რა ინფექციები იჩენს თავს ზაფხულში - კვირის პალიტრა

რა ინფექციები იჩენს თავს ზაფხულში

"ზაფხულისთვის დამახასიათებელ დაავადებებში ყველაზე ხშირია ალერგიები, მწერის ნაკბენი, ხველა და სურდო და ნაწლავთა აშლილობა"

ზაფხულში თუ რა ინფექციები იჩენს თავს პატარებში, როგორ უნდა ვკვებოთ ისინი, რომ ავაცილოთ პრობლემები და რამდენად მცდარია აზრი, რომ პატარა არ უნდა ავცრათ, გვესაუბრება პედიატრი ნინო დათუაშვილი.

- ქალბატონო ნინო, რა ჩივილების შემთხვევაში უნდა მიმართონ აუცილებლად პატარა პაციენტების მშობლებმა პედიატრს?

- პედიატრს სასწრაფოდ უნდა მიმართოს პაციენტის მშობელმა, თუ ბავშვს აქვს რამდენიმე დღე მაღალი ტემპერატურა, საკვებს და სითხეს არ იღებს, აქვს კუჭის აშლა და ღებინება.

- ზაფხულში ძირითადად რა პრობლემებს უჩივიან პაციენტთა მშობლები?

- უფრო ხშირად მაღალ ტემპერატურას, რადგან გარკვეული ტიპის ვირუსები ზაფხულშიც არის.

ზაფხულისთვის დამახასიათებელ დაავადებებში ყველაზე ხშირია ალერგიები, მწერის ნაკბენი, ხველა, სურდო და ნაწლავთა აშლილობა, რაც დაკავშირებულია ნაწლავურ-ვირუსულ ინფექციებთან ან კვებით ინტოქსიკაციასთან.

ნაწლავური ინფექციებისა და კვებითი ინტოქსიკაციების დროს ყველაზე ხშირია ღებინება და ნაწლავთა აშლილობა, რაც იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას და ძალიან ადვილად შეიძლება ბავშვის მდგომარეობა დამძიმდეს, განსაკუთრებით თუ ის წლამდე ასაკისაა. ამიტომ სანამ ექიმს მიმართავდეს, დედამ შეიძლება პირველადი დახმარება გაუწიოს და სითხეები მისცეს ბავშვს, მაგრამ განსაკუთრებით ღებინების და კუჭის ხშირი მოქმედების დროს სწრაფად უნდა მიმართოს ექიმს, რადგან ეს იწვევს გაუწყლოებას, რასაც შეიძლება მოჰყვეს კრუნჩხვა. თუმცა თითქმის ყველა დედამ იცის, რომ ნაწლავთა აშლილობისა და ღებინების დროს ბავშვს უნდა მისცეს ელექტროლიტები, რომლებიც დასაწყისში ამ პრობლემას იოლად აგვარებს.

- ნაწლავურ ინფექციებს ძირითადად რა იწვევს?

- ნაწლავური ინფექციები უფრო ხშირად არის ვირუსული ეტიოლოგიის, თუმცა შეიძლება იყოს ბაქტერიულიც - დიზენტერიას რომ ვეძახით.

- რას ურჩევდით წლამდე და მის ზემოთ ასაკის ბავშვების მშობლებს ამ დაავადებების თავიდან ასაცილებლად?

- ნაწლავურ-ვირუსული ინფექციისგან თავის დაზღვევა ძნელია, თუმცა შეიძლება ავიცილოთ კვებითი ინტოქსიკაცია, თუ საკვები სწორად არის შენახული და ბავშვი ასაკის შესაბამისად იკვებება. 2 წლამდე პატარას არ უნდა მისცენ ძეხვი, სოსისი, შებოლილი, დაკონსერვებული და გარეთ ნაყიდი პროდუქტი. თუ დედას საშუალება აქვს, შვილი ძუძუთი უნდა კვებოს, მაგრამ 6 თვის ასაკის შემდეგ მარტო ძუძუთი კვება საკმარისი არ არის.

