შეგვეწიოს მთავარანგელოზი მიქაელი ხილულ და უხილავ მტერთან ბრძოლაში! - კვირის პალიტრა

შეგვეწიოს მთავარანგელოზი მიქაელი ხილულ და უხილავ მტერთან ბრძოლაში!

მთავარანგელოზი მიქაელი - გამარჯვების სიმბოლო, შემწე და მძლეველი ყოველგვარ მტერთან ბრძოლაში და მფარველი ყოვლისაგან ჭირისა, მწუხარებისა და ბოროტებისაგან. უფალმა იგი აკურთხა მთავარსარდლად უხორცო ძალთა, ანგელოზთა და უწოდა მიქაელი, რაც ებრაულად ნიშნავს: "ვინ არის, ვითარცა ღმერთი"

მიქაელ მთავარანგელოზი უფლის მხედრობის წინამძღოლი და ბოროტ ძალებთან მთავარი მებრძოლია. ეკლესია მას უფლის მხედართმთავარს უწოდებს. წმინდა გრიგოლი დიდი წერს, რომ ღმერთი სხვა ანგელოზებს ადამიანებთან იმიტომ გზავნის, რომ ამცნოს ღვთიური ჭეშმარიტება, მთავარანგელოზი მიქაელი კი მხოლოდ მაშინ იგზავნება, როცა უნდა გაცხადდეს სასწაულებრივი ძალა ღმრთისა.

როცა სატანა უფალს აუმხედრდა, მიქაელი შეეწინააღმდეგა. ბრძანა: - "ვინ არის მსგავსი ღვთისა? არავინ, ღვთის გარდა!" გაიყო ანგელოზთა სამყარო და ერთმანეთს შეება. გაიმარჯვეს უფლის ერთგულებმა, წმინდა მთავარანგელოზის მეთაურობით. უფალმა იგი აკურთხა მთავარსარდლად უხორცო ძალთა, ანგელოზთა და უწოდა მიქაელი, რაც ებრაულად ნიშნავს: "ვინ არის, ვითარცა ღმერთი". მთავარანგელოზ მიქაელის მიმართ განსაკუთრებით დემონურ ცდუნებათა დროს ლოცულობენ. მიქაელი წინამძღვრობდა ებრაელებს ეგვიპტიდან გამოსვლისას, დღისით - ღრუბლის, ღამით კი ცეცხლოვანი სვეტის სახით მიუძღოდა აღთქმული მიწისაკენ, მან ასევე მოწყვიტა ებრაელთა მდევნელი ეგვიპტელები.

მთავარანგელოზი მიქაელი - მცველი მეფისა

დავით აღმაშენებელმა ქართლის ერთ-ერთ ციხეს, რომელშიც სარკინოზები იდგნენ, ალყა შემოარტყა. შუადღისას კარვის წინ გამოსულ პერანგისამარა მეფეს ციხიდან ისარი ესროლეს, რომელიც გულზე დაკიდებულ მთავარანგელოზის ხატს მოხვდა - წმინდა მთავარანგელოზი გადაეფარა"ზეციური მეუფის მოსავ ქართველთა მეფეს და იხსნა.

ფიცხელ ბრძოლაში მთავარანგელოზი მიქაელი შესწევიათ

წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ურიცხვ გამარჯვებათაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ბასიანის ბრწყინვალე ძლევა. ცხადია, ეს გამარჯვება მხოლოდ ქართველთა სამხედრო ძლიერების შედეგი არ ყოფილა - ჩვენ ღმერთი გვწყალობდა. "ქართლის ცხოვრების" მონათხრობით, ბრძოლაში ქართველებს ძალზე გასჭირვებიათ. მაშინ ევლოგი სალოსს, "წინაშე თამარისა მწირველს", სამგზის აღუპყრია ხელი ზეცად და მიწაზე დამხობილა, შემდეგ აღმართულა და ღვთისთვის მადლობა შეუწირავს.

დატყვევებული სულთანი თამარს წარუდგინეს. ის დედოფლის ფერხთით დაცემულა - გველივით იკლაკნებოდა და ღმუოდა. გონს რომ მოსულა, უთქვამს: - თამარის თავზევით ვინც დგას, მან დაგვამარცხა და შემეშინდა მისი დანახვაო. მემატიანის თქმით, თამარის თავზემოთ მთავარანგელოზ მიქაელის ხატი ეკიდა. ასე შეიტყვეს ქართველებმა, რომ ფიცხელ ბრძოლაში მიქაელი შეეწიათ. მართალია, თავად ვერ ხედავდნენ განცხადებულად, მაგრამ, სამაგიეროდ, მისი ხილვით ზარდაცემული მტერი შედრკა და დაუძლურდა.

მთავარანგელოზ მიქაელის სასწაული კოლასში, იმავე ხონში

ფრიგიდიის კოლასში, იერაპოლის მახლობლად იყო მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი, აშენებული წყაროზე, რომლის სასწაულებრივი ძალაც უამრავ ხალხს იზიდავდა. ყველა, ვინც მას იხმევდა ანდა მასში განიბანებოდა, სნეულებათაგან იკურნებოდა; ურწმუნონი საკუთარ თავზე ზეციური ძლიერების გამოცდისას წმინდა ნათლისღებას იღებდნენ. წარმართები მძვინვარებისგან კბილებს აღრჭიალებდნენ.

