"ღმერთი გრძელი კაბის კი არა, გრძელი ენის მიხედვით უფრო განგვსჯის" - კვირის პალიტრა

"ღმერთი გრძელი კაბის კი არა, გრძელი ენის მიხედვით უფრო განგვსჯის"

"როდესაც ღვთის ტაძრიდან ჩვენი მიზეზით ერთი ადამიანიც კი მიდის, უფალი ამაზე უმკაცრესად მოგვკითხავს პასუხს"

"ღვთის სახლში, საკუთარი თავის გარდა, არავის განსჯისა და განკითხვის უფლება არა გვაქვს"

ალბათ ხშირად მოგვისმენია ახლობლებისა თუ ნაცნობებისგან, რომ ტაძარში მიცემული შენიშვნის გამო, რომელიც ჩაცმულობას ანაც მაკიაჟს შეეხებოდა, იქ მეორედ მისვლის სურვილი დაკარგვიათ. ამ საკითხზე მეტად საინტერესო ქადაგებას აქვეყნებს მამა დავით ოქრუაშვილი, რომელსაც გთავაზობთ:

"სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.

დღეს ერთ, მეტად მნიშვნელოვან და საყოველთაოდ გავრცელებულ პრობლემაზე მსურს, ვიქადაგო. ერთხელ, მიტროპოლიტმა ანტონ სუროჟელმა მისთვის დამახასიათებელი, ვრცელი და მრავალმხრივი ქადაგების ნაცვლად წირვის ბოლოს მხოლოდ რამდენიმე სიტყვა წარმოსთქვა. თუმცა, ეს იმდენად ემოციური იყო, მას შემდეგ ყველა, ვინც ერთხელ მაინც მოჰკრავს ყურს, წარმოუდგენელია, არ ააღელვოს, არ დააფიქროს: "გუშინ, საღამოს ლოცვაზე, ერთი ქალბატონი შარვლით შემოვიდა ეკლესიაში, ერთ-ერთმა თქვენგანმა შენიშვნა მისცა და უკან გაბრუნდა. მან, რომელმაც შენიშვნა მისცა, შარვლიანი ქალბატონისთვის მთელი ცხოვრება ილოცოს, რადგან იგი შესაძლოა, ტაძარში აღარასოდეს შევიდეს..."

მართლაც, რამხელა პასუხისმგებლობა გვმართებს, სანამ ღვთის სახლში, მასთან მისულ ადამიანს, თუნდაც უკიდურესად ცოდვილს, არა სათანადოდ ჩაცმულს, შენიშვნას ვაძლევთ. სიტყვა გასროლილი ისარია, რომელსაც ამოთქვამ თუ არა, კარგავ... მას ვეღარასოდეს დაიბრუნებ, იგი მანამ გეკუთვნის,ვიდრე შენშია, საკმარისია, შენს ბაგეს გასცდეს, ისარივით ესობა ადრესატის გულს და იგი თავის საქმეს ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე აკეთებს.

ამ ცოდვაში უმეტესად გამოცდილი მრევლი უფრო ხშირად ვარდება, ვიდრე რწმენაში "უმეცარი" კაცი. ისინი, როგორც სულიერების გარკვეულ საფეხურზე მდგომნი, თავს უფლებას აძლევენ, დამოძღვრონ და ამხილონ ყველა, ვინც სათანადოდ არ იქცევა ღვთის სახლში. და ავიწყდებათ, რომ ყველაზე დიდ დანაშაულს, იმ მომენტში თვითონ სჩადიან. რა საკვირველია, ტაძარს და ღვთისმსახურებას მოწიწება სჭირდება და შეუფერებელია იქ არასათანადოდ შესვლა-მოქცევა, მაგრამ ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად ყველა ტაძარს ჰყავს წინამძღვარი, რომლის უშუალო ვალდებულებაა მრევლის აღზრდა, მათი მწყსვა, უფალთან მიყვანა და იგია პასუხისმგებელი, ვინ რა სახით წარსდგება ღვთის წინაშე.

