ყური აგტკივდათ? - კვირის პალიტრა

ყური აგტკივდათ?

ყურის ტკივილი, ისე როგორც კბილისა, ძალიან ძნელი გასაძლებია. უმეტეს შემთხვევაში ყურის ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს გაცივებით გამოწვეული ანთებითი პროცესი. ამ დროს გაიკეთეთ თბილი (და არა ცხელი!) კომპრესი ან ჩაიწვეთეთ ყურში გამათბობელი წვეთები და 10-15 წუთით დაწექით ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, შემდეგ გაიწმინდეთ ყურები ბამბის ტამპონით. პროცედურა ჩაიტარეთ (არა უმეტეს) დღეში 2-ჯერ. მაგრამ თუ გაცივებამ გაიარა და ყურის ტკივილი კი გრძელდება, ეს მიანიშნებს, რომ ინფექცია განვითარდა - მიმართეთ ოტორინოლარინგოლოგს.

ყურის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს: გოგირდის საცობებმა, ან მასში მოხვედრილმა პატარა საგანმა, მწერმა, არც ერთ შემთხვევაში თავად არ შეეცადოთ მათ ამოღებას - მიმართეთ სპეციალისტს.

თუ ყურის ტკივილის გამომწვევი ოტიტია, რომლის სიმპტომებია მფეთქავი, ყრუ და გაუსაძლისი ტკივილი - იგი გადაეცემა თავს და ძლიერდება ცემინებისა და ნერწყვის ჩაყლაპვის დროს, გიპყრობთ უძილობა, უმადობა, სუსტად გრძნობთ თავს, ტემპერატურა 38-39 გრადუსია, ყურები დახშულია და ჩირქოვანი გამონადენი გაქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ დარღვეულია ყურის დაფის აპკი.

იმის მიხედვით, თუ ყურის რომელ ადგილას განვითარდა ინფექცია, განასხვავებენ გარეგან, შუა და შიდა ოტიტს. დიაგნოზის დასმის შემდეგ ექიმი დანიშნავს მკურნალობას, რომელიც ზედმიწევნით უნდა შეასრულოთ.

ყურის ანთება შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო ინფექციამ, არამედ ტონზილიტმა, ფარინგიტმა, სინუსიტმა, ნევრალგიამ ან კისრის მიოზიტმა, გადაცივებამ, გაცივების არა დროულმა და დაუმთავრებელმა მკურნალობამ, ყურების არასწორმა მოვლამ და, რაც მთავარია, ორპირმა ქარმა, ყურსასმენებით მუსიკის ხანგრძლივად მოსმენამ.

ყურები რომ არ აგტკივდეთ, საჭიროა ცივ ამინდში თავზე დაიხუროთ, ერიდეთ ორპირს, ყურებში არ უნდა მოხვდეს წყალი, დროულად უმკურნალეთ სურდოს, ვირუსულ ინფექციებს, გაიძლიერეთ იმუნიტეტი, სრულფასოვნად იკვებეთ, ისეირნეთ ჰაერზე და ივარჯიშეთ.

გირჩევთ, ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული ყურის ტკივილის დროს მიმართოთ ექიმს და გაითვალისწინოთ მისი რეკომენდაციები.