ჟურნალი, რომელმაც სულიერი კარიბჭის როლი იკისრა - "კარიბჭის" მე-300 ნომერი გამოვიდა - კვირის პალიტრა

ჟურნალი, რომელმაც სულიერი კარიბჭის როლი იკისრა - "კარიბჭის" მე-300 ნომერი გამოვიდა

თითქოს ახლახან აღვნიშნეთ "კარიბჭის მე-100 ნომრის, "კარიბჭის" 10 წლის იუბილე... ახლა კი უკვე "კარიბჭის" მე-300 ნომრი გამოვიდა. "კარიბჭე" ჩემი ცხოვრების ნაწილია, "კარიბჭე" რომ ისეთია, როგორიც თქვენ მოგწონთ, ეს თითოეული "კარიბჭელის" დამსახურებაა, განსაკუთრებით კი მთავარი რედაქტორის, თამარ მამაცაშვილისა, რომლის მადლისმიერი შეგონებით მზადდება ჩვენი ჟურნალი.

მკითხველის მანუგეშებელი სიტყვა მეტ ძალას გვმატებს. "კარიბჭეს" მე-300 ნომრის გამოსვლა ჩვენმა ერთგულმა მკითხველმაც მოგვილოცა.

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

- ვულოცავ ჟურნალ ,,კარიბჭეს" საიუბილეო ნომრის გამოცემას, რომელსაც უკვე საკუთარი არცთუ მცირე ისტორია და დიდი ბიბლიოთეკაც გააჩნია. ის ნამდვილად ამართლებს თავის სახელწოდებას; ქართული საზოგადოების წინაშე მართლაც ერთგვარი სულიერი კარიბჭის როლი იკისრა, ვინაიდან მრავალს დაეხმარა სულიერი სამყაროს აღმოჩენაში.

300 ნომრის უკან ხომ უსაზღვრო შრომა, თავდადება და ტკივილი იმალება, რაც მკითხველისთვის ფაქტობრივად უცნობია. თუმცა, სარედაქციო კოლეგიამ ღირსეულად გაართვა თავი ყოველგვარ წინააღმდეგობასა თუ განსაცდელს, რისი გამოისობითაც დღეს ქართული ჟურნალისტიკის მოწინავე რიგებში დგას. ღვთის სიტყვის გავრცელება ყველაზე ფაქიზი და საპასუხისმგებლო საქმეა, ჟურნალი თავისი შინაარსით ყოველთვის ზომიერებისკენ არის ორიენტირებული, რაც მისი უმთავრესი ღირებულებაა. ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში კი მუდმივად ზომიერების დაცვა უდიდეს სიბრძნესა და გონიერებას მოითხოვს.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ფრიად სასურველი იქნება, თუკი ჟურნალის მთავარი თემა უფრო ფართო დიაპაზონით იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან თანამედროვე ადამიანი, სხვადასხვა იდეოლოგიათა თუ კონფესიათა ურთიერთდაპირისპირების ფონზე, მრავალი საკითხით ინტერესდება და სასურველ კითხვაზე პასუხი კი ხშირად არცთუ ყოველთვის ადვილად მოსაძიებელია. ამიტომ, თუკი ღვთის მაძიებელ ადამიანს ამგვარ საკითხებში გარკვევის საშუალებასაც მივცემთ, უდავოდ მიღწევა იქნება.

ჟურნალის წინსვლა უპირველესად, ალბათ, მის გაზრდილ ტირაჟში უნდა აისახოს. იმედია, უფლის ნებით ამას მოახერხებს ,,კარიბჭე". ვუსურვებ ჟურნალის თითოეულ თანამშრომელს შემოქმედებით წინსვლასა და მხნეობას.

მადლობელი ვარ უფლის, რომ წილად მხვდა ჟურნალ ,,კარიბჭესთან" თანამშრომლობის პატივი. მისი საშუალებით ჩემი, როგორც მოძღვრისა და დამწყები მწერლის, გამოცდილებაც იზრდება.

ღმერთმა გაკურთხოთ! მრავალჟამიერ ,,კარიბჭეს" და მის ერთგულ მკითხველს! ერთად შევსულიყავით სასუფევლის ,,კარიბჭეში"!

