"მედისონის ხიდები", ანუ ბეწვის ხიდი სიყვარულსა და მოვალეობებს შორის - კვირის პალიტრა

"მედისონის ხიდები", ანუ ბეწვის ხიდი სიყვარულსა და მოვალეობებს შორის

მე ხომ ქალებზე ვწერ, ამჯერად ჩემი ბლოგი შეყვარებულ ქალს მივუძღვენი. ფრანჩესკა ჯონსონზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც მართალია ფილმის გმირია, თუმცა დარწმუნებული ვარ ასეთი ქალები მსოფლიოში მრავლად არიან. მათ შორის ჩვენთანაც, საქართველოში...

"მედისონის ხიდებს" (The Bridges of Madison County), პირველად წლების წინ ვუყურე, დედაჩემის ერთ-ერთი საყვარელი მელოდრამა იყო, თან მერილ სტრიპი თამაშობდა და, აბა, როგორ შეიძლებოდა არ მენახა.

ეს ისტორიაა ქალისა, რომელსაც უყვარს. ოღონდ ქმარი კი არა, - სხვა... ფოტოგრაფი, რომელიც შემთხვევით გაიცნო, როცა ეს უკანასკნელი ამერიკაში, ერთ-ერთ ხიდს ეძებდა გადასაღებად. ფრანჩესკა ამ დროს სახლში იყო, ქმარი და შვილები ქალაქში გაუშვა რამოდენიმე დღით, თვითონ კი არაფრის კეთებით ისვენებდა. ისვენებდა სიჩუმის მოსმენით, იმით რომ სამზარეულოს კარებს არავინ უჯახუნებდა, ღამით ტელევიზორთან ქმრის ხვრინვა არ ესმოდა და შვილების გამუდმებული პრეტენზიებით არ ითგუნებოდა.

პირველივე დღეს, როდესაც მარტოობით ტკბებოდა, რობერტი გამოჩნდა. თითქოს, მათი ერთად გამოჩენის პირველივე ეპიზოდიდან გრძნობ, რომ დიდი სიყვარულის ისტორია დაიწყო - პატარა ფლირტით, გაღიმებით, მომენტით, როდესაც ნერვიულობსგან თმას ვერ იჩერებ და ცდილობ თანამოსაუბრეს "რამეზე" ელაპრაკო. მოკლედ, მერილის გმირის და რობერტის შეხვედრის პირველივე სცნიდან მივხვდი, რომ რაღაც მოხდებოდა.. ოღონდ ეს რაღაც არ უნდა ყოფილიყო ისეთი ბანალური, როგორც ჰოლივუდის უმრავლეს ფილმში ხდება ხოლმე.

ფოტოგრაფი იღებდა ხიდის კადრებს, უღებდა ხიდთან მდგარ ახალგაზრდა ქალს, მოსწონდა მისი სავსე ფორმები, ლამაზი თვალები და დაუვიწყარი ღიმილი, მოსწონდა როგორ ისწორებდა თმას. ხუმრობდა სრულიად უადგილოდ, სვამდა ლუდს, როგორ ნერვიულობდა მის სიახლოვეს, რობერტს იზიდავდა ეს ყველაფერი და ცდილობდა მაქსიმალურად აღებეჭდა კადრებზე.

რა დროა საჭირო ადამიანის შესაყვარებლად? ზოგს სჯერა ერთი ნახვით სიყვარულის, ზოგი ამტკიცებს, რომ ჯერ ადამიანი უნდა გაიცნო, ზოგი საერთოდ უარყოფს მის არსებობას. ფრანჩესკას კი ამისთვის ერთი დღე დასჭირდა, ის მალევე მიხვდა, რომ ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარულით პირველად შეუყვარდა. უყვარდა რობერტსაც, თუმცა იცოდა, რომ ეს კარგს არაფერს მოუტანდა.

