"შევცდი, ქართველ ექიმებს არ ვენდე" - კვირის პალიტრა

"შევცდი, ქართველ ექიმებს არ ვენდე"

გაზეთის გასულ ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მოქალაქე გიორგი მერებაშვილი გურამ ქარაზანაშვილის კლინიკის პერსონალს ოპერაციის არასწორად ჩატარებაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ შემდეგ ეს შეცდომა გერმანელმა ექიმებმა გამოასწორეს. ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა ლია ჯოლბორდი, რომელმაც ზემოხსენებულ სტატიასთან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვა და აღნიშნა - ცილს სწამებენ ექიმს, რომლის სახელს არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე უკავშირდება. ლია ჯოლბორდმა მოითხოვა, რომ მისთვის პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მიგვეცა.

ლია ჯოლბორდი:

- თავადაც ექიმი ვარ და კარგად ვიცი, რა მტკივნეულია, როდესაც გაბრალებენ იმას, თითქოს ვინმეს არასწორად უმკურნალე. უბრალოდ, არ შემიძლია, ხმა არ ამოვიღო, მიუხედავად იმისა, რომ გურამ ქარაზანაშვილს ჩემი ადვოკატირება არ სჭირდება. ზოგადი განცხადებების გაკეთებას არ ვაპირებ, უბრალოდ ჩემს ისტორიას მოვყვები. 2013 წლის 8 დეკემბერს დამიდგინდა საშვილოსნოს ყელის სიმსივნე. იმ პერიოდში ერთ-ერთ კლინიკაში გერმანელი ონკოქირურგები ჩამოდიოდნენ, პროფესორები. ისინი მორიგეობით აკეთებდნენ ოპერაციებს. მეც არ ვენდე ქართველ ექიმებს და ჩემი მეგობრების რეკომენდაციით მათთან ოპერაცია გავიკეთე. რომ გაიგეს, ექიმი ვიყავი, როგორც კოლეგას, სამივემ ერთად გამიკეთა ოპერაცია. თუმცა, გაკეთდა შეცდომით. ქართველი ექიმები მეუბნებოდნენ, რომ მჭირდებოდა ფართო ოპერაცია, გერმანელებმა კი დამიტოვეს ლიმფური ჯირკვლებიც, საკვერცხეების ამოჭრაც არ მიიჩნიეს საჭიროდ. მიუხედავად იმისა, რომ სანამ ოპერაცია დაიწყებოდა, კატეგორიულად მოვითხოვე, ყველაფერი ამოეღოთ ჩემთვის, იმიტომ, რომ შემდგომ გართულებებს არ ეჩინა თავი, მაინც დაზოგვითი მეთოდით გამიკეთეს ოპერაცია და ზუსტად 3 თვეში რეციდივი მომცა. ამ დროისათვის ჩემი გერმანელი ექიმები უკვე სამშობლოში იყვნენ. როცა გადავუგზავნე პასუხები, შემომითვალეს, ჩამობრძანდით და აქ გაიკეთეთ ოპერაციაო. იმასაც კი არ ითვალისწინებდნენ, რომ რეციდივი მათი შეცდომის გამო მომივიდა და ოპერაციისათვის კოლოსალურ თანხას მთხოვდნენ. ფასი 15 ათასი ევროდან იწყება და 50 ათას ევრომდე ადის. რეციდივიდან 3 თვის შემდეგ გავიკეთე ბიოფსია, რომ დავრწმუნებულიყავი, ნამდვილად იჩინა თუ არა თავი სიმსივნემ. აღმოჩნდა, რომ სიმსივნის ზრდა სწრაფად წასულა, ზუსტად ნაოპერაციევ ადგილას განვითარდა, ტაკვში და დამიზიანა შარდის ბუშტი. ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ უმძიმეს სიტუაციაში მხსნელად მომევლინა, გურამ ქარაზანაშვილი იყო.

გავიკითხე, ვინ იყო ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი უროლოგიაში, რადგან უკვე შარდის ბუშტის პრობლემა მქონდა და გურამ ქარაზანაშვილი მირჩიეს.