ამ ეკლესიასა და წყაროსთან ერთი ღვთისმოშიში არქიფო ცხოვრობდა. ის არა მარტო საკუთარ, საყოველთაო ცხონებაზეც ზრუნავდა: ურწმუნოებს ჭეშმარიტების გზაზე მოაქცევდა და ცხოველსმყოფელ წყაროში ნათლავდა.

კერპთაყვანისმცემლები სასწაულმოქმედი წყაროს წასაბილწად ცდას არ აკლებდნენ. წმინდა ადგილის მაღლა ორი მდინარე ლიკოპარეპი და კუფოსი ერთდებოდა. ეშმაკის ჩაგონებით, უწმინდურებმა ეკლესიის დატბორვა და წყაროს წალეკვა განიზრახეს. დაიწყეს თხრილის გათხრა ტაძრისკენ. იმავდროულად, წმინდა არქიფო განუწყვეტლივ ლოცულობდა ღვთის წინაშე, რათა სიწმიდეთა შეურაცხყოფა არ დაეშვა.

ბოროტგანმზრახველებმა ათ დღეში გათხარეს ვიწრო ყელი, რომლითაც ჩქარ წყალს რამდენიმე საათში შეეძლო ყოვლის ჩარეცხვა. წარმართნი მაღლობზე იდგნენ, რათა ტაძრისა და წყაროს შემუსვრა კარგად დაენახათ.

ღამის სამი საათისთვის უეცრად წყალი ახმაურდა და ტაძრისკენ საშინელი სიჩქარით გაექანა... წმინდა არქიფო მუხლებზე დაეცა და წამოიძახა: - "ვიდრემდე მოილხენენ ბოროტნი, უფალო, ვიდრემდე მოილხენენ ბოროტნი? ვიდრემდე წარმოსთქვამენ, ლაპარაკობენ, ტრაბახობენ, ჰყვებიან სიმრუდის მოქმედნი. შენს ხალხს, უფალო, ჩაგრავენ, და შენს სამემკვიდროს ტანჯავენ" (ფსალმ. 92, 3-5).

იმავე წამს არქიფოს მოესმა ხმა, რომელმაც ტაძრიდან გასვლა უბრძანა. ის დაემორჩილა და დაინახა ზეციური დიდებით შემოსილი მთავარანგელოზი ადამიანის სახით. შეშინებული ბერი მიწაზე დაემხო.

- აღსდეგ და იხილე ძალა ღვთისა ამ წყლებში, - უთხრა მიქაელ მთავარანგელოზმა. წმინდა მამამ დაინახა მიწიდან ზეცამდე ამავალი ცეცხლის სვეტი. როგორც კი წყალი ტაძარს მიუახლოვდა, მთავარანგელოზმა მას ჯვარი გადასახა და აზვირთებული წყალი შეჩერდა. მთავარანგელოზმა საკურთხევლის ახლოს მდებარე ლოდს კვერთხი ჯვრის სახით გადაარტყა. უეცრად იქუხა, მიწა შეირყა, ლოდი გაიპო და უფსკრულმა პირი დააღო.

- ჩაეშვი ამ წყვდიადში, - უბრძანა მთავარანგელოზმა მიქაელმა და წყალი ხმაურით გადაეშვა ქვის ნაპრალში. ამ სასწაულის შემხედვარე წარმართნი შიშით გაქვავდნენ, უხორცო ძალთა მხედართმთავარი კი ზეცად ამაღლდა.

ქრისტიანები რწმენის მტრებზე გამარჯვებით ხარობდნენ და ეს დღე დღესასწაულად დაადგინეს. ადგილს, სადაც ეს სასწაული აღსრულდა, ეწოდა ხონი, ანუ ჩაძირვა, რამეთუ წყალი ჩაეფლო ქვაში, ლიკოპარეპიც და კუფოსიც მას შემდეგ იმ ნაპრალში მიედინებიან.

მთავარანგელოზი მიქაელი

ბიზანტია. კონსტანტინოპოლი. XIV ს.

ამჟამად მთავარანგელოზ მიქაელის ხატი დაბრძანებულია ათენში, ბიზანტიისა და ქრისტიანული ხელოვნების მუზეუმში.

ლოცვა

ჰოი, დიდო მთავარო ზეცისა მხედრობათაო მიქაელ! მთავართა ბნელისაითა წარმწყმედელო და ბოროტთა მძლეველო, აწ ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა იღუწიან სავნებელად ჩუენდა, და შეუხებელად დაგვიცევ მტერთა წყობათა და ზედა მოსლვისაგან, რაითა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან; ევედრე ქრისტესა მეუფესა ჩუენსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა, მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა გუაქუს სიტყვისგებაი წინაშე მისსა, და ყოველთაგან თესლთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გვიხსნნეს და დაგვიფარნეს ჩუენ ყოველთა ურვათაგან, სენთა და სალმობათაგან, ვნებათა წყლულებისაგან და ამაოისაგან სიკუდილისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

თამარ მამაცაშვილი