ვის უფრო უჭირს დაშორება კაცს თუ ქალს?! საერთოდ რომელს უფრო შეუძლია სიყვარული? - კვირის პალიტრა

ვის უფრო უჭირს დაშორება კაცს თუ ქალს?! საერთოდ რომელს უფრო შეუძლია სიყვარული?

ურთიერთობები სიხარულით იწება, თავდაპირველად ბედნიერების განცდა არ გტოვებს ადამიანს, თუმცა რიგ შემთხვევაში წყდება ან ისე გრძელდება, რომ, ვაი, მაგ გაგრძელებას. უმრავლეს შემთხვევაში კრიზისი 3 წლის შემდეგ იწყება, რასც ბევრი ვერ უძლებს და ერთ დროს ძლიერი გრძნობაც ნელ-ნელა ქრება...

ასეთ დღეშია ჩემი ერთი მეგობარი რომელიც საყვარელ ადამიანს დაშორდა. ხომ იცით, როგორც ხდება - პირველი კვირა ტირი, მეორე კვირას წევხარ და არავის დანახვა არ გინდა, მესამედან აზრზე მოდიხარ, მეოთხედან კი ცდილობ ცხოვრება თავიდან დაიწყო.

ყოველთვის მაინტერესებდა, ვის უფრო უჭირს დაშორება კაცს თუ ქალს ?! საერთოდ რომელს უფრო შეუძლია სიყვარული?

ზოგს თუ დავუჯერებთ, კაცებმა საერთოდ არ იციან ეს რას ნიშნავს, მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ "ყველა ერთნაირი " არ არის და ზოგიერთ მამაკაცსაც შეუძლია ნამდვილი, გულწრფელი, უღალატო სიყვარული. ისეთი ძლიერი, ცხოვრებაში ერთხელ რომ მოდის მხოლოდ, მართალია ასეთი შემთხვევები იშვიათადაა ხოლმე, მაგრამ იმედი ხომ ბოლოს კვდება და მეც ვცდილობ ვაცოცხლო.

ისევ თავდაპირველ ამბავს უნდა დავუბრუნდე, - ჩემს მეგობართან დაშორების მიზეზი არ გაინტერესებთ? 5 - წლიანი ურთიერთობის შემდეგ ბიჭი მიხვდა, რომ თურმე ასეთ კარგ გოგოს არ იმსახურებდა, რომ ნატა თურმე უკეთესის ღირსია და სხვასთან ბევრად უფრო ბედნიერი იქნება. მართალია, ნატასთვის აზრი არ უკითხავს, მაგრამ თავად დარწმუნებულია იმაში, რასაც ამბობს. მეგობარს როცა უჭირს, უნდა დაეხმარო და ზოგჯერ სიმართლის თქმაც გადადო .. ხოდა ასე ვიქცევი მეც. არაფრით არ მჯერა ამ მიზეზების. კაცების ეგოისტურ ხასიათს თუ გავითვალისწინებთ, საქმე, ჩემი აზრით, სხვა რამეშია, მაგალითად, წლების შემდეგ გახუნებულ გრძნობაში ან ახალ სიყვარულში, თუმცა ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს , რადგან ისინი დაშორდნენ...

გაინტერესებთ ქალები როგორ იქცევიან ასეთ დროს ? - ბევრი დაშორებული წყვილი მინახავს და მათი რეაქციები ყოველთვის განსხვავდებოდა. ზოგი მეგობრებთან ტირილს არ ერიდება, ზოგი ჩუმად ტირის სახლში, ზოგი თითქოს ივიწყებს მეორე დღესვე... თუმცა უფრო ხშირად ისინი საყვარელ ადამიანთან დაშორებას, შეიძლება ითქვას, ძვირფასი ადამიანის სიკვდილზე მეტადაც კი განიცდიან და როცა ამ ყველაფერს ვხედავ, მგონია, რომ კაცებს ეს არ ესმით. ასე ვერ გრძნობენ, ასე ვერ გამოხატავენ, არ ტკივათ და არ უყვართ. ყოველთვის, როდესაც დადარდიანებულ ქალს ვხედავ, ვფიქრობ, რას შვება ახლა მისი უკვე ყოფილი პარტნიორი? ნუთუ ასე წამებში ივიწყებენ წარსულს?!

მჯერა, ნატა მალე უკეთ იქნება!.. და ყველა ქალს, რომელიც დღეს მის ადგილასაა, მინდა, ვუთხრა, რომ მათ ყველაფერი ძალიან კარგად ექნებათ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამის არ სჯერათ. დრო ყველაფრის მკურნალია, უბრალოდ, მიეცით თავს ცოტა მეტი დრო. და მაინც .. ვის უფრო სტკივა - ქალს თუ კაცს ?!