ვანის ქვაბების წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი მათე (ვაშაყმაძე):

- ჟურნალ "კარიბჭეს" ვულოცავ მე-300 ნომრის გამოშვების თარიღს. გისურვებთ სულიერ და ხორციელ ჯანმრთელობას, მოშურნეობას და მხნეობას საქმიანობაში. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ "კარიბჭემ" გააკეთილშობილა და მაღალ სულიერ საფეხურზე აიყვანა ჩვენი ქვეყნის ჟურნალისტიკა, მრავალფეროვნად დაგვანახა სულიერი და ინტელექტუალური ფასეულობები, გაამდიდრა მორწმუნე საზოგადოების სულიერი თვალსაწიერი. დიდი მადლობა ჟურნალ "კარიბ¬ჭეს" და მის შემოქმედებით კოლექტივს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ჩვენი ქვეყნისათვის სასიკეთო საქმეში. მრავალჟამიერ მრავალი ნომერი.

უშგულის ლამარიას ღვ¬თის¬მშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

- ჟურნალ "კარიბჭის" დამსახურება ერისა თუ ბერის წინაშე მართლაც ძალიან დიდია, დღეს რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, წინარე წლებთან შედარებით მრევლის და ერის ქრისტიანული მსოფლმხედველობის დინამიკა მართლაც პროგრესულია და ამაში თქვენი - ჟურნალ "კარიბჭის", უდიდესი წვლილია. თანამედროვე სამყაროში რთულია მისიონერული მოღვაწეობა, მაგრამ თქვენ თქვენი სიტყვით ზრუნავთ საზოგადოების ქრისტიანულ განსწავლაზე, ბევრი რამაა დამოკიდებული თქვენს მუშაობასა და ღვაწლზე, თქვენ აღვივებთ მართლმადიდებლური ერთსულოვნების მარცვალს და ამას ისტორია აუცილებლად შემოინახავს. მოგილოცავთ იუბილეს, გისურვებთ მრავალჟამიერ მოღვაწეობას ამ მნიშვნელოვან საქმეში. გიძღოდეთ ღმერთი მის მადლმოსილ "კარიბჭეში".

მარნეულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, ისტორიის დოქტორანტი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

- გულითადად ვულოცავ ჟურნალ "კარიბჭეს" და მის მკითხველს ამ იუბილეს! ღვთის სიტყვის ქადაგება, საეკლესიო სწავლების ადამიანის გულებამდე მიტანა, უმნიშვნელოვანესი და ფრიად საპასუხისმგებლო საქმეა. თქვენი ჟურნალი შესანიშნავად ართმევს თავს ამ დიდ მისიას, ამავე დროს, "კარიბჭე" არის პატრიოტული სულისკვეთების გამოცემა, რომლის სტრიქონებშიც ჩანს საქართველოს სიყვარული. ვუსურვებ ჟურნალს კიდევ მეტ წარმატებას და მკითხველს, გეტარებინოთ ეს სახელი ღირსეულად და ყოფილიყავით ნამდვილად მიმყვანებელი თითოეული მკითხველისა ზეციურ კარიბჭემდე!

შრომის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა პავლე ქინქლაძე:

- ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჟურნალ "კარიბჭის" სარედაქციო კოლეგია, ხოლო მის მკითხველს არ დაგვზარებოდეს, გავეცნოთ და გავიმტკიცოთ ცნობიერება! ვფიქრობ, ძალიან საპასუხისმგებლოა დღეს ამ ბოროტ ვნებათა მოძალების დროს იქადაგოთ და მიაწოდოთ ადამიანებს ჭეშმარიტება, მნიშვნელოვანია და საჭირო თქვენი ჟურნალი, გისურვებთ წარმატებას! სარწმუნოებითა და სიყვარულით გევლოთ!

