რინიტი - სურდო თუ ალერგია?! - კვირის პალიტრა

რინიტი - სურდო თუ ალერგია?!

სეზონის მიუხედავად თუ მუდამ გაგუდული ხართ, გაწუხებთ ცხვირის ქავილი და ცემინებაც, შესაძლოა, რინიტი, ანუ ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება გქონდეთ.

სხვანაირად ამას ქრონიკულ სურდოსაც ეძახიან, რომელიც მეტად შემაწუხებელია და ხშირად - მტანჯველიც. საბედნიეროდ, ეს ის დაავადება როდია, რომელსაც არ მოევლება. რა გართულებებს იწვევს რინიტი და როგორ შევებრძოლოთ მას, ამ თემაზე ექიმი გიორგი ხარშილაძე გვესაუბრება.

- სამწუხაროდ, რინიტს, ცემინების გარდა, ახასიათებს ცხვირიდან დიდი რაოდენობით ექსუდატის გამოყოფა და ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, რაც მეტად შემაწუხებელია. ჩვენი დაბინძურებული გარემო რინიტის გასავითარებლად ხელსაყრელ გარემოს ქმნის, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადაც რინიტის მეტი შემთხვევაა, ვიდრე სოფლებში. გახშირდა ქრონიკული რინიტი, განსაკუთრებით ალერგიული, რომელიც მოსახლეობის 12%-ს ემართება; უფრო დაბინძურებულ ქვეყნებში ალერგიული რინიტი მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს მაინც სჭირს. არსებობს სხვა სახის რინიტებიც. მაგალითად, გემოვნებითი რინიტი, რომელიც ვითარდება ცხელი, სანელებლებით შეზავებული საკვების მიღებისას და ცხვირიდან გამონადენიც მაშინვე ვითარდება. პროფესიული რინიტები ქიმიურ ან რაიმე სხვა სპეციფიკურსუნიან გარემოში მომუშავეებს აქვს; წამლისმიერ რინიტს უფრო ხშირად იწვევს ე. წ. ცხვირის გასახსნელი წვეთების ან გარკვეული სახის აბების გამოყენება. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ ანტიდეპრესანტები, ესტროგენული პრეპარატები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები...

- როდის და როგორ იწყება რინიტი?

- ბავშვობიდან. იშვიათად თვეების ბავშვსაც ჰქონიათ, უფრო კი 2-4 წლის ასაკიდან იწყება. თუმცა რახან ჩვილებს მაინც ნაკლებად აქვთ ალერგენთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევა, ალერგიული რინიტი 3 წლამდე ნაკლებად გვხვდება. ამ დროს ფრთხილად უნდა ვიყოთ. ბავშვების რინიტისას მოქმედებს მემკვიდრული განწყობაც, როცა ბრონქული ასთმით დაავადებულია ბავშვის თუნდაც ერთ-ერთი მშობელი, ალერგიული რინიტის ჩამოყალიბებასთან ერთად შესაძლოა, ბრონქული ასთმა ჩამოყალიბდეს. თუ ასეთ დროს ალერგიულ რინიტს საფუძვლიანად ვუმკურნალებთ, მაშინ ბრონქული ასთმის განვითარების რისკი მინიმუმამდე მცირდება.

- როგორ მიმდინარეობს მწვავე რინიტი, როგორი თანამიმდევრობით ვლინდება მისი სიმპტომები?

- მწვავე რინიტი გადაციებისთანავე იწყება, სწრაფადვე რთულდება ცხვირით სუნთქვა, ამას ერთვის გაძლიერებული ცემინება, ყნოსვის დარღვევა, უხვი გამონადენი, რომელსაც ფერი არ აქვს, ცრემლდენა, ხმის ტემბრის ცვლა. ძლიერი იმუნიტეტიანი ადამიანი მწვავე რინიტს სამ დღეშიც კი იშორებს; თუმცა, ხშირად დაავადება 7-10 დღემდე გრძელდება; ამ დროს ყნოსვა კი აღდგენილია, მაგრამ იწყება ყვითელი ან მომწვანო გამონადენი, რაც ბაქტერიული ანთების მიმანიშნებელია. თუ ამ ეტაპზე დაავადებას ბოლომდე არ ვუმკურნალეთ, პროცესი 3-4 კვირამდე გრძელდება და რაც ყველაზე ცუდია, საბოლოოდ ქრონიკულ ხასიათს იღებს. ქრონიკულ სურდოს კი ზოგჯერ თან სდევს თავის ტკივილი, ჰაიმორიტი, ფრონტიტი და ა.შ. ასე რომ, მწვავე თუ ქრონიკული ვირუსული რინიტი ალერგიულ რინიტში არ უნდა აგვერიოს, - ვირუსული რინიტის განვითარებას რამდენიმე საათი, ზოგჯერ რამდენიმე დღეც კი სჭირდება და ხშირად ახლავს ტემპერატურის აწევა, ალერგიული რინიტი კი რამდენიმე წამში ყალიბდება და უსიცხოდ მიმდინარეობს. ეს უკანასკნელი ალერგენზე ორგანიზმის საპასუხო რეაქციაა, თუმცა მასაც მწვავე ან ქრონიკული რინიტის მსგავსად თან ახლავს უხვი ლორწო და ლორწოვანი გარსის შეშუპება. შეიძლება ახლდეს თვალებისა და ცხვირ-ხახის ქავილი, ცემინება, ცრემლის დენა, შუბლის ტკივილი. სამწუხაროდ, ალერგენისთვის თავის არიდება ყოველთვის როდი ხერხდება და ადამიანი უხილავი მტვრის, სუნის თუ გამონაბოლქვის მსხვერპლი ხდება - ძნელია დავემალოთ მტვერს, მანქანების გამონაბოლქვს, სიგარეტის კვამლს, სიცივესა თუ სიცხეს, რომელთაგან ნებისმიერი შეიძლება გახდეს ალერგიის მაპროვოცირებელი. არსებობს სეზონური ალერგიული რინიტიც, რომელსაც უმთავრესად ყვავილების მტვერი იწვევს და სეზონის გავლის შემდეგ გადის.

- ძალიან ხშირად ხალხი ვერ არკვევს, მათი სურდო ალერგიულია, თუ ვირუსი შეეყარა. როგორ ხდება ალერგიული რინიტის დიაგნოსტიკა?

- აქ, უპირველესად, ექიმსაც და პაციენტსაც ეხმარება პაციენტის გამოკითხვა; ექიმი ხშირად ასეც ადგენს, რინიტი ალერგიულია თუ არა. ზოგ შემთხვევაში ტარდება რინოსკოპია. შესაძლოა, საჭირო გახდეს ფიბროსკოპიაც - ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხელსაწყოებით ცხვირის ღრუს დათვალიერება. საბედნიეროდ, ალერგიული რინიტი განუკურნებელი არ არის და თუ ალერგია რაიმე კონკრეტულ მიზეზს არ უკავშირდება, ტესტების ჩატარება ფინანსების ზედმეტი ხარჯვაა და პროფესიონალი ექიმი ამ დაავადების თანამედროვე ალერგიული პრეპარატებით მკურნალობითაც სასურველ შედეგს მიიღებს. მაგრამ არ შეიძლება ალერგიული რინიტის იგნორირება. არის შემთხვევები, როცა ის იწვევს პოლინოზსაც - პოლიპის გადაგვარებას, მსუბუქ შემთხვევაში კი შუა ყურის ანთებას. ასე რომ, უსიამოვნების თავიდან ასაშორებლად მაშველი ამ შემთხვევაში პროფესიონალი ექიმი გახლავთ.

ეთერ ერაძე