როცა ქორწინება კლავს (?!) - კვირის პალიტრა

როცა ქორწინება კლავს (?!)

გოგო და ბიჭი ხვდებიან ერთმანეთს, აღმოაჩენენ საერთო ინტერესებს, მოსწონთ ერთმანეთი, იზიდავენ, უნდათ, სასიამოვნოდ ატარებენ დროს ერთად... გარკვეული პერიოდის შემდეგ ხვდებიან, რომ ენატრებათ ერთმანეთი და აღარ უნდათ უერთმანეთოდ ყოფნა.

მერე შვებულების გატარებასაც ერთად გადაწყვეტენ, რადგან ყოველი თავისუფალი დღე და სააათი უნდათ ერთად გაატრონ... ერთად ხვდებიან ახალ წელს, შობას, მიდიან სამოგზაუროდ... ერთად განიხილავენ ზაფხულის გეგმებს და ა.შ. მალე "მე"-ს "ჩვენ" ცვლის და დროთა განმავლობაში წყვილი ისე ეჩვევა ერთმანეთს, რომ ამ რუტინის გარეშე ცხოვრება ძნელად წარმოუდგენიათ. ჰგონიათ, რომ ყველაფერს შეძლებენ, დაძლევენ, გაუძლებენ გამოცდებს და ცხოვრების ბოლომდე ბედნიერები იქნებიან.

მალე ურთიერთობა ახალ ფაზაში გადადის, რაც მეგობრების და ნათესავების გაცნობით შემოიფარგლება. იცნობენ, უხარიათ... სტუმრობენ ერთმანეთს.. უკვე ისმის კითხვები ოჯახის შექმნასა და ლამის შვილისშვილებზეც. მართალია წყვილი ჯერ ამისთვის მზად არ არის, მაგრამ უნებურად ექცევა გარემოს გავლენის ქვეშ და თვითონაც იწყებენ თანაცხოვრებაზე ფიქრს...

ბოლოს მიხვდებიან, რომ ახალი სახლი უნდათ, სადაც ერთად და სუფთა ფურცლიდან დაიწყებენ ცხოვრებას.

იწყება ავეჯის შერჩევა, რაც ბევრისთვის სახალისო პროცესია. მეგობრებთან შეხვედრების დროს განიხილავენ გეგმებს და ყველა სასიამოვნოდ შეჰყურებს მათ აღტკინებულ სახეებს. ზოგს სჯერა ასეთი სიყვარულის სამუდამოდ არსებობის, ზოგსაც - არა, მაგრამ ყველა თანხმდება რომ ლამაზი წყვილია.

იწყება სახლის შერჩევა და ქორწილის დაეგმვა - საშუალოდ 100-150 კაცზე... მხოლოდ ახლობლები. ღია ცის ქვეშ. ლამაზი გარემო, ლამაზი ფოტოები, ტორტი. მერე მოგზაურობა. მათ ისევ უყვართ ერთმანეთი და მალე პატარას მოლოდინიც აუჩქარებთ გულებს. პირველი შვილი, მეორე -  დროა, აბა, მარტო ბავშვი ხომ ცოდოა. მერე მესამე... შემთხვევით დაორსულება ან უბრალოდ ბევრი შვილის ყოლის სურვილი.

ორივე დაღლილია საღამოს. ნელ-ნელა აღიზიანებთ ერთმანეთის ჩვევები. ბეზრდებათ სექსი. აღარ აღელვებთ ერთმანეთის სუნი. იხსნიან ქორწინების ბეჭდებს, შლიან სოციალური ქსელიდან ქორწილის ფოტოებს, კაბა აღარ მოსწონთ ალბათ.... გემოვნებაც ხომ იცვლება წლების განმავლობაში.

ეჭვიანობა... ჩხუბი...ვითომ შვილების გამო შენარჩუნებული ოჯახი, არადა ორივეს ეზარება არეულობა. ჰოდა, ასე ცხოვრობენ და იტანენ, ითმენენ ერთმანეთს.

იმ მეგობრებისთვის და ნათესავებისთვის კი ისევ ისეთი ლამაზები და კარგები არიან, მაგრამ სახლში სიცარიელე, ხშირად ზიზღიც კი სუფევს და რაც დრო გადის, უფრო და უფრო იდგამს ფესვს მათ გულებში. მაგრამ ახლაც, როგორც ადრე, საზოგადოების გავლენის ქვეშ არიან.

ოჯახს ხომ არ დაანგრევენ. ბავშვები ცოდოები არიან, სამაგიეროდ ყოველდღე ჩხუბის ყურება უწევთ, მაგრამ რა უშავს, ხდება ხოლმე. მერე რა... ასე გადის დრო… ხან ერთს სტკივა, ხან - მეორეს. ხან ერთს აღარ უნდა, ხან - მეორეს, მაგრამ საზოგადოებამ მათ ხომ მთელი ცხოვრება ერთად ყოფნის განაჩენი გამოუტანა.. ჰოდა, ისინიც აგრძელებენ ამ რუტინაში ცხოვრებას. ძალაც არ აქვთ და გამბედაობა სხვანაირი ცხოვრება წარმოიდგნინონ და  ნამდვილად ბენდიერები იყვნენ, თუმცა ზოგისთვის შეიძლება ასეთი ცხოვრებაც ბედნიერება… რას გაიგებ კაცია და გუნება.

ჰოდა, რა მინდოდა იცით მეთქვა, ხშირად ქორწინება კლავს.. აი ჯოლი-პიტის არ იყოს და კიდევ არა ერთი ცნობილი თუ უცნობი წყვილის... ქორწინება კლავს სიყვარულს და ადამიანი ამ მკვლელობის თანამონაწილეა.