რუისისა და ურბნისის ეპარქიის ლეთეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ექვთიმე (ბერიძე):

- ღმერთმა გაგაძლიეროთ, რომ ასეთ მადლიან საქმეს აკეთებთ. რამდენ ადამიანს გაუღვივდება რწმენა და უფლის სიყვარული. თქვენი ჟურნალის მეშვეობით და წაკითხვით ბევრი ნუგეშს იპოვის, ზოგიც თავისი ცხოვრების წესის გამოსწორებას შეეცდება, რამდენი ადამიანის სულის გადარჩენა შეძლო ჟურნალის თითოეულმა ნომერმა. ღმერთმა შეგაძლებინოთ ამ მადლის ტა¬რე¬ბა.Eეწეოდეს ყველა წმინდანი ამ თქვენ კეთილ საქმეს.

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი სერაფიმე დანელია:

- გულითადად ვულოცავ ,,კარიბჭეს" საიუბილეო თარიღს და თამამად ვიტყვი, რომ არ მეგულება საქართველოში რელიგიური თემატიკის ისეთი დახვეწილი და მოზომილი, საზოგადოებრივ ცხოვრებასთან ისე ახლოს მდგომი გამოცემა, როგორიც "კარიბჭეა". მის ფურცლებზე ყველას შეუძლია იპოვოს მისთვის სასიცოცხლოდ საჭირო და სანუგეშო ცოცხალი სიტყვა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ის მართლაც ცოცხალი სიტყვის კარიბჭეა, სადაც ყოველი შემავალი უხვად ,,ჰპოვებს საძოვარს"... მადლობა ამისთვის ,,მეკარიბჭეთ, გამოცემის რედაქტორს და სარედაქციო კოლეგიას! როგორი მინდა იყოს? ვისურვებდი, ყოფილიყოს ისეთი, როგორიც არის და კიდევ უფრო მეტად აქტუალური და უფრო მეტად ახლოს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებთან, მის ყოველდღიურობასთან...

თბილისის წმინდა ნინოს სახელობის კუკიის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გელუტაშვილი:

- ხშირად ვკითხულობ ჟურნალ "კარიბჭეს" და ვერ დავმალავ ჩემს კმაყოფილებას მისი მრავალმხრივი რუბრიკების მიმართ, იგი უდავოდ დიდ სამსახურს უწევს ჩვენს ეკლესიას, რაც აისახება კიდეც მის მაღალ მოთხოვნადობასა და მრავალწლიან წარმატებულ გამოცემაზე... ვულოცავ ჟურნალის შემოქმედებით ჯგუფს საიუბილეო, მე-300 ნომრის გამოსვლას. ვუსურვებ მათ და სრულიად საქართველოს ღმრთის წყალობასა და ზეციური კარიბჭის გავლით ცათა სასუფევლის დამკვიდრებას... კიდევ დიდხანს ყოფილიყოს ეს ჟურნალი ჩვენი ეკლესიის წევრთა სულიერი აღზრდისა და წინსვლის სამსახურში.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა ცუხიშვილი:

- ახლახან შევიტყვე, რომ ჟურნალის "კარიბჭე", მე-300 ნომერი გამოდის და გამიჩნდა სურვილი, მივულოცო მთელი სულითა და გულით. ჯერ კიდევ 1990 წელს ჩვენი ბრძენი პატრიარქის ინიციატივით დაარსდა საეკლესიო გაზეთი "მადლი" (რედაქტორობდა პროფესორი გვანცა კოპლატაძე), რომელიც 20 წლის მანძილზე სულიერად აპურებდა მრავალ ადამიანს, ვისაც სურდა ახლოს გასცნობოდა საეკლესიო ცხოვრებას. 1997 წლიდან გამოსვლა დაიწყო საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურმა გამოცემამ "საპატრიარქოს უწყებანი", რომელიც ძირითადად საინფორმაციო ხასიათისაა და მნიშვნელოვან დახმარებას უწევს მრევლს და საზოგადოებას. ხოლო, 2004 წლის თებერვლის სუსხიან დღე¬ებში საეკლესიო ჟურნალ "კარიბჭის" გამოჩენამ გარკვეული შეკითხვები გააჩინა საზოგადოებაში, რას მოგვიტანდა და რას გვასწავლიდა... თუმცა, აგერ უკვე 12 წელიწადია, მთელი შემოქმედებითი კოლექტივი დგას რწმენისა და სიყვარულის სადარაჯოზე და ათასობით მკითხველს ერთგულად უზიარებს თავისი ფურცლებიდან მრავალ აუცილებელ, საინტერესო და საჭირბოროტო საკითხებს. რთულია ასეთ დროში შრომა და ღვაწლის გაწევა, მით უმეტეს ხშირად უმადურობა მეფობს... ამის მიუხედავად, "კარიბჭეში" შესულები იმ გზას მივუყვებით, რომელსაც ტაძრამდე მივყავართ... სათქმელი უდავოდ ბევრია, მაგრამ დღეს ამას ვიტყვი: ღმერთო მაღალო, მიმადლე ყველა მშრომელს, ყველა მოღვაწეს მშვიდობა, კეთილდღეობა და გამარჯვებები და მათ შორის ჟურნალ "კარიბჭეს", მის შემოქმედებით კოლექტივს და ყველა მკითხველს, ვინც მისი ფურცლებიდან ეზიარება ცოდნას, რწმენას და მრავალ სიკეთეს... ამინ.