ამასთან, ბავშვს აუცილებლად უნდა ასწავლონ კბილების გახეხვა, ხელის დაბანა, ან დედამ უნდა მოახერხოს, რომ ყოველი ეზოდან ამოსვლის, საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, ჭამის წინ და მერე დაბანოს ხელები, პატარა უნდა გადააჩვიონ თითების პირში ჩადებას.

- ბავშვებს ძალიან უყვართ ცხოველები, მაგრამ ზოგჯერ სახლის თუ ქუჩის ბინადარ ძაღლსა ან კატასთან კონტაქტისას უჩნდებათ ნაკაწრები. აუცილებელია თუ არა ამ დროს აცრა?

- ბავშვი უსათუოდ უნდა მიიყვანოთ შესაბამის დაწესებულებაში, სადაც სპეციალისტები გადაწყვეტენ, აუცილებელია თუ არა აცრა. შესაბამისი დარგის სპეციალისტები იმდენად შეშინებული არიან, რომ ძაღლი ან კატა აცრილიც რომ იყოს, პაციენტს ერთ ნემსს მაინც უკეთებენ, რადგან ვერ დაადგენენ, როგორ და რა მასალით არის ცხოველი აცრილი, ჩამოუყალიბდა თუ არა იმუნიტეტი. თუ ოთხფეხი მეგობარი კარგი მოვლილია და ყველა აცრა გაკეთებული აქვს, ალბათ, აჯობებს, რომ არ გაკეთდეს ბავშვის აცრა.

- რაკიღა აცრებზე ჩამოვარდა სიტყვა, გკითხავთ გეგმურ აცრებზეც, რადგან საზოგადოების აზრი იყოფა: ზოგი ირწმუნება, რომ აცრა აუცილებელია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ საჭირო არაა, რადგან ის დაავადებები, რომლებზეც ვცრით, უკვე რამდენიმე ათეული წელია, აღარ არსებობს.

- ბავშვები აუცილებლად უნდა აიცრან. მცდარია მოსაზრება, რომ დაავადებები, რომლებზეც ცრიან, უკვე აღარ არსებობს. როგორც კი შევწყვეტთ ბავშვების აცრას, ყველა ეს დაავადება თავს იჩენს. საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა ვაქცინებზე უარყოფითი სტატია. შესაბამისად, თბილისშიც შეწყვიტეს დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველაზე აცრა და... თავი იჩინა დიფტერიის შემთხვევებმა! დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსი-პოლიომიელიტს არანაირი წამალი არ შველის, აცრის გარდა. ახლა გავრცელდა ახალი ჭორი, რომ ამ აცრამ შეიძლება გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტი, ან იმუნიტეტის დაქვეითება, მაგრამ ეს ყველაფერი არ ემყარება რაიმე კვლევას.

- ხომ არის შემთხვევები, როდესაც რომელიმე აცრაზე ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ძლიერი რეაქცია?

- ამ დროს ექიმები გადავწყვეტთ, აცრა გავუგრძელოთ, თუ ავცრათ სხვა ვაქცინით, მაგრამ მოსაზრება, რომ ბავშვი არ აიცრას, არის აბსოლუტურად მცდარი. მომხრე ვარ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის, 2-5 წლამდე ბავშვისა მაინც.

- რამდენიმედღიანი ტემპერატურისა ან ხველების ფონზე მშობლები ექიმის დანიშნულების გარეშე აძლევენ ბავშვს ამა თუ იმ ანტიბიოტიკს...

- ანტიბიოტიკები უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა! არც სიცხეს, არც ხველას ანტიბიოტიკი არ შველის, თუ ის არ არის გამოწვეული ბაქტერიული ინფექციით, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია ეს ანტიბიოტიკი. დღეს მსოფლიო არის ძალიან დიდი საშიშროების წინაშე, ანტიბიოტიკები უკვე არ შველის მძიმე დაავადებებს, ახალი ანტიბიოტიკების შექმნა კი ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია.

- რას ურჩევდით მშობლებს?

- აცრან აუცილებლად შვილები და უსათუოდ მიმართონ ექიმს, როცა ამის საჭიროება აშკარაა.

ნანა ჩარკვიანი