სირთულის მიხედვით ეს ოპერაცია ერთ-ერთ ურთულესად ითვლება. წარმოიდგინეთ, 12 საათი ვიყავი ნარკოზის ქვეშ და ოპერაცია 10 საათი მიმდინარეობდა. იცით, ადვილია თქმა, რომ ექიმები ყასბები არიან, მაგრამ უხარია ადამიანს 10 საათის განმავლობაში ფეხზე დგომა?! მაგრამ ის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.

როცა ოპერაციაზე შევდიოდი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემზე მეტად ჩემი შინაურები ნერვიულობდნენ, რადგან არ იცოდნენ, რა სურათი დახვდებოდათ ექიმებს. ჩემს შემთხვევაში ორ ვარიანტს განიხილავდნენ: ან ხელოვნური შარდის ბუშტით, ან გარეთ გამოტანილი სადინრით მემუქრებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში სიარული. მთავარი იყო, მეცოცხლა, ამიტომაც ექიმებს ვეუბნებოდი: რაც ჩემი სიცოცხლისთვის არის საჭირო, ის გააკეთეთ-მეთქი. როგორც მოგვიანებით მომიყვნენ, საოპერაციოში თურმე პოლემიკა მიმდინარეობდა, გამოეტანათ თუ არა სადინრები. თუმცა ბატონ გურამს დაუჟინია, ახალგაზრდა ქალია, ჯანსაღი ცხოვრებით უნდა იცხოვროსო და გაიმარჯვა მისმა პოზიციამ - ხელოვნური შარდის ბუშტი გამიკეთდა.

მე ექიმი ვარ და ჩემთვის საჭირო იყო, წინასწარ მცოდნოდა ყველა ის ეტაპი, რაც უნდა გამევლო საოპერაციოში შესვლიდან სრულ გაწერამდე და ყველაფერი ზედმიწევნით დეტალურად ამიხსნეს: რა ეტაპები უნდა გამევლო, როდის უნდა ამოეღოთ ნაკერები, კათეტერი…და ა.შ. ყველაფერი ზუსტად იმ თანამიმდევრობით წარიმართა, როგორც წინაწარ მითხრეს. 6 კათეტერი მედგა, რომლებიც ეტაპობრივად ამომიღო მკურნალმა ექიმმა, ნაკერები მომხსნა და გამწერეს საავადმყოფოდან.

პალატაში მარტო არ ვწოლილვარ. ჩემ გვერდით სხვებიც იყვნენ და ყველას სხვადასხვა ოპერაცია ჩაუტარდა. მათ რომ ვესაუბრებოდი, ყველა ჩემსავით იყო ინფორმირებული თუ რა, როდის და როგორ უნდა გაევლო. ყოველ დილით შემოვლა, კონტროლი, ექიმებს არ მოუკლიათ ყურადღება და ზრუნვა. მე გადამარჩინეს.

გურამ ქარაზანაშვილი წამყვანი ქირურგია, მასთან ერთად ჩემს ოპერაციას ესწრებოდა გიორგი კალანდიაც, ჩემი ოპერაციის შემდგომი მკურნალი ექიმი. ახლაც ნებისმიერ საკითხზე მიწევენ ეს ადამიანები კონსულტაციას.

- ცხოვრების ჩვეულ რიტმს როდის დაუბრუნდით?

- ოპერაციიდან 1 თვის შემდეგ. 8 აგვისტოს მივედი სამსახურში. შემდეგ თურქეთში პოზიტრონულ-ემისური ტომოგრაფია გავიკეთე. ჩატარებული ოპერაციით კმაყოფილები დარჩნენ. საჭირო იყო მკურნალობის შემდგომი სქემაც: ქიმიოთერაპია თუ სხივური თერაპია. რადგან ახალი ნაოპერაციევი ვიყავი, ამიტომ შეჯერდნენ, რომ ქიმიოთერაპიას შეიძლებოდა დაეზიანებინა შარდის ბუშტი. თურქულმა მხარემ მოითხოვა, რომ ინგლისურად დეტალურად ყოფილიყო აღწერილი ჩემი ოპერაციის მსვლელობა და გურამ ქარაზანაშვილთან კონსულტაციის შემდეგ დამინიშნეს მკურნალობის კურსი.

