"ერიდეთ მცხუნვარე მზისგულზე ყოფნას" - კვირის პალიტრა

"ერიდეთ მცხუნვარე მზისგულზე ყოფნას"

ზაფხული ძალას იკრებს. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, წელს, შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ +41C-ს მიაღწიოსო. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა სიცხემ და როგორ დავიცვათ მისგან თავი. გვესაუბრება ექიმი მზია ქვათაძე:

- პაპანაქება სიცხეში ადამიანი ცუდად ხდება, რადგან ამ დროს ორგანიზმის დამცავი სისტემა ვერ ახერხებს სხეულის გაგრილებას. როდესაც ქუჩებსა თუ მინდვრებს ალმური ასდის და გარშემო მტვრის ბუღია, სუნთქვა ჭირს, ჯანმრთელ ადამიანებსაც კი უჩქარდებათ პულსი, ეწყებათ ქოშინი, უჩნდებათ ჰაერის უკმარისობისა და გულზე ზეწოლის შეგრძნება. ეს გულის გადატვირთვის ნიშნებია. ბუნებრივია, ამ დროს ყველაზე მეტად  გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით დაავადებულებს უჭირთ,  გულის იშემიის  დროს სტენოკარდიული შეტევების განვითარების რისკიც აქვთ. ძალიან ცხელი ამინდისას რისკის ქვეშ ექცევიან ახალშობილები, ბავშვები და მოხუცები, ნევროლოგიური დარღვევების მქონენი, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლები. ასე რომ, ნუსხა გრძელია.

- კერძოდ რა პროცესები ვითარდება სითბური დაზიანებებისას?

- თუკი ადამიანი დიდხანს არის სიცხეში და არა აქვს გაგრილების ან წყლის იმ რაოდენობით მიღების საშუალება, რაც ოფლის ჭარბად გამოყოფის შემდეგ ესაჭიროება, ორგანიზმი აუცილებელი მიკროელემენტებისაგან იცლება, პარალელურად - სიცხისაგან ფართოვდება სისხლძარღვები და ორგანიზმი ხვდება მისთვის უცხო და შეუგუებელ მდგომარეობაში და ჩვენს სხეულსაც მასზე საპასუხო რეაქცია აქვს - ოფლიანობა იმატებს, ვითარდება საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, წნევის დაცემა. კანი ცივდება, პულსი ხან აჩქარებულია, ხანაც მინელებული, სუნთქვა კი ჩქარი და ზედაპირული. ასეთ დროს და ზოგადად ჰაერის

მაღალი ტემპერატურის დროს, უპირველესი - წყლის, სითხის მიცემაა. უმჯობესია, თუ სითხე ცივი იქნება და ტანზეც ცივ წყალში დასველებულ ქსოვილს შემოვახვევთ. კარგია დანიავება.

როცა ეს ნიშნები გაუვლის, ადამიანი მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა გადავიყვანოთ. მზის დაკვრისას ტემპერატურა ძალიან მაღლა იწევს. კანი წითლდება, ხურდება, პულსი ხშირდება, ვითარდება ძლიერი და აუტანელი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა. ზოგჯერ გონების დაკარგვაც, კანზე კი მზეზე დამწვრობის ნიშნები ან გამონაყარი ჩნდება. ცივი კომპრესები და მოსვენებულ  მდგომარეობაში გადაყვანა ამ დროსაც უებარია.

კანის დამწვრობისთვის შესაბამისი მალამოების გამოყენებაც შეიძლება. არსებობს დამწვარ კანზე წასასმელი ხალხური საშუალებებიც, თუმცა თუკი დამწვრობა რთულია, ის აუცილებლად ექიმმა უნდა აკონტროლოს. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ადამიანის ჩრდილში გადაყვანა და თუკი ტანზე მოჭერილი ტანსაცმელი აცვია, პერანგის ღილების და ქამრის შეხსნა გადახურების შემთხვევაში ისედაც დასუსტებული ორგანიზმის გასათავისუფლებლად.

- ძლიერი სიცხის დროს დიეტის შეწყვეტასაც ურჩევენ.

- იმიტომ, რომ ბევრი დიეტა დაფუძნებულია მინერალებისა და იმ ნივთიერებების შემცირებაზე, რომელსაც სიცხისას ორგანიზმი ოფლის სახით კარგავს და ეს ნივთიერებები სითხესთან ერთად უკანვე თუ არ მივაწოდეთ, თანაც გაძლიერებულად,  რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.  ზოგადად, როცა ადამიანი სიცხეს ვერ იტანს და თავს შეუძლოდ გრძნობს, სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი აქტივობა, მოძებნოს შედარებით გრილი ადგილი ან ჩრდილი და ეცადოს, დაისვენოს. დასვენება განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როცა თავის ტკივილის, სისუსტის, გონების გაფანტვის ნიშნები ჩნდება. ქრონიკული დაავადებების მატარებლებმა უსათუოდ უნდა გაითვალისწინონ ექიმების რეკომენდაცია - მცხუნვარე მზის გულზე ყოფნას ერიდონ. დღის განსაკუთრებულად ცხელ პერიოდში - 12:00-დან 16:00 საათამდე, შინიდან არ გავიდნენ.

- როგორც ექიმები ამბობენ, სიცხისაგან მიყენებული უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად არა მხოლოდ სითხის მიღებას, არამედ კვებასაც მნიშვნელობა აქვს.

- რასაკვირველია. მძიმე, ცხიმიანი კერძები სიცხისაგან ისედაც დამძიმებულ ორგანიზმს ტვირთავს. ასე რომ, ჰაერის მაღალი ტემპერატურისას უმჯობესია მსუბუქი კერძების - მცენარეული და რძის პროდუქტების, თევზეულის მირთმევა. მოუხშირეთ მწვანილისა და ბოსტნეულის გამოყენებას, რასაც ჯანმრთელი ორგანიზმი, სხვათა შორის, თავადვე ირჩევს. კარგია მწვანე ჩაი, რომელიც შავი ჩაისა და ყავისგან განსხვავებით, არ შეიცავს ტანინებს, რომლებიც იწვევენ გულისცემის გახშირებას და თუკი მზეზე ყოფნა მაინც მოგვიწევს, აუცილებლად უნდა  ჩავიცვათ მსუბუქი და ბუნებრივი ქსოვილის ღია ფერის ტანსაცმელი, რადგან ასეთი ტანსაცმელი ადვილად ატარებს ორგანიზმის სითბოს და ხელს უშლის გადახურებას. გარდა ამისა, ღია ფერის ტანსაცმელი უფრო ძლიერად ირეკლავს სხივებს, ვიდრე მუქი და, შესაბამისად, ორგანიზმი ნაკლებ სითბოს იღებს.