შორს, დაღლილობავ!.. - კვირის პალიტრა

შორს, დაღლილობავ!..

დღის განმავლობაში დაღლილობამ რომ არ შეგაწუხოთ, სამუშაო დღე სწორად დაგეგმეთ.

უპირველესად, მოიწესრიგეთ ძილი, რადგან ძილი გაგათავისუფლებთ არა მარტო ფიზიკური, არამედ გონებივი დაღლილობისგანაც.

ღამით ტვინი აწესრიგებს მთელი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას და ხსნის მთელი დღის ემოციურ დაძაბულობას. გამოუძინებლობის დროს ტვინი ძნელად ფუნქციონირებს - უარესდება ლოგიკური აზროვნება, მეხსიერება, ქვეითდება კონცენტრაციის უნარი...

ზოგჯერ დაღლილობა დაკავშირებულია სითხის უკმარისობასთან, ტვინი და ნერვული სისტემა ხომ 85% წყლისგან შედგება. ამიტომაც სითხის სულ 1%-ით ნაკლებობის დროსაც კი თავს მოთენთილად იგრძნობთ. გირჩევთ, მიიღოთ მეტი სითხე.

ენერგიის წყაროა სწორი კვება. საუზმეზე მიიღეთ ფაფეულები ცილებთან (იოგურტი ან ყველი), ვიტამინებთან და უჯრედისებით მდიდარ ხილთან ერთად. შეეცადეთ, ჭამიდან ჭამამდე დაიცვათ 3-საათიანი შუალედი, რადგან შიმშილის გრძნობა აქვეითებს პროდუქტიულობას. დღის განმავლობაში წაიხემსეთ ხილით, ბოსტნეულით, კაკლით. იოგურტი კარგია შუადღისას - 2 საათისთვის, რადგან ამ დროისთვის იწყება ენერგიის ბუნებრივი დაქვეითება.

დღის განმავლობაში, ყოველ 50 წუთში ერთხელ ადექით და გაიარ-გამოიარეთ, გაიხედეთ ფანჯარაში, მუშაობის დროს გააკეთეთ რამდენიმე ვარჯიში, გადაიხარეთ წინ, თავი მიატრიალ-მოატრიალეთ, გაიკეთეთ კისრისა და კეფის მასაჟი, ამ დროს უმჯობესდება ტვინში სისხლის მიმოქცევა და ისვენებს დაძაბული კუნთები, შეეცადეთ მოდუნდეთ, გათავისუფლდეთ ფიქრებისგან, დაჯექით მოხერხებულად, დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. თუკი შეძლებთ, მოდუნდით, მაშინ დაღლილობაც გაივლის.