ასეთ დროს განსაკუთრებული სიფრთხილე ტაძარში ახლადმოსულების მიმართ გვმართებს, რომლებიც დაბნეულნი, გაუცნობიერებელნი დგანან წირვაზე და ხშირად ეს მოკრძალებული ძრწოლა უმეტესად სათნოა ღვთისათვის, რამეთუ ასეთ დროს ადამიანი განსაკუთრებულ მადლს განიცდის... ვინ იცის, ამა თუ იმ კაცის გამოჩენას რამდენ ხანს უცდიდა უფალი... ვინ იცის, შემოქმედი როგორ ხარობს თავის სახლში ცოდვილი კაცის გამოჩენით. ვინ განსაზღვრავს ასეთ დროს მამისა და შვილის ურთიერთობას? ამ დიდ შეხვედრას, შერიგებას? რა უფლება აქვს მესამე პირს, ამ განცდებში ჩერიოს, ამხილოს, და თავდაუბურაობისა თუ მაკიაჟის გამო, ტაძრის კარისაკენ მიუთითოს? ულიერებაში განვითარება გრძელ კაბას, წირვის ტიპიკონის დაზეპირებას, სანთლის დანთების თანმიმდევრობის დაზეპირებას და ამდაგვარ ჩვევების შეძენას კი არ ნიშნავს, სულიერი წინსვლა ღვთისმსახურების დროს წირვის მადლის განცდას, საკუთარი ცოდვების შეგნებას და მასზე გლოვას გულისხმობს. ასეთ დროს შენს გვერდით ვინ რა სახით ლოცულობს, არ უნდა გაღელვებდეს. როდესაც ღვთის წინაშე წარვსდგებით, არ მოგვეკითხება ის, რომ ვიღაც უდროოდ დაიჩოქა წირვაზე და ვიღაცას ფალმუნის წაკითხვა გამორჩა. ჩვენ მხოლოდ ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდვებზე ვაგებთ პასუხს და არა სხვის უწესობაზე, მაგრამ როდესაც ღვთის ტაძრიდან ჩვენი მიზეზით ერთი ადამიანიც კი მიდის, უფალი ამაზე უმკაცრესად მოგვკითხავს პასუხს. სახარება ბრძანებს, რომ თუ ერთი ადამიანი მაინც დაბრკოლდება შენს გამო, უმჯობესია, წისქვილის ქვა მოიბა და ზღვაში გადახტე... ეს სიტყვები ხშირად გავახსენოთ ჩვენს თავს. გაბრკოლებს სხვისი გამომწვევი ჩაცმულობა? დახუჭე თვალი და ილოცე, რომ გონება გაუნათოს ღმერთმა და მიიყვანოს იმ შეგნებამდე, რომ ღვთისმსახურებაზე სათანადოდ ჩაცმული მოვიდეს. ჩემს მრევლში უამრავი ქალბატონია, რომელიც არასათანადოდ იცვამდა წირვის დროს, მაგრამ ახლა ისე შეიცვალა მათი დამოკიდებულება ტაძრისადმი, საკუთარი თავისადმი, სულიერმა ცხოვრებამ ისე შეცვალა მათი აზროვნება, რომ არა თუ წირვაზე, ტაძრის გარეთაც კი მოკრძალებით იმოსებიან.

მხილებითა და უხეში შენიშვნით ვერავინ გამოსწორდება, მასზე ლოცვით, კეთილი დამოკიდებულებით კი ყველაფრის შეცვლაა შესაძლებელი. ადამიანს სურს, ყველა მას ჰგავდეს, ყველას ისე სწამდეს, როგორც თვითონ ესმის, რადგან ამის თქმის უფლებას მის მიერ განვლილი სულიერი ცხოვრება აძლევს, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება, რომ ღმერთი გრძელი კაბის კი არა, გრძელი ენის მიხედვით უფრო განგვსჯის. მაკიაჟის მოცილება სახიდან ძალიან მარტივია, ბილწი გულისთქმების დათმობა კი - ძნელი... და თუ სულიერი წარმატება გვათამამებს, იგი მოთმინებაში გამოვცადოთ, მოყვასის სიყვარულმა განსაზღვროს ჩვენი ქრისტიანობა და არა - დაჩოქება-არდაჩოქების გაზეპირებამ. სულიერება შენიშვნის მიცემა კი არა, მხილებისგან თავის შეკავებაა. როცა სხვისი დამცრობით საკუთარ უკეთესობას არ უსვამ ხაზს... რწმენის გზა, სინანულის განცდაა და არა - სხვათა მხილება.