რობერტს შეეძლო ცხოვრება მისთვის მიეძღვნა, მაგრამ ქალს ოჯახი ჰყავდა. ქმარი, რომელმაც ვერ აუსრულა ოცნებები, თუმცა თავისებურად უყვარდა ცოლი. ჰყავდა შვილები, რომლებიც პირველ ადგილას იყვნენ მისთვის, თუმცა ბავშვები ხშირად არ უფასებდნენ ამაგს. რა უნდა ექნა? უფერული ცხოვრება გაეხალისებინა ამ უსაზღვრო ვნებით და ემოციებით. წაჰყოლოდა რობერტს და დაეტოვებინა ოჯახი? რომ დაეჯერებინა ფოტოგრაფისთვის, მომავალშიც იქნებოდა კი ასეთი ლამაზი ურთიერთობა, ისეთი საოცარი, როგორიც ახლა იყო? თუ ისიც ისევე ჩაქრებოდა, როგორც დაიფერფლა წლების წინ ქმრის მიმართ განცდილი გრძნობა? მასაც მოერეოდა დრო და ვნებას ყოველდღიური რუტინა შეცვლიდა? ეს ფიქრები სტანჯავდა ახალგაზრდა დიასახლისს.

მე კი ერთი კითხვა არ მასვენებს: რას იზამდა არ შეთხვევაში კაცი? რას აკეთებენ ქმრები, როცა ცოლები აღარ უყვართ? როცა ვერ გრძნობენ მეორე ნახევრისგან იმ სიყვარულს და ემოციას რომელიც სჭირდებათ, როცა უბრალოდ არ არიან ბედნიერები ოჯახში? რას აკეთებენ ამ დროს? პასუხი მარტივია, მიდიან სახლიდან ან იწყებენ პარარელურ ურთიერთობას...

რომელი გადაწყვეტილებაა სწორი - როცა ასე ძალიან გიყვარს, არ ატკინო გული შვილების მამას (დედას) და მაინც მიიღო სიყვარული სხვისგან, წახვიდე და აწყენინო ქმარს (ცოლს ) და შვილებს თუ უბრალოდ უარი თქვა სიყვარულზე და მთელი ცხოვრება მასზე ფიქრსა და ოცნებაში გაატარო? სამწუხაროდ, ყოველი ვარიანტი წინაზე უარესია. იტალიელმა ქალმა ბოლო გზა აირჩია. გაწირა თავისი პირად ბედნიერება და პრიორიტეტად ოჯახი დააყენა.

წლების შემდეგ, როცა დაქვირვებული მოხუცი ქალი ამანათს იღებს, რომელშიც მისი ძველი, ერთადერთი სიყვარულის ნივთებს და ანდერძს ხედავს, ვხვდებით, რომ არსებობს სიყვარული რომელიც უძლებს დროს და მანძილს. მიუღწეველი და აკრძალული, თუმცა ამავდროულად წმინდა, ნამდვილი და ძლიერი სიყვარული, რომელიც ახალგაზრდა ქალმა წლების წინ დათმო და ის რამოდენიმე დღე გაფერკმთალებულ მოგონებებში ჩაიძირა...

რას იზამდა რობერტი ფრანჩესკას ადგილას რომ ყოფილიყო. გაწირავდა თავს ცხოვრების ბოლომდე აუხდენელ სიყვარულზე ფიქრისთვის თუ არ იტყოდა უარს თავბრუდამხვევ რომანზე? უმრავლესობა ალბათ დამეთანხმება თუ ვიტყვი, რომ ის არ დაანგრევდა ოჯახს, თუმცა ეს ხელს არ შეუშლიდა სხვა ქალის სიყვარულში. მოკლედ, გირჩევთ, რომ უყუროთ ამ მართლაც მშვენიერ ფილმს და იქნებ, თქვენ მაინც იპოვოთ ამ კითხვაზე და არა მარტო ამ კითხვაზე პასუხი...