ოპერაციიდან უკვე 1 წელი გავიდა. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მაინც ველი დროის გასვლას, 3 წელი რომ გავა, უკვე დავრწმუნდები, რომ ყველა დაბრკოლება უკან მოვიტოვე და საბოლოოდ განვიკურნე.

ჩემს ერთ პაცინტს აღმოაჩნდა სიმსივნე, მირეკავს და მეუბნება ხოლმე, თქვენ თქვენი აქტიური ცხოვრებით და შემართებით სტიმულს მაძლევთო. მართლა ასეა, ბევრ ადამიანს სტიმულს ვაძლევ და მეც მწამს, რომ შეიძლება ამ დაავადებასთან ბრძოლა.

ჩვენ გურამ ქარაზანაშვილსაც დავუკავშირდით. საუბრის დაწყების წინ გაირკვა, რომ ის ერთადერთი ქართველი უროლოგია, რომელიც დაჯილდოებულია უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი - საქართველოს ეროვნული პრემიით.

გურამ ქარაზანაშვილი:

- უროლოგიას თითქმის 9 წელი ვსწავლობდი უცხოეთში, ჯერ მოსკოვში, საბჭოთა კავშირის ერთ--=ერთ წამყვან უროლოგიურ კლინიკაში; მოგვიანებით კი, გერმანიაში, ბონის საუნივერსიტეტო კლინიკაში და შვედეთში – ლუნდის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში. აAსევე, გავდიოდი დახელოვნებას რადბაუდის ჰოსპიტალში, ჰოლანდიაში, ვენაში, აშშ-ის წამყვან ჰოსპიტლებში და ა.შ. საკანდიდატო დისერტაციაც მოსკოვში დავიცავი. საქართველოში მხოლოდ სადოქტორო დისერტაცია მაქვს დაცული, ისიც უცხოელი ოპონენტებისა და კოლეგების მონაწილეობით. სხვათა შორის, ექიმისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაღალი საერთაშორისო ცნობადობა ჰქონდეს, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ეს ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა - ეს ჩემი საქმიანობის შედეგად თავისთავად მოვიდა. რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა იმან, რომ წლების განმავლობაში მომიწია მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან მუშაობამ. მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლი: ევროპის უროლოგთა საბჭოს პრეზიდენტ შტეფან მიულერს, ევროპის უროლოგთა ასოციაციის დამფუძნებელ ფრანც დებრუინს, ასოციაციის გენერალურ მდივან პერ-ანდერს აბრაჰამსონს და ა.შ. არ მინდა თავის ქებაში ჩამითვალოთ, მაგრამ ჩემი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან გამოცემებში. იმაზე საუბრით აღარ შეგაწყენთ თავს, რომ ყოველთვის მიწვევენ უცხოურ მნიშვნელოვან უროლოგიურ კონგრესებზე თუ ფორუმებზე, რაც ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, დიდ როლს თამაშობს. სხვათა შორის, მMედიცინის მუშაკთა შორის, საქართველოდან ჰუმბოლდტის სტიპენდია მხოლოდ მე მომენიჭა. ეს ფონდი სტიპენდიებს ანიჭებს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებულ მეცნიერებს! სხვა ავტორიტეტული ფონდების სტიპენდიებიც მაქვს მიღებული, მაგალითად, DAAD-ის, შვედეთის ინსტიტუტისა და ა.შ.

საქართველოში ჩემი ცოდნის სრულ რეალიზაციას ვახერხებ და ღმერთის მადლობელი ვარ ამისთვის. ვაკეთებ ურთულეს ონკოლოგიურ და აღდგენით ოპერაციებს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებსა და ბავშვებში. ჩვენი ოპერაციები ხშირად 5-6-8 საათს გრძელდება. ყოფილა, როცა 12 საათიც გვიმუშავია საოპერაციოში.

