უნდა ადგე და წახვიდე, ანუ როდის აღარ ღირს ურთიერთობის შენარჩუნება - კვირის პალიტრა

უნდა ადგე და წახვიდე, ანუ როდის აღარ ღირს ურთიერთობის შენარჩუნება

როდის მთავრდება გრძნობა? როდის ქრებიან პეპლები მუცელში და როდის აღარ გვიჩქარდება გული მის დანახვაზე? ამბობენ, სიყვარული 3 წელი ძლებსო და სამწუხაროდ, ხშირად ეს მოსაზრება მართლდება.

გუშინ, მეგობართან ერთად ცხელი ამინდის თავის დასაღწევად თბილისის ერთ-ერთ პატარა, მყუდრო სანაყინეს შევაფარეთ თავი, სადაც ერთი ახალგაზრდა გოგოს ისტორია მომიყვა.

პრინციპში, ახალი არც არაფერი, 2 წლიანი შეყვარებულობის პერიოდი, ურთიერთობის დაკანონებით დასრულდა. ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით დასრულდა, რადგან ჯერ ერთი წელიც, არ არის გასული, რაც ცოლ-ქმარი არიან და ქმრისგან უკვე იგრძნობა საშინელი უყურადღებობა… გოგო ფიქრობს, რომ მათი ურთიერთობის დასასრული ახლოვდება.

ხშირ შემთხვევაში, როდესაც ცოლ-ქმარი ერთად 10-15 წელია, მათ შორის გრძნობა ცივდება, მაგრამ მაშინ, როდესაც 12 თვეც კი არ გასულა ქორწილიდან და ქმარს უკვე ავიწყდება შენი დაბადების დღე, აღარ უნდა ერთად გაერთოდ, იმოგზაუროთ, სახლში სულ გვიან მოდის და თქვენი ურთიერთბა საშინლად მოსაწყენი ხდება, აქვს კი აზრი ამ დროს დალაპრაკებას?

მეუღლესთან ახლო ურთიერთობა, მასთან დროის გატარება და უბრალოდ სიყვარულის გამოხატვა შინაგანი სურვილი უნდა იყოს და არა დაძალებული. როგორ უნდა მოგვარდეს ასეთი უთანხმოება წყვილს შორის მაშინ, როდესაც ურთიერთობა სულ ახალი დაწყებულია... ბუნებრივად ჩნდება კითხვა, მერე რა იქნება? მით უფრო, როდესაც ოჯახში პატარა გაჩნდება? მამა მთელი დღე და ღამე გარეთ, ცოლი სალხში შვილთან მარტო... არცთუ სახარბიელო სიტუაციაა...

მაინც რა ემართებათ კაცებს ოჯახის შექმნის შემდეგ? დიდწილად დაოჯახებამდე ისინი სრულიად სხვანაირად იქცევიან, ურთიერთობის დაკანონების შემდეგ კი რადიკალურად იცვლება მათი დამოკიდებულება. რა იცვლება მაშინ, როდესაც ურთიერთობა ახალ ფაზაში გადადის?

პასუხისმგებლობას ვერ უძლებენ, ხვდებიან, რომ ოჯახი მათი საქმე არაა, ბეზრდებათ "ერთგული ქმრის როლის თამაში" თუ უბრალოდ ხვდებიან რომ გადაწყვეტილება ნაადრევად მიიღეს? ან იქნებ, და მიზეზიც სრულიად ელემენტარულია - უბრალოდ, არ უყვართ ცოლები და ოჯახის შექმნის იდეაც ჯიშის გასამრავლებად გადაწყვიტეს.

ძალიან ძნელია ამის გაცნობიერება და გაგება, რომ ქორწინება პირველივე წელს ინგრევა, რთულია სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და გავაცნობიეროთ, რომ შეცდომა დავუშვით... ხშირად შეყვარებული ქალები სიმართლეს უგულებელყოფენ და იმის იმედით, რომ ქმრები შეცდომას მიხვდებიან, აგრძელებენ ასეთ აუტანელ მდგომარეობაში ყოფნას.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ასეთ სიტუაციებში სწორედ სიმართლის მიღება და მასთან შეგუებაა. შეიძლება ზოგჯერ, ურთიერთობის გამოსწორება ღირდეს, მაგრამ მაშინ როდესაც ხვდები, რომ კაცს მხოლოდ გვარის გასაგრძელებლად უნდიხარ, შენს მიმართ ლტოლვას არ განიცდის და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოშორებით იყოს, უნდა ადგე და წახვიდე ნამდვილი ბედნიერების მოსაძებნად და მეტად აღარ დაკარგო დრო.