"პალიტრა" სტუმრად პატრიარქთან - კვირის პალიტრა

"პალიტრა" სტუმრად პატრიარქთან

შემდეგ ნომერში  - პატრიარქის ხელით დაწერილი წმინდა ვახტანგ გორგასლის ხატი

ჩვენი გაზეთის მკითხველი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა  და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით, ყოველწლიურად ტრადიციულ სააღდგომო საჩუქარს ელოდება. წელსაც "მედია პალიტრის"  დამფუძნებლები პატრიარქს ეწვივნენ... "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" და სერია "დიდი მხატვრები" ეს ის გამოცემებია,  რომელიც უწმინდესმა საგამომცემლო სახლ "პალიტრის" წარმომადგენლებისგან საჩუქრად მიიღო.

"საქართველოს განათლებული მომავალი სჭირდება და ამ მხრივ, დიდი ზრუნვაა საჭირო", - ბრძანა  პატრიარქმა "პალიტრასთან" შეხვედრისას.

ამ საზრუნავს ჩვენი მედიასახლი შეძლებისდაგვარად წლებია ემსახურება... ის სერიული გამოცემები,  რომლებსაც საფუძველი სწორედ "მედია პალიტრაში" ჩაეყარა, ერთადერთ მიზანს ისახავს: რაც შეიძლება  გაიზარდოს ინტერესი და მოტივაცია განათლების მისაღებად, ვიცნობდეთ და გვიყვარდეს ჩვენი და  მსოფლიო კულტურა.

KvirisPalitra.Geჩვენი ერის სულიერი მამა მარტო თვალით კი არა, გულითაც ხედავს. ამიტომაცაა, სწორედ იქ, სადაც  საჭიროა და იმას, რაც საჭიროა, სთავაზობს ხოლმე თავის სამწყსოს. არც ისაა შემთხვევითი, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა მედია "პალიტრის" დამფუძნებლებთან შეხვედრაზე ბრძანა, კარგი იქნება, ქართველი მეფეების ხატებიც უძღვნათ თქვენს მკითხველსო.

საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც თავისი სახელოვანი მეფეები წმინდანებად ჰყავს შერაცხილი.  ისტორიული ჩარხი ისე ტრიალებდა, რომ საქართველოს ღვთივკურთხეული მეფეები გოლგოთას გზას იყვნენ  შემდგარი, მათ ხომ ყველაზე დიდი მსხვერპლი საკუთარი თავითა და სიცოცხლით უნდა გაეღოთ.

დალოცვისა და კეთილი სურვილების შემდეგ პატრიარქმა თავისი ხელით დაწერილი ვახტანგ გორგასლის ხატი გვაჩვენა და გვირჩია, ამჯერად "კვირის პალიტრაში" სააღდგომო საჩუქრად გორგასლის ხატი ჩაგვედო. მართლაც, პატრიარქის კურთხევით, უწმინდესის მიერ დაწერილ, წმინდა ვახტანგ გორგასლის ხატის ასლს, სააღდგომო ნომერში საჩუქრად მიიღებს მკითხველი.

წმინდანად შერაცხილი ქართველთა მეფე ვახტანგი, რომელიც შიშის ზარს სცემდა მტერს, იყო მმართველი,  რომელიც ხმალამოწვდილი იბრძოდა თავისი მხედრების მხარდამხარ. ის არ იყო მდგომარეობით  პრივილეგირებული, როცა სამშობლოს სჭირდებოდა, მის რიგით ჯარისკაცზე უფრო რიგითი ხდებოდა... ფიქრით კი ერის მარტო ფიზიკურს კი არა, მის სულიერ  გადარჩენასაც დასტრიალებდა თავს.

10 აპრილს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა: "...თუ შენ კეთილდღეობაში ხარ, მადლობა შესწირე უფალს. თუ შენ დიდი თანამდებობა მოგეცა, მადლობა შესწირე უფალს და ჰკითხე, რატომ მომეცი... იმიტომ კი არ მოგცა, რომ განცხრომაში ჩავარდე, იმიტომ მოგცა, რომ სხვა ადამიანს დაეხმარო"...

სწორედ იმიტომ, რომ ქართველი მეფენი არა განცხრომისთვის, არამედ თავისი ერისთვის ცხოვრობდნენ, შეძლეს და გადაარჩინეს საქართველო...

პატრიარქი გულით ხედავს-მეთქი... მისი სიტყვა მარტო ყურით კი არა გულით უნდა ვიგრძნოთ...