"ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა და მას მართვა სჭირდება" - კვირის პალიტრა

"ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა და მას მართვა სჭირდება"

ნარკომანია ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ამ უმძიმესმა სენმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე ჯოჯოხეთად აქცია.

მისი მკურნალობის გზებსა და საშუალებებზე ნარკოლოგ მარინე მურდალაშვილს ვესაუბრეთ:

- ნარკომანია ბიოფსიქოსოციალური დაავადებაა - ეს სამი ასპექტი მკვეთრად ფიგურირებს ამ დაავადების ჩამოყალიბებაში. ნარკოტიკისადმი დამოკიდებულების გამომწვევი ძირითადი ნეირობიოლოგიური მექანიზმები დადგენილია. დადგენილია ისიც, რომ ეს არის თავის ტვინის დაავადება.

მის გამომწვევ რისკ-ფაქტორებში კი შედის ბავშვობიდან გამოყოლილი ფსიქოლოგიური პრობლემები, ჰიპერაქტიურობა, გადატანილი ქალა-ტვინის ტრავმები, სტრესები და ნევროლოგიური დარღვევები, რომლებიც ოჯახის მიერ უყურადღებოდ რჩებოდა, ან შეუმჩნევლად მიმდინარეობდა.

- რა როლი ეკისრება სოციალურ გარემოს დაავადების ჩამოყალიბებაში?

- ძალიან დიდი: მძიმე სოციალური გარემო, ინტერესთა სფეროს არარსებობა, როდესაც ადამიანი დაკავებული არ არის, არ იცის, როგორ აიწყოს მომავალი - ხდება მიზეზი იმისა, რომ გავიდეს სინამდვილიდან, რეალური ყოფა ალტერნატიულით ჩაანაცვლოს. რისკ-ფაქტორებს შორის პირველ ადგილზე სოციალურ გარემოს დავაყენებდი. დღეს ქართველი ექიმები დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რადგან უბრალო ხველების წამალში ან ტკივილგამაყუჩებელში ხშირად ისეთი ნივთიერებები შედის, რომლისგანაც კუსტარულად ამზადებენ ნარკოტიკს. ასეთი ნარკოტიკები იწვევს (ხშირია ლეტალური შედეგები) თავის ტვინის კვდომას, ფსიქიკური ფუნქციების ისე მოშლა-მორღვევას, რომ პრაქტიკულად დაავადების მართვა შეუძლებელი ხდება, რაც მკურნალობას ართულებს. ბოლოს კი, პიროვნება დაკარგულია ოჯახისა და სოციალური გარემოსთვის.

- რას გვეტყვით მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაზე?

- 2005 წლის დეკემბრიდან საქართველოში ამოქმედდა მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის არის განკუთვნილი. დაინერგა ალტერნატიული მეთოდი მკურნალობისა და ეს ბევრი პაციენტისთვის შვება იყო.

უნარკოტიკო ცხოვრებისკენ მიმართული მკურნალობა საკმაოდ რთულია, შესაძლოა წარუმატებლად დასრულდეს და პაციენტი ვერ ვმართოთ. არადა, ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა და მას მართვა სჭირდება. მეტადონით ჩანაცვლებამ გააადვილა ოპიოიდებზე დამოკიდებული პაციენტების მკურნალობა. ექიმს და პაციენტს საშუალება მიეცათ, ჩანაცვლებითი თერაპიის საშუალებით დაავადება მართვადი გამხდარიყო. მეტადონი ენაცვლება იმ ნივთიერებას, რასაც ნარკოტიკდამოკიდებული ადამიანი იღებს.

- დიდი დრო სჭირდება ამ მეთოდით მკურნალობას?

- ხშირად მკურნალობის პირველი ეტაპები წარუმატებელია, პაციენტი ისევ უბრუნდება წამალს, მაგრამ მისი მდგომარეობა მაინც კონტროლს ექვემდებარება. უმცირდება ფინანსური პრობლემები, აღარ სჭირდება კრიმინალური აქტივობა ნარკოტიკის მოსაპოვებლად, შემცირდა სიკვდილიანობა ზედოზირების გამო.

მეტადონის დოზას ექიმი ურჩევს და პაციენტი პრეპარატს ამ დოზის მიხედვით იღებს, რაც კუსტარული ნარკოტიკების მიღებას და ზედოზირებას გამორიცხავს. ჩანაცვლებითი თერაპიის ფონზე ექიმს, ფსიქოლოგს, სოცმუშაკს და ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ მასთან მუშაობა, რომ ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება - შეძლებს თუ არა ნარკოტიკს თავი დაანებოს. რა თქმა უნდა, ასპროცენტიანი ეფექტიანობა არაფერს არა აქვს, შეიძლება მეტადონის პროგრამაში მყოფმა პაციენტმა სხვა ნარკოტიკი მოიხმაროს, ეს მკურნალობის პროცესია და ამ დროს შეიძლება ბევრი რამ ისეთი მოხდეს, რაც არ გინდა, მაგრამ შედეგი ხშირად დადებითია.

- თუმცა, მკურნალობის დროს ადამიანი მეტადონზე ხდება დამოკიდებული...

- როგორც ინსულინდამოკიდებული ადამიანი იკეთებს ინსულინს, ასევე ხდება ამ შემთხვევაშიც. ის ისევ დამოკიდებულია ნარკოტიკზე, მაგრამ იღებს ჩამანაცვლებელ პრეპარატს ექიმების მეთვალყურეობით. დროთა განმავლობაში მეტადონის დოზების შემცირებით შესაძლებელია ამ წამალზე პაციენტის დამოკიდებულების მოხსნაც. მეტადონით შეიძლება მოვხსნათ ჰეროინზე, ან სხვა ოპიოიდებზე დამოკიდებულება. მე მყავს პაციენტები, ოპიოიდებზე დამოკიდებულების ხანგრძლივი სტაჟით, მრავალჯერ ჩატარებული მკურნალობითაც არ ჰქონდათ შედეგი, მაგრამ ჩანაცვლებითი თერაპიის ფონზე მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. 1-2 წლის შემდეგ შევთავაზე: იქნებ დავიწყოთ მეტადონის პროგრამიდან გასვლა და ნელ-ნელა, კლებადი დოზებით სრულ სიფხიზლეზე ავიღოთ ორიენტაცია-მეთქი. რამდენიმეს ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა, მაგრამ მაინც უარი მითხრა: - მეშინია უკან დაბრუნების. მირჩევნია, ეს წამალი მივიღო, მაგრამ ვიყო ადეკვატურიო. მათი შიში სავსებით გასაგებია. მართალია, ამ პრეპარატს გვერდითი მოვლენებიც აქვს, მაგრამ თუ ყველაფერს სასწორზე დავდებთ და შევადარებთ, მეტადონით ჩანაცვლების თერაპია დიდი შვებაა. რა თქმა უნდა, არავის უნდა ხანგრძლივად იყოს თუნდაც ჩანაცვლებით თერაპიაში, მაგრამ როცა სხვა გამოსავალი არ არის, რა ვქნათ?! რაც დროს გადის, უფრო უკეთეს შედეგებს ვხედავთ, მაგრამ ძალიან გვიშლის ხელს სარეაბილიტაციო პროგრამების არარსებობა. ეს რგოლიც თუ დაემატება, უკეთეს სურათს მივიღებთ.

ხათუნა ჩიგოგიძე