რა საკვირველია, ხშირად შენიშვნის მიმცემს კეთილი გაზნრახვა აქვს. იშვიათად ისეც ხდება, რომ შენიშვნას კაცი სწორად იგებს და შესაძლოა მადლობაც კი გადაგიხადოთ მაგრამ უმეტესად ჩვენ არ ვიცით, იმ კონკრეტულ მომენტში ის ადამიანი რას გრძნობს, რას განიცდის... მისი სული რაზე ესაუბრება უფალს. ამიტომ არ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, რამეთუ ჩვენს მიერ ნათქვამმა ერთმა სიტყვამ შესაძლოა ისეთი შედეგი გამოიღოს, რომ სასუფეველი დავკარგოთ. ჩვენ თუ სულიერ წარმატებას ვეძიებთ, მას ქცევის წესებში კი არა, სიყვარულში უნდა მივცეთ განვითარება. და როცა ადამიანი გიყვარს, მეტად პატიობ, უფრთხილდები. ამის მაგალითს თავად უფალი გვაძლევს. ასე გვიფრთხილდება, არ გვამხელს, ჩვენს სინანულს დიდსულოვად უცდის. ელის, როდის მოხდება ჩვენი სულიერი ფერისცვალება და ამ წმინდა მიზნისთვის ბევრ ჩვენს ნაკლზე იგი თვალს ხუჭავს. ჩვენც ასე უნდა ვიქცეოდეთ. ადამიანის შეცვლა მხოლოდ სიყვარულით შეიძლება. სხვა შემთხვევაში იგი შესაძლოა უსიცოცხლო მორწმუნედ ვაქციოთ და მისი გული შორს იყოს მის გარეგან ქმედებებთან მიმართებაში.

ადამიანს მუდმივად უჩნდება სურვილი, ვინმეს ასწავლოს, დამოძღვროს, მაგრამ ამას მადლი სჭირდება, რომელსაც ერისკაცი ადვილად ვერ მოიპოვებს. მოძღვარს კი აქვს იმის ძალა, ადამიანი ამხილოს, სწორ გზაზე დასაყენებლად რაღაცების დათმობა მოსთხოვოს... სულიწმინდის მადლი სძენს ამ ნიჭს და არა - განათლება. თუმცა, სასულიერო პირსაც ძალიან დიდი სიფრთხილე ჰმართებს, რომ ტაძარში მისული ადამიანი არ დააბრკოლოს. ე.წ. დამნაშავემ უნდა იგრძნოს, რომ მას კი არ კიცხავენ, არამედ იგი უყვართ და მისი უკეთესობისთვის ურჩევენ, მასზე ზრუნავენ...

ტაძარში მოსვლისთანავე შენიშვნებისა და საყვედურებისგან მოძღვარმაც უნდა შეიკავოს თავი და როდესაც რწმენაში გაძლიერდება ადამიანი, მას შენიშვნა აღარ დააბრკოლებს. კეთილი, სიყვარულით სავსე რჩევის მიცემა მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს. თუმცა, როდესაც სულიერად გრძნობ წირვის მადლს, შენი შინაგანი თავად გკარნახოს, რისი ჩაცმა შეიძლება და რისი არა...

მე ჩემს სულიერ შვილებს უმკაცრესად ვუკრძალავ, ტაძარში შემოსულთა მიმართ ნებისმიერი შენიშვნის მიცემას... სახარებისეულ იგავში მამასთან დაბრუნებული შვილიც არ იყო სათანადოდ შემოსილი, მაგრამ მამის მოწყალებამ იგი თავდაპირველ მდგომარეობისამებრ, მადლით შემოსა. ასეა ყველა, ვინც კრძალვითა და სინანულით უბრუნდება მამის წიაღს. მსახურებს არ განუსჯიათ, დაბრუნებული ძე როგორ შემოსილიყო, არამედ მამამ განსაზღვრა მისი პატივში დაბრუნება და ტაძარში მისულ ყველა უძღებ შვილს, ასევე განსწმენდს და ჩვენი დახმარების გარეშე მიიყვანს იმ შეგნებამდე, როგორ ჩაიცვას და რა სახით წარსდგეს ღვთის წინაშე!

ღმერთმა დალოცოს ჩვენი სულიერი ცხოვრება და გვასწავლოს ღვთისა და მოყვასის ჭეშმარიტი სიყვარული. იმ უმთავრეს და უმაღლეს მიზნამდე, რომელსაც მტრის სიყვარული ჰქვია, ჯერ ჩვენი შემოქმედის და გამჩენის, ხოლო შემდეგ ადამიანის სიყვარული უნდა უძღოდეს წინ და ასეთი შენიშვნებით სწორედ სიყვარულს ვამსხვრევთ. ღმერთმა მოგვცეს იმის შეგნება, რომ ღვთის სახლში საკუთარი თავის გარდა  არავის განსჯისა და განკითხვის უფლება არა გვაქვს... იგი განვიკითხოთ, განვსაჯოთ და ვამხილოთ... ქრისტიანული სრულყოფილების გზა ამაზე გადის და არა - გარეგან მოწესრიგებულობაზე!

ღმერთმა დალოცოს სულიერი განათლება და გაბრწყინება ჩვენი!"