დავიცვათ წონასწორობა - კვირის პალიტრა

დავიცვათ წონასწორობა

სანამ ნაწლავებში ერთმანეთს შეგუებულნი ცხოვრობენ "კარგი" და "ცუდი" მიკრობები, ჯანმრთელები ვართ, მაგრამ როგორც კი მათ შორის ბალანსი ირღვევა...

ადამიანის მსხვილ ნაწლავში "ჩასახლებული" მიკროორგანიზმების 98%-ს შეადგენს მიკრობები - ბიფიდობაქტერიები, ლაქტობაქტერიები და ბაქტეროიდები. ისინი არა მარტო ვიტამინებსა და ამინომჟავების სინთეზირებას უწყობენ ხელს, არამედ ხელს უწყობენ საჭმლის მონელებისა და საკვები ნივთიერებების ათვისებას, აძლიერებენ იმუნიტეტსა და აუმჯობესებენ პერისტალტიკას, "მკაცრად" აკონტროლებენ სტაფილოკოკებს, სტრეპტოკოკებს, სოკოს და სხვა მავნე მიკროორგანიზმებს. მაგრამ, თუ გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით (მაგალითად, არაკორექტულად ანტიბიოტიკების მიღება, სტრესი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევა) სასარგებლო ბაქტერიების რიცხვი იკლებს, მავნე იწყებს სწრაფად გამრავლებას - ვითარდება დისბაქტერიოზი.

დისბაქტერიოზის სიმპტომებია: მეტეორიზმი, შეკრულობა, ფაღარათი, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, გულძმარვა, პირში უსიამოვნო გემო... თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, მიმართეთ თერაპევტს ან გასტოენტეროლოგს. დაადგენს რა ანალიზების მეშვეობით ექიმი დისბაქტერიოზს, დაგინიშნავთ ნაწლავების ნორმალური მიკროფლორის აღმდგენ საშუალებებს.

დისბაქტერიოზის პროფილაქტიკის მიზნით უნდა გააძლიეროთ იმუნიტეტი: იძინეთ არანაკლებ 8 საათი, ხშირად ისეირნეთ, არ მიიღოთ წამლები ექიმის დანიშნულების გარეშე. ყოველდღიურ მენიუში გაითვალისწინეთ ხილი და ბოსტნეული, რძემჟავა პროდუქტი, არ დაუშვათ შეკრულობა, ნაწლავების დისბაქტერიოზს მკურნალობენ პრობიოტიკებითა და პრებიოტიკებით. პირველი შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ცოცხალ მიკროორგანიზმებს - ბიფიდო-, ლაქტო-, რძემჟავა ბაქტერიებს (ეს თვისება აქვს რძემჟავა პროდუქტებს).

პრებიოტიკები სასურველ პირობებს უქმნიან და ეხმარებიან "კარგ" ბაქტერიებს, მიაღწიონ ნაწლავებამდე. მათ განეკუთვნება სიმინდი, შვრია, ჭვავის პური, პარკოსანი, წვენები, ქატო და ასევე რძის ნაწარმი.