რძის პროდუქტები - ცილებისა და კალციუმის წყარო - კვირის პალიტრა

რძის პროდუქტები - ცილებისა და კალციუმის წყარო

ყველაზე სასარგებლო პროდუქტების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს რძის პროდუქტები - რძე, ყველი, იოგურტი, ხაჭო, არაჟანი და ა.შ.

გარდა იმისა, რომ კალციუმის შემცველობით ყველი აბსოლუტური ჩემპიონია, ის შეიცავს ბევრ  A, E, B  ჯგუფის და PP ვიტამინებს, ამინომჟავებს, ცხიმოვან მჟავებს, ფოსფორს, კალიუმს, სელენას და თუთიას, ხოლო ცილა მასში უფრო ბევრია, ვიდრე ხორცში - დაახლოებით 20%. ამასთან, ის რძეზე ადვილად აითვისება, თუმცა, გაითვალისწინეთ ყველი კალორიულია, 100 გ-ში 300-400 კკალორიაა.

უფროსებისთვის დღიური ნორმაა - 1200 მგ, რომელიც შეიძლება მიიღოთ სამი ნებისმიერი რძის პროდუქტით. მაგალითად: საუზმეზე შეჭამეთ ყველის პატარა ნაჭერი, სადილზე დალიეთ ჭიქა რძე ან კეფირი, სამხარზე კი - იოგურტი.

სხვათა შორის, დღეში 1 ჩ/ჭ რძის მიღება ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს 37%-ით. რძის პროდუქტები შეიცავენ დაახლოებით 250 სასარგებლო ელემენტს, მათ შორის ცილებს, 25 მინერალურ მარილს, 12 ვიტამინს, 10 ფერმენტს. რძის პროდუქტებიდან ცილები აითვისება 95%-ით, ხოლო ამინომჟავები, რომელსაც ისინი შეიცავენ, აუმჯობესებენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას, დაბალკალორიული იოგურტი, ყველი და რძე ამცირებენ ფილტვების, საშვილოსნოს ყელისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კიბოთი დაავადების რისკს. დაბალკალორიული რძის პროდუქტები ააქტიურებენ ტვინის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებენ მეხსიერებასა და ლოგიკურ აზროვნებას.

კალიუმით მდიდარი რძის პროდუქტები (განსაკუთრებით რძე და იოგურტი) ამაგრებენ სისხლძარღვებს და აუმჯობესებენ გულის მუშაობას.

სხვათა შორის, იოგურტი სასარგებლოა მათთვის, ვინც ვერ იტანს ლაქტოზას, რადგან იოგურტის ფერმენტაციის პროცესში ლაქტოზას რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს.

აქტიური კულტურები, რომელსაც იოგურტი შეიცავს, აძლიერებენ იმუნიტეტს, აუმჯობესებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, აფერხებენ დაბერების პროცესსა და ამცირებენ მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.