როგორც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერტს უროლოგიაში, ხშირად მომმართავენ პაციენტები, რომლებსაც სურთ უცხოეთში რთული ოპერაციის გაკეთება. ვარ ბედნიერი იმით, რომ ვეხმარებით ასეთ პაციენტებს. ჯერ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ პაციენტი უცხოეთში გამეშვას საოპერაციოდ იმ მიზეზით, რომ ამ ოპერაციას ჩვენ ვერ გავაკეთებდით. არ არსებობს არც ერთი სირთულის უროლოგიური ოპერაცია, რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეს მოუწევს უცხოეთში წასვლა საოპერაციოდ.

ჩემთვის არ არსებობს მარტივი ოპერაცია, ყველა ოპერაცია რთულია, რადგან ადამიანის ჯანმრთელობასთან გვაქვს საქმე, თუმცა არსებობს მცირეინვაზიური ოპერაციები, რომლებსაც დიდი სიამოვნებით ვაკეთებ, მაგალითად, თირკმლისა და საშარდე გზების ლაპარასკოპიულ ოპერაციებს, პროსტატის ენდოსკოპურ ოპერაციებს, შარდკენჭოვანი დაავადების არაოპერაციულ მკურნალობას და ა.შ.

- თქვენ ემ-ემ-ტე ჰოსპიტლის დამფუძნებელი ხართ?

- დიახ, ემ-ემ-ტე ჰოსპიტალს საფუძველი ვაკის სამკურნალო კომბინატში 2007 წელს ჩაეყარა, ხოლო 2012 წელს გადავედით დიღომში, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში და გვიჭირავს მთელი მეცხრე სართული. ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი მრავალპროფილურია: უროლოგია, გინეკოლოგია და მუცლის ღრუს ქირურგია. ვამაყობთ, რომ ჩვენს ჰოსპიტალში მუშაობენ საქართველოში განთქმული ქირურგი-პროფესიონალები: ალექსანდრე ბაჩიაშვილი, დავით აბულაძე, ლადი გიორგობიანი, დავით ყარსიმაშვილი და სხვები. გვაქვს რეანიმაციის, ინტენსიური თერაპიისა და ანესთეზიოლოგიის ბრწყინვალე სამსახური, სადაც ნებისმიერი სირთულის ნაოპერაციები პაციენტის გამოსაჯანმრთელებლად 24 საათი ძალ-ღონესა და პროფესიონალიზმს არ იშურებენ. გვყავს პასუხისმგებლიანი საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალი. კლინიკის მენეჯმენტი ძალ-ღონეს არ იშურებს პაციენტების პროფესიონალურად და მაღალხარისხიანად მომსახურებისთვის. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით, უკანასკნელი მოდელის ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური აპარატურით. ელექტრონული აღრიცხვის სისტემა და კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ჩვენი ინოვაციაა, მნიშვნელოვნად გვიადვილებს მენეჯმენტსა და ზრდის მომსახურების ხარისხს. ჩვენი დევიზია:"თანამედროვე ტექნოლოგიები, წამყვანი სპეციალისტები".

- თქვენს ვებგვერდზე ვნახეთ, რომ ლიცენზირებული ხართ გერმანიაში, მაშასადამე, შეგიძლიათ იმუშაოთ უცხოეთში?

- დიახ, ეს ნიშნავს იმას, რომ უროლოგად მუშაობის უფლება მაქვს გერმანიაში და არა მარტო გერმანიაში. ჩემი კარიერის მანძილზე არაერთი მიმზიდველი თხოვნა და შემოთავაზება იყო მემუშავა მოსკოვში, შვედეთში, გერმანიაში, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყოველთვის ვბრუნდებოდი ჩემს ქვეყანაში, რადგან მიმაჩნდა, რომ აქ უფრო საჭირო ვიყავი. ჩემი ცოდნისა და გამოცდილების რეალიზაცია საქართველოში ყოველთვის მეტ სიამოვნებას მანიჭებდა. თუმცა არის ხოლმე ძალზე გულსატკენი მომენტებიც, ეთიკისა და დეონტოლოგიის დარღვევის ფაქტები, არაეთიკური და არაკოლეგიალური ქმედებები. მაგრამ ცხოვრება ბრძოლაა და მზად ვარ ვიბრძოლო ქართველი ხალხის ჯანმრთელობისთვის.

ეკა სალაღაია