"კარიბჭის" მკითხველი ზვიად იმედაშვილი:

- როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოს დიდი მომავალი აქვს და საქართველო მალე ამოვა ამ გასაჭირიდან, ამის დასტურად შემიძლია მოვიტანო ჟურნალი "კარიბჭე", რადგან თუ ქართველმა ერმა ამ ძნელბედობის ჟამს შევძელით ჩვენი დროის საუკეთესო მართლმადიდებლური ჟურნალის შექმნა, მაშასადამე, შეგვიძლია მნიშვნელოვანი საქმეების კეთება და, რაც მთავარია, შეგვწევს ძალა, დავძლიოთ დღევანდელი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური კრიზისი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სხვა პრობლემები. "კარიბჭის" შესახებ პირველად საპატრიარქოს რადიო "იბერიიდან" გავიგე. 2005 წლის მაისიდან მისი ერთგული მკითხველი ვარ და მისი ნომრების დაახლოებით 95% მაქვს შეძენილი და შენახული. "კარიბჭის" თითოეული ნომრის თითოეულ გვერდზე წერია მსოფლიო დონის სტატია. მაგალითად: ეპარქიის გვერდიდან გავეცანი საქართველოს თითოეულ ეპარქიას, თითოეულ მღვდელმთავარს. ,,ჩემი სოფლის" გვერდიდან - ასობით ქართულ სოფელს. გავეცანი საზღვარგარეთ არსებულ ქართულ ეკლესიებს, ქართულ სათვისტომოზე შევიტყვე ბევრი სიახლე. გავეცანი წმინდანთა ცხოვრებას. დღეს, როდესაც სულიერად ასეა დამძიმებული თანამედროვე საქართველოს ცხოვრება, "კარიბჭე" ძალიან სერიოზულად აბალანსებს ქვეყნის მძიმე სულიერ მდგომარეობას. "კარიბჭის" თითოეული ნომერი ნიშნავს, რომ წაიკითხო სულისთვის სასარგებლო მრავალი წიგნი. ყოველი ნომრის გამოსვლას დიდი გულისყურით ველოდები და ბევრჯერ ამითვლია დრო "კარიბჭიდან" "კარიბჭემდე". მე ვიცი, რომ დიდი სიამოვნებით კითხულობენ "კარიბჭეს" ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები. ერთი სიტყვით "კარიბჭე" გაცდა ქვეყნის საზღვრებს, იგი არის მსოფლიო დონის მართლმადიდებლური ჟურნალი და უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. ჩემს გარშემო ვინც კი პატივსაცემი, ჭეშმარიტი ქართველი და ჭეშმარიტი მორწმუნეა, ყველა კითხულობს ამ ძვირფას ჟურნალს. სამომავლოდ "კარიბჭისგან" ველოდები რუსეთის ქართულ სათვისტომოებზე ვრცელ სტატიებს, წერილებს ფერეიდნელებზე. ჩავიდეს კორესპონდენტი ირანშიც და ფერეიდნელებზე მოამზადოს სტატიები, წარმოაჩინოს ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილები. ვუსურვებ, გახდეს ყოველკვირეული ჟურნალი და, რაც მთავარია, შევძლოთ საქართველოს ეკლესიის მრევლმა ვიცხოვროთ ისე, როგორც გვასწავლის "კარიბჭე".