ებოლა - სასიკვდილო ვირუსი აფეთქდა - კვირის პალიტრა

ებოლა - სასიკვდილო ვირუსი აფეთქდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სასიკვდილო ვირუსმა 1000-მდე ადამიანი იმსხვერპლა. სულ ინფიცირებულია 1700 ადამიანი. განსაკუთრებულად საშიში ვირუსის - ებოლას აფეთქება გვინეაში დაიწყო და ლიბერიასა და სიერა-ლეონეში გავრცელდა. ვირუსი იმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე დასავლეთ აფრიკაში, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული და ადგილობრივი ექიმები, ასწრებენ კონტროლის ქვეშ აიყვანონ დაავადების აფეთქების კერა.

ვირუსი ვრცელდება დაავადებულის სისხლით და მისი ორგანიზმიდან გამოყოფილი სხვა ნივთიერებებით. ამიტომ ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ის შესაძლოა მიკროტრავმის ან სასუნთქი გზებიდან მოხდეს. ამიტომ, განსაკუთრებით სახიფათოა ებოლას ვირუსით გარდაცვლილთან მიკარება. ამის გამო ლიბერიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ებოლასგან გარდაცვლილების კრემაცია მოხდეს, რადგან ექიმების შეფასებით, დაკრძალვის ცერემონიალმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დაავადების გავრცელებაში.

მეცნიერები არც იმას გამორიცხავენ, რომ ვირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალება პაციენტის სრული იზოლაციაა, თუმცა, ამის გაკეთება რთულია. ინფიცირებულებთან მჭიდრო კონტაქტის გამო, ებოლას ვირუსით დაავადებულთა შორის არის მედპერსონალიც, მათგან 60 გარდაიცვალა. ებოლას სწრაფ გავრცელებას ქვეყნებს შორის შეუზღუდავი მიმოსვლაც უწყობს ხელს. დაავადების თითო შემთხვევა აღმოჩენილია ამერიკასა და ბრიტანეთში. ორივე შემთხვევაში დაინფიცირება განასა და კონგოში მოგზაურობისას მოხდა.

ხათუნა ზახაშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი: "ებოლა არის ერთ-ერთი ზოონოზური ვირუსი, რომელიც ბუნებრივ პირობებში გავრცელებულია ცხოველთა სამყაროში, კერძოდ მაიმუნებში და იშვიათ შემთხვევაში ხდება მაიმუნიდან ადამიანზე გადაცემა. თუმცა, შემდეგ ამ ვირუსს გააჩნია ადამიანთა შორის გავრცელების უნარი. როგორც ექიმები აღწერენ, ინფიცირების შემთხვევაში მნიშვნელოვანია დროული მიმართვა სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის. არ არსებობს ებოლასგან განკურნების სპეციფიკური მკურნალობა, თუმცა კარგი მხარდაჭერითი თერაპიის შემთხვევაში შემთხვევები მთავრდება გამოჯანმრთელებით.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გახლავთ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების საკონტრაქტო უწყება და შესაბამისად იღებს ყველა იმ რეკომენდაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანა მეტ-ნაკლებად დაცული იყო ვირუსის შემოტანის და შემდგომი გავრცელებისგან. ასევე რეკომენდაციებს ვიღებთ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან. შესაბამისად, ვიცით, როგორ უნდა განისაზღვროს ასეთი დაავადების შემთხვევები და როგორ უნდა მოვიქცეთ. ჯერჯერობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არ იძლევა რამე რეკომენდაციას ვაჭრობის ან გადაადგილების შეზღუდვის შესახებ იმ ქვეყნებთან, სადაც მიმდინარეობს ებოლას ვირუსის აფეთქება. ამასთან, საქართველო არ მიიჩნევა მიმოსვლის ინტენსივობით, იმ ქვეყნად, რომელიც დგას ებოლას შემთხვევების მაღალი რისკის ქვეშ. თუმცა, არსებობს და გამოყოფილია მოქმედების სქემა, თუU როგორ უნდა მოიქცეს ქვეყანა, საეჭვო შემთხვევისას, განხორციელდება შემზღუდავი ღონისძიებები და ჰოსპიტალიზებული იქნება პაციენტი.

მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციამ უკვე განაცხადა, რომ ებოლას ვირუსს გააჩნია საერთაშორისო გავრცელების საფრთხე. ორგანიზაცია აძლევს რეკომენდაციას ქვეყნებს, რომ არ უნდა აიკრძალოს საერთაშორისო მგზავრობა და ვაჭრობა, მაგრამ სახელმწიფომ უნდა უზრუნვლყოს იმ მგზავრების ინფორმირება, რომლებიც მიემგზავრებიან ებოლას ვირუსის გავრცელების, ან რისკის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე.

ასევე სახელმწიფო მზად უნდა იყოს ასეთი შემთხვევების გამოვლენის, მათი კვლევისა და მართვისთვის. რაც გულისხმობს კვლევებისთვის კვალიფიციურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას, საჭიროების შემთხვევაში უნდა შევძლოთ მგზავრების შემოწმება, რომლებიც მოემგზავრებიან ებოლას გავრცელების ქვეყნებიდან და აღენიშნებათ დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება. ფართო საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ზუსტი და საჭირო ინფორმაცია ებოლას ვირუსის ეპიდაფეთქებისა და ზემოქმედების რისკის შემცირების შესახებ. სახელმწიფოები მზად უნდა იყვნენ ებოლას ვირუსის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ქვეყნებში გაგზავნონ საკუთარი წარმომადგენლები, იქ მყოფი ექიმების ევაკუაციისა და რეპატრიაციისთვის.

უკვე გაფრთხილებულია საქართველოს ყველა მსხვილი საერთაშორისო გამშვები პუნქტი და ვიღებთ ინფორმაციას ამ დაზარალებული ქვეყნებიდან მგზავრების შემოსვლის და საქართველოში მათი განლაგების შესახებ. ჯერ ასეთი შეტყობინება ჩვენთან არ შემოსულა, თუმცა ვვარაუდობთ, რომ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გააქტიურდება სტუდენტების შემოსვლა ამ და სხვა ქვყნებიდან და ჩვენ მზადყოფნაში ვართ, რომ ზედამხედველობა გვქონდეს მათზე მთელი საინკუბაციო პერიოდის ანუ 21 დღის განმავლობაში. ვამზადებთ კლინიკებს იმ შემთხვევისთვის თუ საჭირო გახდება ასეთი პაციენტების მიღება და მართვა.

ემა ტუხიაშვილი