დღე უფალში მიძინებისა - გილოცავთ მარიამობას! - კვირის პალიტრა

დღე უფალში მიძინებისა - გილოცავთ მარიამობას!

მას შემდეგ, რაც გულმა გოლგოთის ტანჯვა და ტკივილი დაიტია, განუწყვეტლივ ევედრებოდა ქრისტეს, წაეყვანა თავისთან. მერე რა, რომ მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი პირველად სწორედ მას გამოეცხადა - მას მაინც ენატრებოდა საკუთარი შვილი და მის გვერდით ყოფნას სურდა.

ყოველდღე დადიოდა ქრისტეს საფლავზე და ლოცულობდა მთელი სამყაროსათვის, თითოეული ცოდვილისათვის, რადგან ჯვარცმისას სწორედ ეს ცოდვილი კაცობრიობა დაუტოვა შვილად ნაწამებმა ძემ. მაცხოვარმა გაუმხილა, რომ ჯერ მოციქულებს უნდა შესწეოდა მიწიერი ეკლესიის მოწყობაში. და, მიუხედავად უდიდესი მონატრებისა, დაემორჩილა მის ნებას და ქრისტეს ამაღლებიდან 24 წლის განმავლობაში ქრისტეს მახარებლებთან ერთად იღწვოდა.

ახლა კი, მონატრებითა და შრომით დაღლილს, ელეონის მთაზე ლოცვისას აუწყა მისმა განუყრელმა მცველმა და მხლებელმა, გაბრიელ მთავარანგელოზმა, რომ აღსრულდებოდა მისი სურვილი და მალე განეშორებოდა ამ სოფელს. საკუთარი სიტყვების დასტურად კი ხელთ ზეთისხილის რტო მისცა. ყოვლადწმინდა ქალწული იოანე მახარებლის სახლში დაბრუნდა, რადგან, მაცხოვრის ჯვარცმისა და ამაღლების შემდეგ, სწორედ იოანე მახარებელი ზრუნავდა მასზე. დაბრუნდა და ყველას გაუმხილა ანგელოზის სიტყვები. უამრავი ადამიანი მოვიდა მასთან გამოსამშვიდობებლად. კვლავაც უამრავს შეეწია ლოცვითა და საქმით, ანუგეშა, გაამხნევა, გააძლიერა. მერე თავისი მიწიერი ქონებაც განაგო - ორი კვართი ჰქონდა და იმ ორ ქვრივ ქალს მისცა, მას რომ არ განეშორებოდნენ და უვლიდნენ ხოლმე. საფლავად გეთსიმანიის ბაღის აკლდამა აირჩია, რადგან სწორედ აქ განისვენებდნენ მისი მშობლები და წმინდა იოსებ მართალი. და, რადგან ძალიან უნდოდა, იმ დროისათვის მთელ ქვეყნიერებაზე საქადაგებლად წასული მოციქულების ნახვაც, სულიწმინდამ აიტაცა ისინი და ყველანი იოანე მახარებლის სახლში მოიყვანა, ყველანი, გარდა თომა მოციქულისა. ღვთისმშობელიც ყველას გამოემშვიდობა და გარს შემოიკრიბა ისინი. მერე კიდევ ერთხელ სთხოვა ქრისტეს, თავად მიეღო დედის სული, რადგან საოცრად ეშინოდა ჰაერის მცველებისა და საზვერეებისა. უეცრად სახლის ჭერი განიღო და ყველამ იხილა, როგორ მიეახლა დედას ანგელოზთა დასით გარშემორტყმული მაცხოვარი. ყოვლადწმინდა ქალწულმა უმტკივნეულოდ მიაბარა საკუთარი სული მას, ვინც წლების წინ უმტკივნეულოდვე შვა. და ქრისტემ თავად აღამაღლა დედის სული ზეცად. ხოლო მარიამის ნათლით გაბრწყინებულმა სხეულმა კურნებების აღსრულება დაიწყო.

მერე მის დაკრძალვაზე უამრავი ხალხი მოვიდა. პროცესია იერუსალიმის ქუჩების გავლით მიემართებოდა გეთსიმანიისაკენ. არადა, იუდეველები სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანებს, მაგრამ ყოვლადწმინდა ქალწულის სიყვარულმა ყველას დაავიწყა მათი შიში. გალობითა და ანთებული სანთლებით მიაცილებდნენ ძვირფას ცხედარს, როცა მათ დასარბევად გამოგზავნილ მეომართა რაზმს გადააწყდნენ. ქრისტიანები უეცრად ნათლის ღრუბელმა დაფარა, ხოლო მეომრები დაბრმავდნენ. ყველა შეძრწუნდა, მაგრამ ერთი იუდეველი მღვდელი, ათონია, მაინც აგრძელებდა ლანძღვას და ცხედარსაც წაეპოტინა, რათა ძირს ჩამოეგდო და გაეთელა, მაგრამ უცბად საშინელი ხმით აყვირდა და ყველამ იხილა, როგორ დაცვივდა ძირს მისი ორივე მკლავი, რომლებიც ანგელოზმა წარკვეთა მახვილით. ტირილითა და ღრიალით ითხოვდა შენდობას და, მართლაც გაუმთელდა ორივე ხელი, მაგრამ, ჩადენილისა და აღსრულებულის მოსაგონებლად, მაინც დარჩა ორი წითელი ზოლი ხელებზე.

ყოვლადწმინდა ქალწულის სხეული გეთსიმანიის ბაღის აკლდამაში დატოვეს და სამი დღე არ განშორებიან ძვირფას საფლავს. ამასობაში თომა

მოციქულიც მოვიდა, დამწუხრებული და ატირებული, რად არ მომეცაო ღვთისმშობელთან გამომშვიდობების საშუალება. რომ ენუგეშებინათ, აკლდამა გახსნეს და თომა შეუშვეს, მაგრამ . . . იქ სხეულის ნაცვლად მხოლოდ სუდარა იპოვეს. სწორედ ამიტომაც ვუწოდებთ ყოვლადწმინდა მარიამის გარდაცვალების დღეს მიძინებისას, რომ მან უფალში დაიძინა, რათა მასშივე გამოეღვიძა. ამიტომაც ვზეიმობთ დღეს, როდესაც მარადიული სიცოცხლითა და ზეციური დიდებით შემოსილმა ზეცაში ასვლისთანავე კადნიერებით მიმართა თავის ძეს: `შენნი ჩემდა მოცემულნი საუკუნოდ დაიცევ!~ როდესაც საოცარი მეოხი და კადნიერი მცველი და შემწე შევიძინეთ, რომელიც დედასავით გვიცავს და გვიფარავს. ეს დღე 28 აგვისტოა. დღეს ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობს.

მარიამ ბურჯანაძე