ქალს აქვს უფლება მოექცეს თავის სხეულს ისე, როგორც სურს - კვირის პალიტრა

ქალს აქვს უფლება მოექცეს თავის სხეულს ისე, როგორც სურს

ჩვენში და არა მხოლოდ ჩვენში, ხშირად განიხილავენ თემას - აქვს თუ არა ქალს უფლება აბორტი გაიკეთოს, და ხშირად განსხვავებული აზრებიც მომისმენია.

ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს აკრძალული უნდა იყოს, ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალს აქვს უფლება თავად აირჩიოს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ამ ფაქტისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, ზოგისთვის კი მთავარია ვინმემ არ გაიგოს და ისე რაც გინდა ქენი...

მოკლედ, მოსაზრებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ამ თემის განხილვისას ბევრი ქალისგან მომისმენია, რომ მათ უბრალოდ არ ესმით რატომ უნდა გადაუწყვიტოს სხვამ, არ აქვს მნიშვნელობა კაცმა თუ ქალმა, თუ როგორ წარმართავს საკუთარ ცხოვრებას და შეწყვეტს თუ არა ორსულობას ხელოვნურად.

ბევრი იტყვის და უთქვამთ კიდეც, დაორსულება თუ არ გინდა არ დაორსულდებიო, მაგრამ ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება? ხშირად ის საშუალებები რომლითაც არასასრუველი ორსულობისგან იცავენ თავს ქალები, არ მოქმედებს, ან უბრალოდ ხდება ისე, რომ ვერ ითვალისწინებს ადამიანი ყველაფერს და გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოაჩენს, რომ თურმე ორსულადაა.

ალბათ, წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება თუ რას იგრძნობს ქალი იმ მომენტში, როდესაც სრულიად დაუგეგმავად და მოულოდნელად გაიგებს ამ ამბავს.

ხომ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ქალს არ ჰყავს ისეთი პარტნიორი, რომელთანაც წარმოუდგენია მისი დარჩენილი სიცოცხლის გატარება. მისი სექსუალური ცხოვრების შესახებ კი ბევრისთვის არ არის ცნობილი და მითუმეტეს ოჯახის წევრებისთვის, რადგან თვლის, რომ მსგავსი ურთიერთობების აფიშირება მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც ურთიერთობა სერიოზულ სახეს მიიღებს და მხოლოდ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით არ შემოიფარგლება. მოკლედ, რა ქნას ქალმა, როდესაც არ უნდა გარკვეული პერიოდი სერიოზული ურთიერთობა, ან უბრალოდ არ უწყობს ჯანმრთელობა ხელს, ანდაც არ არის მზად დედობისთვის.. მოკლედ ძალიან ბევრი "ან" არსებობს ამ შემთხვევაში...

აბორტის კანონით აკრძალვა არ მგონია, რომ იმ შედეგის მომტანი იყოს, რისთვისაც იბრძვიან აკრძალვის მომხრეები, წლების წინ, როდესაც საქართველოში მედიცინა არც თუ მაღალ დონეზე იყო განვითარებული, ქალები მაინც ახერხებდნენ ბავშვის მოცილებას და ამას სახლის პირობებში აკეთებდნენ, რაც საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

მოიცილო ბავშვი მხოლოდ იმიტომ, რომ ის გოგოა ( მსგავსი ისტორიებიც არა ერთია, როდესაც ქალს აბორტის გაკეთებისკენ ქმრები უბიძგებენ იმიტომ, რომ "გვარის გამგრძელებელს" არ ელოდებიან) ჩემი აზრით, ყოვლად მიუღებელია. ანუ შვილის გაჩენა არ გაჩენა მისი სქესით არ უნდა წყდებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ქალებს სრული უფლება აქვთ თავად მიიღონ გადაწყვეიტლება, მოექცნენ საკუთარ სხეულს ისე, როგორც უნდათ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩანასახი ძალიან პატარაა და "მკვლელობად" ეს ფაქტი არ აღიქმება.

ისევე როგორც სხვა ნერბისმიერ თემაზე, რადიკალურად განსხვავებული აზრები, შეხედულებები არსებობს. რამდენი კაციცაა იმდენი აზრი შეიძლება იყოს, სხვადასხვა მიზეზის გამო ნებისმიერმა ჩვენგანმა შეიძლება მოვუძებნოთ ამ ფაქტს ახსნა და ჩვენი პრინციპების გათვალისწინებით ვაღიაროთ, რომ ეს კარგი არ არის, მაგრამ აკრძალვა შეიძლება უარესი იყოს!

ქალებს აქვთ სრული უფლება მიიღონ გადაწყვეტილება გახდნენ თუ არა დედები და ერთხელ დაშვებული შეცდომის გამო ცხოვრება არ უნდა დაინგრიონ.