ლეპტოსპიროზი - ზაფხულის თანმდევი საშიში ინფექცია - კვირის პალიტრა

ლეპტოსპიროზი - ზაფხულის თანმდევი საშიში ინფექცია

"ვისაც დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტი უწევს, უნდა შეძლოს პირადი პროფილაქტიკა"

ზაფხულის თანამდევ დაავადებებს შორის ლეპტოსპიროზი ერთ-ერთი უმწვავესია. ლეპტოსპიროზის შემთხვევები ბანაობის სეზონზე მატულობს, თუმცა მისი ერთეული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში აღირიცხება. ლეპტოსპიროზი ადამიანისგან ადამიანს არ გადაედება, ინფექციის წყარო დაავადებული ან ინფექციაგადატანილი ცხოველია, რომელიც შარდით აბინძურებს წყალს, ნიადაგს, საკვებს... ადამიანი ასეთ წყალსა და ნიადაგთან კონტაქტის შედეგად ინფიცირდება. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ გვითხრა, ორიოდე კვირის წინ სწორედ ამ დაავადებით დაიღუპა თურქეთში მყოფი ჩვენი მოქალაქე. ბატონი პაატა ამ საშიში ინფექციის სიმპტომებზე და მისგან დაცვის გზებზე გვიამბობს:

- ლეპტოსპიროზი საკმაოდ რთული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ლეპტოსპირების გვარის ბაქტერია ეპტოსპირა იწვევს. ლეპტოსპიროზის ბუნებრივი კერები რეგისტრირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მისი შემთხვევები აღრიცხულია საქართველოშიც. ლეპტოსპიროზის შემთხვევათა 10-15% შეიძლება ლეტალური შედეგით დასრულდეს. ეს საკმაოდ სახიფათო დაავადებაა. დაავადების შემთხვევები წელიწადის ყველა დროში გვხვდება, მაგრამ მისი გავრცელების სეზონი მაინც ზაფხული-შემოდგომის პერიოდია. ამ დაავადების ეპიდაფეთქება უმეტესად ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსატევებში ბანაობასთან არის დაკავშირებული. ინფექციის წყაროდ შეიძლება იქცეს ნებისმიერი დაავადებული, ან დაავადებაგადატანილი გარეული და შინაური ცხოველი, რომელთანაც ადამიანს კონტაქტი აქვს. საქმეს ისიც ართულებს, რომ ლეპტოსპიროზი ცხოველებში ზოგჯერ სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ასეთი ცხოველი საშიშ ბაქტერიას რამდენიმე თვის, ან წლის განმავლობაში გამოყოფს.

- როდის ავადდება ადამიანი ლეპტოსპიროზით?

- დაავადებული ცხოველის შარდთან, შარდით დაბინძურებულ წყალთან, ნიადაგთან, საკვებ პროდუქტებთან და ბიოლოგიურ სითხეებთან, ნერწყვის ჩათვლით, უშუალო კონტაქტის შედეგად. Lეპტოსპირა ადამიანის ორგანიზმში ლორწოვანი გარსის - თვალის, ცხვირის, პირის, ან დაზიანებული კანის, დაბინძურებული წყლის და საკვები პროდუქტების მიღებით იჭრება. დაავადებისადმი მგრძნობიარეა ყველა ასაკი. ლეპტოსპიროზზე შეიძლება მივიტანოთ ეჭვი, თუ ადამიანს დაავადება დაეწყო ბანაობის, თევზაობის, ნადირობის დროს, ასევე - ნიადაგთან და ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ. ლეპტოსპიროზი პროფესიული ხასიათის დაავადებაა და რისკის ჯგუფში შედიან: ფერმერები, სანტექნიკოსები, ვეტერინარები და ისინი, ვისაც ცხოველთან შეხება აქვს. ამის გამო რისკის ჯგუფში სამხედრო პერსონალიც შედის.

- როგორი სიმპტომები აქვს ინფექციას?

- ლეპტოსპიროზი ადამიანებში შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად, საშუალოდ და მძიმედ, შესაბამისად, არსებობს უსიმპტომო ფორმებიც და საკმაოდ მწვავეც. ლეპტოსპიროზი სიმპტომების ფართო სპექტრით გამოირჩევა: თავის ტკივილი, შემცივნება, ცხელება, კუნთების ტკივილი, პირღებინება, ასევე ახასიათებს სიყვითლე - ადამიანს კანი და თვალები უყვითლდება, თუმცა თვალები შეიძლება კიდეც გაუწითლდეს. ლეპტროსპიროზის სიმპტომებს შორის უნდა დავასახელოთ მუცლის ტკივილი და გამონაყარიც. თუ ექიმს ლეპტოსპიროზზე აქვს ეჭვი, ჯერ უნდა გამორიცხოს ვირუსული ჰეპატიტი, გრიპი, სეფსისი და სხვა ჰემორაგიული ცხელებები. დიაგნოზის დაზუსტებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას.

- როგორია დაავადების კლინიკური ფორმები?

- ლეპტოსპიროზის ორი კლინიკური ფორმა არსებობს: სიყვითლით მიმდინარე და სიყვითლის გარეშე. დაავადების ინკუბაციური პერიოდი 3-28 დღეა. დაავადების პათოგენეზში ორ ფაზას გამოყოფენ: პირველ ფაზაში ავადმყოფს გამოხატული აქვს ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, პირღებინება, დიარეა. მეორე ფაზაში ხდება ინფექციის გენერალიზაცია და ავადმყოფს უზიანდება ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემა, უვითარდება ღვიძლის, ან თირკმლის უკმარისობა, ჰემორაგიული სინდრომი, მენინგეალური მოვლენები - ლეპტოსპიროზული მენინგიტი, პნევმონია, ფილტვის ჰემორაგია, მიოკარდიტი, ბრადიკარდია, სისხლის წნევის დაქვეითება. მესამე დღიდან მთელ ტანზე ჩნდება სხვადასხვა ტიპის გამონაყარი და სისხლჩაქცევები. დაავადება გრძელდება რამდენიმე დღიდან სამ კვირამდე, ზოგჯერ უფრო დიდხანს. საკმაოდ რთული დაავადებაა, ამიტომ საეჭვო სიმპტომების მქონე პირმა დროულად უნდა მიმართოს ექიმს. აუცილებელია დაავადებულის ჰოსპიტალიზაცია და წოლითი რეჟიმი. ექიმები ლეპტოსპიროზის დროს პაციენტს სათანადო დიეტას უნიშნავენ, სამკურნალო ღონისძიებები კი სიმპტომების მიხედვით ინიშნება.

- როგორ დავიცვათ თავი ამ საშიში ინფექციისგან, როგორია პრევენციული ზომები?

- უპირველესად, საჭიროა წყლისა და საკვები პროდუქტების დაცვა ბაქტერიებით დაბინძურებისგან, ნუ დალევთ წყალს ღია წყალსატევებიდან. ასევე აუცილებელია ვეტერინარული ღონისძიებების გატარება შინაური ცხოველების მიმართ - უნდა იზრუნოთ ავადმყოფი ცხოველის იზოლაციასა და მკურნალობაზე. ვისაც დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტი უწევს, უნდა შეძლოს პირადი პროფილაქტიკა: ჩაიცვას სპეცტანსაცმელი და რეზინის ფეხსაცმელი, გაიკეთოს ხელთათმანები, თუ ამის საჭიროება არსებობს, ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკაც შესაძლებელია.

ხათუნა ჩიგოგიძე