ყირიმ-კონგო - ერიდეთ ტკიპას! - კვირის პალიტრა

ყირიმ-კონგო - ერიდეთ ტკიპას!

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსის ერთ-ერთი სახეობა. ეს ვირუსი განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა ნუსხაშია. ენდემიური კერები გავრცელებულია აფრიკაში, აზიაში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთში.

საზოგადოების განსაკუთრებული შიში გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველოში ყირიმ-კონგოს სახელით ცნობილი დაავადებით მხოლოდ 2014 წელს 17 ადამიანი დასნეულდა, მათგან სამის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ყირიმ-კონგო - დაავადება პირველად აღწერილ იქნა 1944 წელს ყირიმში და მას ყირიმის ჰემორაგიული ცხელება უწოდეს. 1969 წელს შემჩნეულ იქნა, რომ ყირიმის ჰემორაგიული ცხელების გამომწვევი პათოგენი, 1956 წელს კონგოში აღმოჩენილი დაავადების იდენტური იყო. ამ ორი ადგილის კავშირმა მოგვცა დაავადებისა და ვირუსის ამჟამინდელი სახელწოდება.

რა საფრთხის შემცველია ყირიმ-კონგოს დაავადება, რატომ იმატებს დაავადებულთა რიცხვი და გვაქვს თუ არა ეპიდემიური აფეთქება, ამ საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში პაატა იმნაძე:

- ყირიმ-კონგოს ვირუსი გადადის ტკიპების კბენით და ავადმყოფი ცხოველების სისხლთან და ქსოვილებთან უშუალო კონტაქტით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შესაძლებელია დაავადებულის სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებისას, სამედიცინო მანიპულაციების დროს. სამწუხაროდ, დაავადების საწინააღმდეგო ეფექტიანი ვაქცინა შექმნილი არ არის.

საქართველო ამ დაავადებისთვის ენდემური ქვეყანაა, ანუ აქ მისი არსებობა ბუნებრივია. ჩვენს მეზობელ თურქეთში ბოლო წლებში ათასობით შემთხვევაა დაფიქსირებული. რახან ეს დაავადება ადამიანს ტკიპებით გადაეცემა, ამიტომ ფერმერებმა, როცა საქონელს ტკიპას აცლიან, უნდა გამოიყენონ ხელთათმანები. აქედან გამომდინარე, პირველი რჩევა გახლავთ ის, რომ დავამუშაოთ ჩვენი ცხოველები. ძალიან იაფი ღირს ვაქცინა, რომლის გაკეთების შემდეგ საქონელს ერთი წლის განმავლობაში ტკიპა აღარ მიეკარება და დაცული იქნება მისი პატრონიც.

- არის თუ არა განგაშის საფუძველი ჩვენში დაფიქსირებული 17 შემთხვევა?

- მსოფლიო სტატისტიკით დაავადებულთა 15%-ის (ხშირად გაცილებით მაღალი - 30-40%) გადარჩენა ვერ ხერხდება, საქართველოს მაჩვენებელი, რომ 17 დაავადებულიდან მხოლოდ სამი დაიღუპა, სამწუხაროა, მაგრამ საუკეთესო შედეგია.

- განსაკუთრებით რომელ რაიონებშია შემთხვევები?

- ძირითადად ხაშურის, გორის, კასპის რაიონებში, სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის, მარნეულის რაიონში, თბილისის შემოგარენში...

თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი:

- ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ძირითად გადამტანად ითვლება ჰიალომას სახეობის ტკიპა, რომელიც საქართველოშიც არის გავრცელებული. ცხოველები, რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ (თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები, თხები და სხვ.) ვირუსის დროებითი რეზერვუარებია. ცხოველი ინფიცირდება დაავადებული ტკიპის კბენისას. მის სისხლში ვირუსი დაინფიცირებიდან ერთი კვირის განმავლობაში ცირკულირებს და ტკიპის შემდგომი კბენისას, ინფექციის გადაცემის ციკლი, ტკიპა-ცხოველი-ტკიპა, გრძელდება. ცხოველებში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

- დაავადების რამდენი შემთხვევა გვქონდა გასულ წლებში?

- 2009 წელს ერთი შემთხვევა იყო, 2012 წელს - ორი, 2013 წელს - ცამეტი, წელს 17 შემთხვევა დაფიქსირდა. არის მატება, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო მატება. ინფექციურ დაავადებებს ახასიათებთ დროებით გააქტიურება და შემდეგ დაცხრომა... ჩვენთან 2009 წლის შემდეგ სულ 33 შემთხვევა არის დაფიქსირებული და გარდაიცვალა სამი კაცი. ეს არის 9%-იანი ლეტალობის მაჩვენებელი, მსოფლიოში 10%-დან 40%-მდეა ამ დაავადებით გარდაცვლილთა მაჩვენებელი.

- რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა ამ დაავადების შესახებ, რომ ექიმთან ვიზიტი დაგვიანებული არ აღმოჩნდეს?

- ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების სიმპტომები ასეთია: დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში არის 1-3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას - 5-6 დღე, ხოლო მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი - 13-14 დღე. ამ პერიოდში უეცრად იწყება ცხელება, კუნთებისა და თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, პირღებინება, გამონაყარი, სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენა სხვადასხვა ღრუდან (ცხვირიდან, ღრძილებიდან, საშვილოსნოდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან), ჩაწითლებული თვალები. სისხლდენა შეიძლება იყოს მინიმალური - გამოვლინდეს მხოლოდ სისხლჩაქცევებით და შეიძლება იყოს მასიური.

მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ლელა ჯიყაშვილი