"...ბრედ პიტი რომ გყავს ქმრად, რა უნდა გიჭირდესო"? - მაინც რა არის ბედნიერებისთვის საჭირო?! - კვირის პალიტრა

"...ბრედ პიტი რომ გყავს ქმრად, რა უნდა გიჭირდესო"? - მაინც რა არის ბედნიერებისთვის საჭირო?!

ალბათ ბევრ თქვენგანს უკითხავს საკუთარი თავისთვის თუ რას ნიშნავს ბედნიერება, რისკენ უნდა ისწრაფვოდეს ადამიანი და რისი ქონაა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი?

ბევრ ადამიანზე შეიძლება ვთქვათ "რა უჭრის", "ყველაფერი აქვს", "ბედნიერია", თუმცა... ამ ცოტა ხნის წინ, მეგობარს ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ მსახიობზე ანჯელინა ჯოლიზე ვესაუბრებოდი და გაიხუმრა, - "ბრედ პიტი რომ გყავს ქმრად რა უნდა გიჭირდესო".

როგორც ჩანს, ზოგჯერ ბედნიერებისთვის მილიონები, პოპულარობა და თუნდაც ბრედ პიტი ქმრად არ არის საკმარისი.

ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება ჯოლის სიგამხდრე და მისი პრობლემები. ქალს, რომელსაც თითქოს არაფერი აკლია ბედნიერებისთვის, დეპრესია სტანჯავს. არადა, მას ყველაფერი აქვს: კარიერა, ფული, შვილები, ქმარი, უზრუნველი ცხოვრება. ხშირად მიფიქრია რა ხდება ამ დროს ადამიანის ცნობიერებაში. რა არ ჰყოფნით მათ სრული ბედნიერებისთვის?

ჯოლის მაგალითზე, რომელმაც არცთუ იოლი ოპერაციები გადაიტანა და მისი ოჯახის ახლობელი წევრები კიბომ შეიწირა, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო ამდენ სულიერ თუ ფიზიკურ დატვირთვას, და მიიღო ის შედეგი, რომელსაც მთელი მსოფლიო ხედავს დღეს, მაგრამ მხოლოდ ჯოლიზე ხომ არ არის ლაპარაკი?!

შორს რომ არ წავიდეთ, რამდენი ჩვენი ნაცნობი, ახლობელი და მეგობარია სრულიად უკმაყოფილო საკუთარი ცხოვრებით მაშინ, როდესაც თითქმის ყველაფერი აქვთ. თითქმის ვამბობ იმიტომ, რომ ალბათ ძალიან ცოტა ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც ყველაფერი აქვს, რაც უნდა. ჩვენი შესაძლებობების ზრდა ხომ პირდაპირ პროპორციულია სურვილების მატებასთან და რაც მეტი გვაქვს, ხშირად უფრო მეტი გვინდება.

მაგრამ...

დიახ, არსებობს ერთი დიდი მაგრამ. ზოგჯერ მგონია, რომ ბევრი ძალით ქმნის პრობლემას. ალბათ ხასითის ბრალიცაა ჩხუბის და შფოთის გარეშე ცხოვრება რომ არ შეუძლიათ. ზოგჯერ ისეთ უაზრო წვრილმანებს გამოეკიდებიან ხოლმე, რომ ბევრი გარშემომყოფი ფიქრობს, ამაზე მეტი პრობლემა ღმერთმა არ მისცესო.

ალბათ, მათ არასოდეს დაუძინიათ იმაზე ფიქრთ რა აჭამონ დილით შვილებს, რა ჩააცვან, რომ არ შესცივდეთ, როგორ აუხსნან, რომ ამა თუ იმ სათამაშოს ვერ ყიდულობენ უფულობის გამო და ა. შ. არადა, მოსახლების დიდი ნაწილი ასე ცხოვრობს და უარესადაც.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები და უმადურებად არ ვიქცეთ? მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ აუცილებელია დავაფასოთ ის რაც გვაქვს, ვეცადოთ მივაღწიოთ მეტს, და რაც მთავარია უაზრო მიზეზების გამო არ დავუნგრიოთ ცხოვრება სხვებს და ჩვენც არ მოვიშალოთ ნერვები.

ყველას თავისი ცხოვრება, აზრი, პრობლემები და შეხედულებები აქვს, თუმცა პირადად მე ვერ წარმომიდგენია რატომ უნდა ეძებო ადამიანმა ზედმეტი პრობლემა, მაშინ, როდესაც გყავს საყვარელი მეუღლე, ხარ წარმატებული და ბედნიერი დედა.

თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ზოგისთვის ბედნიერება ოჯახს, შვილებს სრულებითაც არ ნიშნავს, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს, ჩვენთვის პრიორიტეტული ცხოვრებაში, ვფიქრობ, რომ მთავარი დაფასების უნარი და ხელოვნური პრობლემების არ შექმნაა.

იმ დღეს, მეზობლის ბავშვი ტიროდა ახალი თოჯინა მინდაო, რომლის შეძენის საშუალებაც მშობლებს არ ჰქონდათ და დედამ უპასუხა თოჯინა კი არა შენხელა იმდენი ბავში შიმშილობს და პური ენატრებათ, რაც გაქვს მადლიერი უნდა იყოო.

არ ვიცი, ბავშვისთვის მსგავსი პასუხის გაცემა რამდენად საჭიროა და სრულებითაც არ ვფიქრობ, რომ მეტისკენ არ უნდა ვისწრაფვოდეთ, უბრალოდ, ხშირად უნდა დავფიქრდეთ სხვებზე და ვისწავლოთ დაფასება, ურთიერთობების, ადამიანების... და ჩვენი მდგომარეობის.