ქვა იმან ესროლოს, ვინც... - კვირის პალიტრა

ქვა იმან ესროლოს, ვინც...

სექსი ქალებსაც აქვთ და ეს არ "ტეხავს"

რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში ყველაზე ამაზრზენი ის კომენტარები და სტატუსებია, რომელშიც მკაცრად განიკითხავენ ქალებს, რომლებსაც ჰყავთ მეგობარი მამაკაცები და აქვთ სექსი.

კი, საქართველოში ქალებს აქვთ სექსი და თუ სარეცელს ქმრებთან არ იყოფენ, ესეც ხშირ შემთხვევაში იმის ბრალია, რომ ქართველი კაცების უმრავლესობამ სექსი თეორიის დონეზეც კი ძლივს იცის რა არის, რაზეც ქალები წუხან, განიცდიან, ლაპარაკობენ.

შეიძლება ხმამაღლა არა, შეიძლება ყველა არა, შეიძლება თქვენთან არა, მაგრამ ლაპარაკობენ...

რამდენიმე ქალს დაუსვათ შეკითხვა პირად ცხოვრებაზე და მათი სახის გამომეტყველებითაც კი მიხვდებით ყველაფერს, სულ რომ არაფერი გიპასუხოთ.

დამოკიდებულება "ქალია და სხვანაირად უნდა მოიქცეს" არანაირ გენდერულ ბალანსში არ ჯდება და პირდაპირი დისკრიმინაციაა. რას ნიშნავს კაცს შეუძლია და ქალს - არა? რატომ არის გამართლებული კაცების საყვარლები, გართობა და სექსი ამ ქვეყანაში და ქალისთვის რატომ ითვლება აკრძალულად?

რატომ ჰგონია მავანს, რომ ქალებს არ უნდათ სიამოვნების მიღება და თავს შეიკავებენ საკუთარი პირადი ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის, დიახ, პირადი, რომელიც არავის ეხება?!

ბევრი იტყვის ვინ ერევა მათ ცხოვრებაში, რას გვახვევენ თავზეო?

სამწუხაროდ, როგორც ბოლო საშინელი მოვლენებიდან ჩანს სულ რომ არ გინდოდეს ისე შეიძლება მთელმა ქვეყანამ გაიგოს შენი პირადის შესახებ და მერე "პატიოსანი" ქალები რომლებიც ქმრების უყურადღებობით, ღალატით არიან განერვიულებულები დაიწყებენ იმ ქალების ლანძღვას და კრიტიკას, რომლებმაც თურმე გაბედეს და თავს უფლება მისცეს ის ეკეთებინათ, რაც უნდოდათ... აქვე ვიტყვი, რომ რაც მოხდა, ეს დასაგმობი და დროულად აღსაკვეთია! ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და ვინც ამ უფლებას ლახავს, მკაცრად უნდა დაისაჯოს!

ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ კითხულობ იმ ადამიანების კომენტარებს, რომლებიც გაგიჟებულები მორალურ პრინციპებზე ლაპრაკობენ და ლამისაა თავები ქალწულებად წარმოგვიდგინონ, არადა, ყველაზე მეტ ამორალობას სჩადიან.

ყველა აზრს და შეხედულებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ არავის აქვს უფლება განიკითხოს და ქვა ესროლოს სხვა ადამიანს, მით უფრო, თუ თვითონ უარესის გამკეთებელია!

გამაოგნებელი კი ის არის, რომ ძალიან ბევრს ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი სიტუაცია კი არა, ის აღელევებს ვის სად ვისთან როგორ და რამდენჯერ აქვს სექსუალური კავშირი...