დაფნა მკურნალია - კვირის პალიტრა

დაფნა მკურნალია

დაფნის ფოთოლს სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებენ. ის დაბლა სწევს წნევას, ხსნის სპაზმებს, ამაგრებს ნერვებს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას, შველის გაცივებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესსა და კანის მდგომარეობას, გამოდევნის სახსრებიდან მარილებს.

გახსოვდეთ, დაფნის ფოთლის ნაყენი ისე ძლიერად გამოდევნის ორგანიზმიდან მარილებს, რომ ზოგჯერ იწვევს თირკმელ-კენჭოვანი დაავადების გამწვავებას - გამოიდევნება არა მარტო მარილი, არამედ კენჭებიც კი. სამაგიეროდ, სუსტად მოქმედებს წვნიანში დამატებული დაფნის ფოთლები.

გაგაცნობთ ამ სამკურნალო მცენარის თვისებებს:

- წიწაკა და დაფნის ფოთოლი ერთად - მსუბუქი გამხსნელია.

სახსრებს ასუფთავებს: 30-35ც ფოთოლი დააქუცმაცეთ, დაასხით 300მლ თბილი წყალი, 5 წუთი ადუღეთ. ნახარში ჩაასხით თერმოსში და 5-6 საათი გააჩერეთ. გაწურეთ და მიიღეთ 20-წუთიანი შუალედებით 12სთ-ის განმავლობაში პატარა ყლუპობით. პროცედურა გრძელდება 3 დღე.

ერთკვირიანი შესვენების შემდეგ მკურნალობა გაიმეორეთ. სასურველია, ნახარშის მიღებისას ჭამოთ ბევრი ბოსტნეული.

შედეგი შესამჩნევი გახდება 3 კვირის შემდეგ. ფეხებში იგრძნობთ სიმსუბუქეს, გაუმჯობესდება სახსრების მოძრაობა, შემცირდება მუხლებში ხრაშუნი, გაგიადვილდებათ კიბეზე ასვლა.

პირველ წელს პროცედურები უნდა ჩაიტაროთ 3 თვეში ერთხელ, შემდეგ კი წელიწადში ერთხელ. სასურველია, პროცედურების წინ გაიწმინდოთ ნაწლავები, რათა ალერგიული რეაქციისაგან თავი დაიზღვიოთ.

ცნობისთვის: დაფნის ფოთლებით ორგანიზმის გაწმენდა არარეკომენდებულია კუჭის წყლულით დაავადებულებისთვის.

- რევმატიზმის დროს - 1 წილ დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს შეურიეთ 2 წილი გამდნარი კარაქი, 30 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე, გააცივეთ და წაისვით მტკივნეულ ადგილზე.

- დაჟეჟილობის, ნაღრძობის, დამბლისა და დაჭიმულობისას ტკივილებს ხსნის და გაჭრილს სწრაფად ახორცებს: 1 კოლოფი დაფნის ფოთოლი (აფთიაქში იყიდება) დააქუცმაცეთ, დაამატეთ 200გ მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ, გააჩერეთ 1 კვირა, შემდეგ გაწურეთ და წაისვით მტკივნეულ ადგილებზე.

იგივე ზეთი გამოიყენება ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს, მიიღეთ 10-15 წვეთი რძესთან, კეფირთან ან ჩაისთან ერთად დღეში 2-3-ჯერ.

- სტომატიტისა და ღრძილების ანთების დროს პირის ღრუში გამოივლეთ დღეში 2-ჯერ 1 ჭიქა თბილი ნახარში.