაბრგვილი იყო და რაიმეს აჩუქებდა. ერთხელ, როცა ხორცი შემოაკლდა, ირემიც კი მიუყვანა.

წმინდა გიორგის შეწევნით ასე აშენდა ტაძარი ერთი კაცის ხელით. ამით განსრულდა წმინდა გიორგის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უცნაური სასწაული, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება ეკლესიის ისტორიაში.