ქრისტეშობას გილოცავთ! - კვირის პალიტრა

ქრისტეშობას გილოცავთ!

"შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა!"

სამყაროს მეუფე არ დაბადებულა დიდებულ სასახლეში, ოქროთი და ფარჩა-ატლასით მოფარდაგებულ პალატასა თუ საწოლში. არც მერე უვლია მცველებითა და დიდებით გარშემორტყმულს. მეუფე იყო, მაგრამ ოქროს გვირგვინის ნაცვლად ეკლის გვირგვინმა დაუმშვენა შუბლი. მბრძანებელი იყო, მაგრამ თავმდაბლობისა და მორჩილების მაგალითს უჩვენებდა ყველას. სწორედ ამიტომ არ მიიღო იგი ისრაელმა, რომელიც მიწიერი დიდებით მოსილ მეფეს ელოდა და მიწიერი მონობისაგან ხსნას ელოდა მისგან.

მან კი სიკვდილის მონობისაგან იხსნა ყველა, ვინც ამ უბრალოებაში მისი ღვთაებრივი დიდება დაინახა და ირწმუნა. ამიტომაც დაიბადა გამოქვაბულში, რომლის კედლებიც ჩვენი გულებივით ცივი იყო და უფლისმიერი ცეცხლისა და სიყვარულისგან დაცლილი. თავს იდვა პირუტყვთა სადგომში შობა, რადგანაც პირუტყვულ ვნებებს დამორჩილებულნი არაფრით განირჩეოდნენ ოთხფეხებისგან. ადამიანური ბუნების შეცვლა ხომ მხოლოდ იმ მადლს შეუძლია, რომელიც გაყინულ გამოვქაბულში შობითა და გოლგოთაზე ჯვარცმით მოგვიტანა მაცხოვარმა.

ახალშობილ ყრმას პირველებმა მწყემსებმა სცეს თაყვანი, ხოლო შემდეგ - მოგვებმა. გულის უბრალოებას და ჭეშმარიტ მეცნიერებას ერთნაირად მიჰყავს ადამიანი ღმერთამდე, მაგრამ პირველი გზა უფრო მოკლეა და პირდაპირი, რადგანაც უფალი გულს ხედავს და გულში ივანებს.

დაე, ჩვენს გულებშიც იშვას ქრისტე...

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობას აღნიშნავს. ყველას გილოცავთ ქრისტიანული სამყაროს ამ უდიდეს დღესასწაულს, ღმერთი იყოს თვენი შემწე, ღვთისმშობელი მარიამი ფარავდეს თქვენს შვილებსა და ოჯახებს!