"არ ვაპირებ ღვთისმსახურების შეჩერებას, ვიდრე საეკლესიო სასამართლო არ გამოიტანს განჩინებას" - კვირის პალიტრა

"არ ვაპირებ ღვთისმსახურების შეჩერებას, ვიდრე საეკლესიო სასამართლო არ გამოიტანს განჩინებას"

"მე დედა ეკლესიას ვემსახურები და არა საპატრიარქოს!"

წმინდა სინოდის განჩინებით, მღვდელ-მონაზონ ილია ვაშაკიძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა. განჩინების ტექსტი, საპატრიარქოში წმინდა სინოდის მდივანმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ გაახმაურა. წმინდა სინოდის განჩინების მიხედვით, წმინდა სინოდმა იმსჯელა მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძის შესახებ, რომელიც მუდმივად ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებზე. განჩინების მიხედვით, მღვდელმონაზონი ილია საქართველოს საპატრიარქოში იყო დაბარებული, მაგრამ არ გამოცხადდა. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, კონსტანტინეპოლის მეორე კრების 26-ე და კართაგენის კრების მე-19-ე კანონების საფუძველზე, მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძეს აეკრძალა მღვდელმოქმედება. მიტროპოლიტმა ანდრიამ განაცხადა, რომ მღვდელმონაზონ ილიას განცხადებები ძირითადად სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა. როგორც მისთვის არის ცნობილი მღვდელმონაზონი ავად არის და სახლში იმყოფება. ჩვენ დავუკავშირდით მღვდელ-მონაზონ ილია ვაშაკიძეს:

- სინოდის კრებაზე მე არავის დავუბარებივარ, არც წერილობით, არც ტელეფონზე დაურეკავს ვინმეს და არც სიტყვიერად მოუმართავთ. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ წმინდა სინოდი ცრუობს.

- ოქმში ერთ-ერთ ბრალდებად მოყვანილია, რომ თქვენ აკეთებთ ცილისმწამებლურ განცხადებებს..

- მაშინ მათ შეუძლიათ სარჩელი შეიტანონ ჩემს წინააღმდეგ, როგორც ცილისმწამებელზე, მაგრამ მათ საეკლესიო სასამართლო არ გააჩნიათ. ამ შემთხვევაში ჩემი დაბარებისა და იქ ყოფნის გარეშე, წმიდნა სინოდს არ აქვს უფლება შემიჩეროს მღვდელმსახურება. ასე რომ, მე მღვდელმსახურებას არ ვაჩერებ! ამ საკითხზე არცერთ იერარქთან არ მქონია საუბარი, არავის უთქვამს, რომ დაბარებული ვიყავი წმინდა სინოდის კრებაზე. მათ დაარღვიეს დიდი სჯულის კანონი.

- როგორ მივიდა აქამდე ვითარება?

- მე ნამხილები უნდა ვიყო ერესში, რითიც შეიძება მღვდელმსახურება შემიჩერონ. ეს უნდა გაარკვიოს საეკლესიო სასამართლომ, რომელიც არ გააჩნია საპატრიარქოს. წმინდა სინოდში არის საეჭვო რეპუტაციის ხალხი, რომელთა ეპისკოპოსობა არ ეგების და მე ამაზე გავაკეთე არგუმენტირებული განცხადებები, რისთვისაც საჭიროა ლუსტრაცია.

- რაც შეეხება განცხადებებს?

- ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილის ბიოგრაფიდან 10 წელიწადი საზოგადოებისთვის უცნობია, რაც ეწინააღმდეგება მოციქულთა კანონებს. კიდევ ჩემი განცხადება შეეხებოდა იმას, რომ მეუფე სპირიდონმა იქადაგა ერესი, რაც მე დოკუმენატალურად მაქვს დადასტურებული, მისი ტქმით, თურმე დედა ღვთისმშობლის სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ეს არის სწორედ ერესი.

- თუ თქვენი განცხადებები უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, ამდენი ხნის მანძილზე არავის ჰქონია პროტესტი ან მსგავსი რეაქცია?

- არავინ არ მოსულა ჩემთან და არაფერი უთქვამთ. ამათ თვითო არ იციან რა უნდათ! როცა ეპისკოპოსი ქადაგებს ღვთისმშობლის სისხლსა და ხორცს ვეზიარებითო და ამაზე მთელი სინოდი დუმს და ხმას არ იღებს, რა გამოდის? მე დედა ეკლესიას ვემსახურები და არა საპატრიარქოს!

- რას აპირებთ?

- იქედან გამომდინარე, რომ მე ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა და სულ ცოტა ხნის წინ გავიგე, არ ვაპირებ ღვთისმსახურების შეჩერებას, ვიდრე საეკლესიო სასამართლო არ გამოიტანს განჩინებას.

მე ყველა ჩემს "ფეისბუქსტატუსზე" ღვთისა და ერის წინაშე პასუხს ვაგებ. დავუკავშირდები ქორეპისკოპოსებს და აუცილებლად გავარკვევ ყველაფერს. ასევე ვაცხადებ, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, ქორეპისკოპოსი იაკობი, ნებსით თუ უნებლიედ მძიმე დანაშუალის ჩამდენია. მისი ეპისკოპოსობა, დიდი სჯულის კანონით, არ ეგების. მას შეუძლია შეიტანოს ჩემს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში და მე შემდეგ ადვოკატთან ერთად მივხედავ ამ საკითხს.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთის)