რა არის პრობიოტიკები - კვირის პალიტრა

რა არის პრობიოტიკები

თანამედროვე მედიცინა ნაწლავურ მიკროორგანიზმებს მიიჩნევს ჩვენს სხეულში ჩაშენებულ თავისებურ დამცველ სისტემად. პრობიოტიკები მათთვის იმუნოსტიმულატორებია. როგორც უნდა დასუსტდეს ჩვენი შინაგანი დაცვა, პრობიოტიკები ეხმარებიან ფუნქციების აღდგენაში. მათ შეუძლიათ იქაც კი გაიმარჯვონ, სადაც სხვა საშუალებები უძლურია. მაგალითად, მოსპონ ვირუსები, რომლებზეც ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ.

რესპირატორული ინფექციების დროს რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეთ, მიიღეთ ახალი კეფირი, მაწონი და იოგურტი ცოცხალი პრობიოტიკებით ან მათ საფუძველზე დამზადებული სპეციალური პრეპარატები.

ნაწლავების მიკროფლორის დარღვევის მიზეზებია:

უხარისხო და არაბალანსირებული კვება, ხანგრძლივად და უკონტროლოდ ანტიბიოტიკებისა და სულფანილიდური პრეპარატების მიღება, არასასურველი ეკოლოგიური გარემო, უძილობა, გადაღლილობა, დეპრესია, ნერვიულობა, გადატანილი გაცივება, ტრავმები და ოპერაციები, სამსახურის შეცვლა, შვებულებიდან დაბრუნება. ამ მიზეზების აღმოფხვრაში დაგეხმარებათ პრობიოტიკები, რომლებსაც შეიცავს რძემჟავა პროდუქტები: კეფირი, იოგურტი.

დარღვევისას ნაწლავების ძირითადი მობინადრეები - მიკრობული ფლორა გამოიდევნება აგრესიული იმიგრანტებით - შემდეგი სახის სოკოებით: კანდიდათი, სტაფილოკოკებით, ჩხირებით.

ნაწლავებში მომხდარი ცვლილება - ეჭვი დისბაქტერიოზზე - უნდა გამოავლინოს ანალიზმა. დისბაქტერიოზის სიმპტომებია: დიარეა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, დარღვეულია საჭმლის მონელება - საკვებს მთლიანად არ ითვისებს ორგანიზმი, რის შედეგადაც ორგანიზმს აკლდება ვიტამინები, მიკროელემენტები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები. ამ დროს ადამიანი თავს კარგად ვერ გრძნობს; ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ მიკრობული დისბალანსი ხელს უწყობს ალცჰაიმერის, ალერგიის, ართრიტის განვითარებას, იმუნიტეტის დაქვეითებას, არტერიული წნევისა და სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებას, არცთუ იშვიათად დისბაქტერიოზი ხდება წონაში (სიმსუქნის) მომატების მიზეზი.

გსურთ ამ უსიამოვნო მოვლენებს თავი დააღწიოთ, მათ შორის იმუნიტეტი აიმაღლოთ, საჭიროა ხშირად ჩართოთ მენიუში ახალი ხილი და ბოსტნეული, რძემჟავა პროდუქტები (იოგურტი, კეფირი, მაწონი). ასე რომ, მიირთვით დღეში 250-300 მლ რძემჟავა პროდუქტი: ის დაგეხმარებათ დაიცვათ ნაწლავების მიკროფლორა და შეამციროთ დისბაქტერიოზის განვითარების რისკი.