ქალი უზრდელია და კაცი მაგარი ტიპი?! - კვირის პალიტრა

ქალი უზრდელია და კაცი მაგარი ტიპი?!

მახსოვს, დათო ტურაშვილმა დედა რომ აგიდა მთავრობის წევრებს პირდაპირ ეთერში, ამას რა დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენში, ნამდვილად არ მახსოვს მისთვის ვინმეს გაუზრდელი ეწოდებინა.

"რა ჯიგარია"-ს შეძახილები ისმოდა მხოლოდ და ის არავის გაუკრიტიკებია უხამსი სიტყვების წამოცდენის გამო. ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა ლანძღვა - გინება, რადგან საუბრის თემა მძიმე იყო და განერვიულებული ადამიანისგან მოსალოდნელი იყო მსგავსი რეაქცია.

ეს ბლოგი სრულიად აპოლიტიკურია! უბრალოდ, ბოლო დღეების განმავლობაში ისეთი სექსისტური კომენატრები მხვდება ნატა ფერაძესთან დაკავშირებით, არ შემეძლო არ გამოვხმაურებოდი.

ზოგადად გინება და საერთოდ ნებისმიერი უხამსი სიტყვა არც კაცისგან მსიამოვნებს და არც ქალისგან. არაერთხელ გამიგია დედის და არა მხოლოდ, გინება სამსახურში, როდესაც უფროსები თანამშრომლებს ლანძღავენ, მეზობლის სახლიდან გამოსული ჩხუბის ხმა, როდესაც ქმარი ცოლს აგინებს... ქუჩაში კაცების ჩხუბიც მინახავს, როდესაც ერთმანეთს საზიზღარი სიტყვებით ამკობენ. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია.

პირადად მე, მიჭირს ასეთ ადამიანებთან კონტაქტი, რომელთაც პირზე სულ გინება აკერიათ, მათთან ერთად თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. თუმცა ახლა სხვა თემაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. გავანებოთ თავი იმ სამწუხარო ფაქტსაც, რომ ბოლო დღეებია ნატა ფერაძის ლანძღვა უფრო აქტუალურია ვიდრე ის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქში ვცხოვრობთ და ვიწამლებით...

აი, რა მაინტერესებს:

როდემდე უნდა ითვლებოდეს ჩვენში კაცი, რომელიც ილანძღება, მაგარ ტიპად და ქალი უზრდელად?

როდემდე უნდა მიიჩნეოდეს, რომ კაცს თუ ბევრი ქალი ჰყავს, მაგარი კაცია და ქალი კი, რომელსაც რამდენიმე პარტნიორის გამოცვლა უწევს, ბოზი?!

როდემდე უნდა გვეგონოს, რომ კაცებისთვის სექსი მოსულა და ქალებისთვის ტეხავს ?

როდემდე უნდა აკეთონ კაცებმა ყველაფერი რაც უნდათ და ქალები კი ჩარჩოებში ექცეოდნენ ?

როდემდე ?!

მოდით, კიდევ ერთხელ შევთანხმდეთ, რომ ლანძღვა არავისგანაა ლამაზი, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ კაცი გავამართლოთ, ქალი კი მიწასთან გავასწოროთ ?! ახლა ვიღაც იტყვის ქალი-ქალია და კაცი-კაციო, არა და არა!

ქალებსაც და კაცებსაც აქვთ ერთნაირი უფლებებები და კი ბატონო, საზოგადოებაში არსებული ეთიკის ნორმებიც ერთნაირად უნდა დაიცვან და თუ რამეს არასწორად ან სწორად აკეთებენ, ხალხისგან თანაბარი და ადეკვატური რეაქცია უნდა მიიღონ და არა ასეთი: "ნახეთ ქალი რა უზრდელია, ილანძღება"! თუმცა ანალოგიურ შემთხვევაში კაცზე ამბობდნენ: "ეს რა მაგარი კაცია როგორ აგინაო"!

სადაა თანასწორობა და ლოგიკა აქ საერთოდ?

ვინ დაადგინა, რომ თუ ქალი ხარ, არ უნდა იგინებოდე? ვიმერებ, ჩემი აზრით, ზოგადად ადამიანები არ უნდა ილანძღებოდნენ, თუმცა ზოგჯერ ისეთი სიტუაციაა სხვა გზა არ რჩებათ და ვერ თოკავენ ნერვებს და ესეც ბუნებრივია.

ოჯახში გოგონებს ასწავლიან ზრდილობიანები უნდა იყოთო, ბიჭებს კი მამები თავად უბიძგებენ სალანძღავი სიტყვებისკენ და როცა 3-4 წლის ჩამოუყალიბებლი ადამიანი ბავშვური ხმით და დამახინჯებული ენით დედას შეიგინება, უხარიათ... მეტიც, ამაყობენ რა მაგარი ბიჭი მეზრდებაო. ნორმალურია ახლა ეს?

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველაზე კარგი რეალურ პრობლემებზე აქცენტის გაკეთებაა და არა იმაზე დავა, თუ ვის როგორი ლექსიკა აქვს და კიდევ ერთი, ის, რაც ქალისგან ჩანს ცუდად, ანალოგიურად ჩანს კაცისგანაც და პირიქით. გვეყოს ერთმანეთის განსხვავება მხოლოდ იმით თუ ვის რა აქვს ფეხებს შუა და შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ რაც კაცისთვის მოსულა, იგივე მოსულა ქალისათვისაც და ამაში საოცარი არაფერია!