მენინგიტი ვერაგი დაავადებაა - კვირის პალიტრა

მენინგიტი ვერაგი დაავადებაა

"ჩაკეტილი და გამთბარი სივრცე მენინგიტის გავრცელების საუკეთესო პირობაა"

მენინგიტი მეტად მძიმე დაავადებაა და სწორედ ზამთრის პერიოდში მწვავდება. საბედნიეროდ, შესაძლებელია ამ დაავადების პროფილაქტიკაც და მკურნალობაც. გვესაუბრება ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ნეიროინფექციების განყოფილების გამგე გია დეისაძე:

- მენინგიტი, ანუ თავის ტვინის გარსის ანთება სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, თუმცა თუკი საზოგადოება ამის შესახებ კარგად იქნება ინფორმირებული, ამ საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია.

არსებობს მენინგიტის ბაქტერიული, ვირუსული, ტუბერკულოზური და სოკოვანი ფორმა, რომელთაც თავის ტვინში ჩირქის წარმოქმნა შეუძლიათ, მაგრამ მათგან ყველაზე მრისხანე ბაქტერიული, ანუ მენინგოკოკური მენინგიტია. ის წვეთოვანი გზით გადადის, ანუ სულ რაღაც ერთ მეტრამდე არეალში - როცა მენინგიტის ბაქტერიამატარებელი ერთი ადამიანი ახველებს, ანდა მეორე ადამიანს ესაუბრება. ამ დროს ბაქტერიამატარებელი ავად არ არის, სამაგიეროდ, სხვას აავადებს. სიტუაცია კიდევ უფრო კატასტროფული ხდება, როცა მენინგოკოკური მენინგიტის ბაქტერია სისხლში აღმოჩნდება, ანუ მენინგოკოკური სეფსისის განვითარებისას.

მენინგიტის ბაქტერიით გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა იმპერიამ "დაგვასაჩუქრა", როცა მენინგიტის გავრცელების არეალიდან, ინდო-ჩინეთიდან, ვაგონებით ჩამოიყვანეს ახალგაზრდობა და საბჭოთა კავშირში, ვლადივოსტოკიდან მოყოლებული, თბილისის ჩათვლით, ყველა დიდ საწარმოში დაარიგეს სხვადასხვა პროფესიათა შესასწავლად. ინდოჩინეთში მენინგიტი დღესაც მძვინვარებს, არავინ აქცევს ყურადღებას, რამდენი კაცი კვდება. ჩვენთან კი იმ დროისათვის მენინგიტის შემოტანას დიდი უბედურება მოჰყვა. მაგალითად, ყველა ბავშვი დაიხოცა სანქტ-პეტერბურგის იმ საბავშვო ბაღში, რომელთა აღსაზრდელების მშობლებიც ინდოჩინელებთან მუშაობდნენ. მთელი რუსეთი თავზარდაცემული იყო, მაშინ არავინ იცოდა, რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი.

- ამ ბავშვების მშობლები გადარჩნენ?

- გადარჩნენ და სწორედ ეს არის ამ ბაქტერიის ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისება, - მენინგიტი მხოლოდ თბილ ტემპერატურაზე გადადის. ზამთარში პეტერბურგში საბავშვო ბაღშიც გათბობა იყო ჩართული და სიცივის შიშით ბავშვები, მშობლებისგან განსხვავებით, გარეთ არ გაჰყავდათ. ასე რომ, ჩაკეტილი და გამთბარი სივრცე მენინგიტის გავრცელების საუკეთესო პირობაა. ამიტომაც ითვლება იგი სწორედ ინდოჩინეთის სანაპირო ზოლის ეპიდემიად. ამიტომაც უწყობს ხელს მენინგიტით დაავადებას ჩვენთან ზამთარი, როცა ხალხი თბილ სახლებში გამოიკეტება.

ექიმებს გვეკითხებიან, თუ მენინგიტი გადამდებია, რატომ თქვენც არ ავადდებით მენინგიტიანი ავადმყოფების მკურნალობისასო. იმიტომაც არ ვავადდებით რომ პალატიდან გამოსულნი ნახევარი საათი სუფთა ჰაერზე ვსეირნობთ! სიცივეში კი მენინგობაქტერია ერთ წუთში კვდება.

- ჩვენში თუ ყოფილა მენინგიტის ეპიდემიის შემთხვევა?

- საბედნიეროდ არა. ყოფილა მხოლოდ ერთეული შემთხვევა, რასაც, როგორც ვთქვი, ჩაკეტილი სივრცე უწყობს ხელს. თუმცა, ერთადერთხელ, რამდენიმე წლის წინ, მენინგიტის გავრცელებისა და სიკვდილიანობის შემთხვევა სამხედრო ნაწილში დაფიქსირდა. დაავადებული ახალგაზრდები საავადმყოფოში როცა შემოჰყავდათ, მივხვდით, რომ ამ ნაწილში ვიღაც მენინგოკოკური ბაქტერიის მატარებელი იყო და მას მხოლოდ ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მივაგენით, - სამზარეულოში მომსახურე ქალბატონი აღმოჩნდა, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა ახალწვეულებთან. მას ცხვირ-ხახაში აღმოაჩნდა ბაქტერია, თავად კი ჯანმრთელი იყო.

- მენინგიტის სხვა სახეობებზეც ვისაუბროთ...

- ტვინის გარსების ანთება, ისევე როგორც ორგანიზმის სხვა ორგანოების ანთება, გართულებისას შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსებმა, ნებისმიერმა მიკრობმა, მაგალითად, სტაფილოკოკმა ან სტრეპტოკოკმა, მაგრამ თუ ადამიანი დროულად მიხედავს, არც გადამდებია და არც საშიში. ტუბერკულოზური მენინგიტი ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანს რომელიმე სახის ტუბერკულოზი აქვს. გართულებისას ტუბერკულოზის ჩხირი აღწევს ტვინში და იქ იწყება ანთება. მისი მკურნალობაც შესაძლებელია. სოკოვანი მენინგიტი კი ძირითადად იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში ვრცელდება, - არსებობს ისეთი სახის სოკო, რომელიც მხოლოდ იმუნიტეტდაქვეითებულ ადამიანებს აქვთ, მათ ადვილად ერევა და ტვინის გარსების ანთებასაც იწვევს.

- რა ნიშნები ახასიათებს მენინგიტის დაავადების დაწყებას?

- ტუბერკულოზური დაავადების დროს შესაძლოა ავადმყოფს დაბალი ტემპერატურაც ჰქონდეს, მაგრამ ძირითადად მენინგიტს მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და ღებინება ახასიათებს, მენინგოკოქცემიის, ანუ სისხლში გადასული მენინგობაქტერიის დროს კი პაციენტს სხეულზე ვარსკვლავისებური ფორმის სისხლჩაქცევები უჩნდება. ყველა შემთხვევაში დაავადებული დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საავადმყოფოში, რადგან დროული მკურნალობა მენინგიტის მორჩენის აუცილებელი პირობაა.

არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანებს ამ უმძიმესი დაავადების დროს თვითმკურნალობა დაუწყიათ, რაც სავალალო შედეგით დასრულებულა.