ძლიერი იმუნიტეტი სტომატიტის მთავარი წამალია - კვირის პალიტრა

ძლიერი იმუნიტეტი სტომატიტის მთავარი წამალია

ყურადღებით დაათვალიერეთ პირის ღრუ და თუ იქ წითელი, ჩირქოვანთავიანი ან რაიმე გაღიზიანებული წერტილი შენიშნეთ, შესაძლოა, ეს სტომატიტის დასაწყისი იყოს.

სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც პატარას ფსიქიკურ მდგომარეობაზეც მოქმედებს. სტომატიტი შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაგვემართოს. დაავადება პირის ღრუს სულ მცირე მექანიკურ დაზიანებასაც კი მოჰყვება ხოლმე. გადამდებიცაა - ჰაერწვეთოვანი გზით სწრაფად ვრცელდება. ამ დაავადების შესახებ სტომატოლოგი ნანა გობოძე გვესაუბრება.

- სტომატიტი თუ გართულდა, საკმაო უსიამოვნებებს შექმნის.

დაავადება ძალიან ცხელმა ან ცხარე საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით, რომელიც ინფექციის კერად იქცევა ხოლმე.

თუმცა, საკვებით გაღიზიანებისას სტომატიტი მალე გაივლის, თუ კვლავ მდუღარეს ან ცხარე საკვებს არ დავაყოლებთ. სტომატიტი ასევე ვითარდება ალერგიის ფონზეც, მაგალითად, ტუჩის საცხის ალერგიისგან, თუმცა, ალერგენის დადგენის და მასთან კონტაქტის შეწყვეტისას ქრება. სტომატიტი ჩნდება მოტეხილი კბილით ლორწოვანის გახეხვისას, მოურგებელი პროთეზით, მაგრამ ტრავმირებით გამოწვეული სტომატიტიც მალევე გავა, თუ გამაღიზიანებელს მოვაშორებთ.

- არსებობს სხვადასხვა სახის სტომატიტი...

- დიახ. ჰერპესული სტომატი ისეთივე ფორმის არის, როგორც კანზე განვითარებული ჰერპესი - ამოიბურცება, წითლება და გამჭვირვალე შიგთავსი ბუშტუკებით ივსება. ბუშტუკები 2-3 დღეში სკდება და ლორწოვანის წითელ, შესიებულ ზედაპირს აშიშვლებს, ახლავს ადგილობრივად მწვავე ტკივილი, სისუსტე და ტემპერატურის მატება. ასეთ დროს ჭამა იმდენად მტკივნეულია, რომ ზოგიერთი საკვების მიღებაზეც უარს ამბობს. სოკოვან ანუ კანდიდოზურ სტომატიტს პირის ღრუს ლორწოვანის შეწითლებასთან ერთად სიმშრალე და მოთეთრო, წერტილოვანი წარმონაქმნები ახლავს. 2-3 დღეში ისინი ერთიანდება და სქელ ნადებს წარმოქმნის, მის გარშემო კი კანი მოლურჯო ხდება. სოკოვანი სტომატიტი ხშირად მეორდება. საკმაოდ მძიმეა აფთოზური ფორმით მიმდინარე სტომატიტი. ამ დროს ლორწოვან გარსზე წარმოიქმნება კრატერის ფორმის მორუხო-მოთეთრო ნადებიანი ჩაღრმავებები, რომელიც ძირითადად ტუჩის ან ლოყის მიდამოში იყრის თავს.

- ჩვილებში სტომატიტი ხშირია, თუმცა არც მექანიკური გამღიზიანებელი ეხებათ, არც ცხელი და ცხარე საკვები.

- ჩვილების სტომატიტს რძიანას ეძახიან. ეს არის კანდიდოზური, ანუ სოკოვანი სტომატიტი, რომელიც უფრო ხშირად ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს ემართებათ. პატარას ამ დროს ენა მოთეთრო ნადებით ეფარება. ადრეულ სტადიაზე ჩვილს ნადები სულაც არ აწუხებს, მაგრამ როცა პროცესი ღრმავდება, ბავშვს ტკივილი ეწყება და ჭირვეულობას იწყებას, ჭამაზე უარს ამბობს, აღგზნებულია, დროთა განმავლობაში სტომატიტი გადადის ღრძილებზე, ლოყების ლორწოვანზე, ტუჩებზე, აჩენს ნახეთქებს და პატარას ტემპერატურაც უწევს. ამიტომ არის საჭირო რძიანას შემჩნევისთანავე ექიმთან მისვლა. რძიანა, უპირველესად ჩნდება იქიდან, რომ ახალშობილი დაბადებიდან ითვისებს დედის მიკროფლორას. ჩვილების სტომატიტის მიზეზი ჰიგიენური ნორმების დაუცველობაცაა. ამიტომ აუცილებელია ჩვილის ბოთლების, საწოვარების მუდმივად სტერილიზაცია.

- რა სახის მკურნალობა ტარდება სტომატიტისას?

- მსუბუქი შემთხვევებისას შესაძლოა, სტომატიტმა თავადაც გაიაროს. თვითმკურნალობაც არ არის მისაღები - ამას სტომატისის გართულება მოსდევს. შესაძლოა, სტომატიტი ორგანიზმის რომელიმე მთავარ დაავადებას ახლდეს, რისი გამოვლენაც მხოლოდ ექიმს შეუძლია. სტომატიტის დიაგნოზს ექიმი-სტომატოლოგი სვამს გარეგნული ნიშნების მიხედვით; ზოგჯერ აუცილებელი ხდება ბაქტერიოლოგიური ანალიზის ჩატარება. თუკი სტომატიტი მექანიკური გამღიზიანებლით არის გამოწვეული, უპირველესად ის პირის ღრუდან უნდა მოშორდეს, მაგალითად, შეიცვალოს არასწორად დადებული ბჟენი, მოხდეს მრუდედ ამოსული კბილის ამოღება, ბრეკეტების ან პროთეზის მახვილი ნაწილების სპეციალური ცვილით დაფარვა. არსებობს მრავალი პრეპარატი და მცენარეული სავლები, რომელსაც ექიმი უნიშნავს პაციენტს. მკურნალობისას აუცილებლად უნდა გამოირიცხოს კვების ის პროდუქტები, რომლებმაც შეიძლება გააღიზიანოს ლორწოვანი გარსი (მწარე, მლაშე და მჟავე კერძები, ტკბილი, ალკოჰოლი, სიგარეტი...). გარდა ამისა, აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის განსაკუთრებული დაცვა, - კბილების სწორად გამოხეხვა, კბილის ჯაგრისის სწორად შერჩევა და ა.შ. რაც მთავარია, სტომატიტის თავიდან ასაცილებლად უნდა გვქონდეს ძლიერი იმუნიტეტი. ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ორგანიზმის გასაკაჟებლად, რათა ჯანმრთელები ვიყოთ.