ზედსიძეობა - კვირის პალიტრა

ზედსიძეობა

- ჩემი მეუღლე ვერ იტანს ჩემს ახლობლებს, განსაკუთრებით ჩემს დას. შენიშვნის გარეშე არ ტოვებს მის არც ერთ ნაკლსა თუ უბრალოდ ქმედებას. როცა მარტონი ვრჩებით, განუწყვეტლივ ლანძღავს და აკრიტიკებს. ასეთ სიტუაციაში როგორ შევძლო ოჯახში მშვიდობიანი გარემოს შექმნა? ჩვენ ჩემი მშობლების სახლში ვცხოვრობთ.

- იქნებ, მშვიდობის შესანარჩუნებლად, აჯობებდა, ყველას საკუთარ გულში ჩაეხედა. თქვენი ქმარი საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ სიტუაციაში ყოფილა. ზედსიძეობა, როგორც წესი, ამას იწვევს და ამ განცდისგან არც თქვენ ხართ თავისუფალი,  თითქოს ეს უპირატეობას განიჭებდეთ, ამას გამოგზავნილ წერილშიც კი ხაზს უსვამთ. თქვენი ქმრის საქციელს გამართლება არა აქვს, მაგრამ ამგვარი აგრესია გამოწვეულია წლების განმავლობაში თქვენი და თქვენი ნათესავების მხრიდან გამოვლენილი ფარული მინიშნებით, თუ აშკარა აგრესიის გამო.

- მრცხვენია, რომ ამ განცხადებას ვწერ, მაგრამ ძალიან განვიცდი დღემდე, რომ დავრჩი მოუნათლავი. ვის ვთხოვო ან როგორ მოვიქცე? იქნებ დამეხმაროთ.

- სანამ ცოცხალი ბრძანდებით, ტერმინი "დავრჩი" არასწორია. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მიმართეთ ნებისმიერ მღვდელმსახურს ნებისმიერ ეკლესიაში, თანაც იჩქარეთ, რადგან დრო არ იცდის!

- ხალხური თქმულებებით, საეკლესიო დღეებში (ბზობას, აღდგომას, ხარებას და ა.შ.) არ შეიძლება დაბანა, ნემსის ხმარება, ქსოვა და ა.შ. ცოდვა ხომ არ არის ეს?

- მაინცდამაინც ამ დიდ დღესასწაულებზე ნუ მოგინდებათ ქარგვა და ქსოვა. ეს თავისთავად გამოირიცხება, როცა ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს. ამ დღეებში მორწმუნენი ტაძრებში ღვთისმსახურებას ესწრებიან და ამ დღესასწაულების განცდით, მთელი დღე სიხარულში, ნათესავების, მეგობრების მონახულებასა თუ სტუმრობაში გადის, ხოლო თუ დასაბანი ხართ, გირჩევთ, რომ დაიბანოთ!

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით მკითხველთა შეკითხვებზე უპასუხებს მღვდელი ლევან მათეშვილი.

თქვენთვის საინტერესო კითხვები მოგვაწოდეთ "კვირის პალიტრის" ყუთების საშუალებით.