როცა ფეხი გვიშეშდება - კვირის პალიტრა

როცა ფეხი გვიშეშდება

ვის არ მოგვსვლია, როცა სავარძელში ბედნიერად მჯდომს წამოდგომისას კუნთი შეგვეკუმშება ან დაგვეკრუნჩხება და ისეთი ტკივილები დაგვივლის, რომ სიმწრისაგან ნაბიჯსაც ვეღარ ვდგამთ. საბედნიეროდ, ეს ტკივილი მალევე გადის, თორემ მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებოდით. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როცა კრუნჩხვა გვიან გადის და ადამიანს მნიშვნელოვნად უცვლის გუნებას. რატომ გვემართება კრუნჩხვა და რა იწვევს მას, ამ თემაზე ექიმი ნანა ლორია გვესაუბრება.

- კრუნჩხვა ჰიპერკინზის ანუ უნებლიე მოძრაობის ერთ-ერთი ნაწილია და მას სხვა უნებლიე მოძრაობების მსგავსად უკონტროლო ხასიათი აქვს; ამასთანავე, შესაძლოა კრუნჩხვა იმდენად ძლიერიც კი იყოს, რომ მყესები და კუნთები დააზიანოს და შრომის უნარი დროებით შეგვეზღუდოს. რაც, საბედნიეროდ, შედარებით იშვიათად ხდება. ამასთანავე, კუნთი ისეთ დროსაც შეიძლება შეიკუმშოს, როცა ადამიანი სარისკო ვითარებაშია, მაგალითად, ზღვაშია და ცურავს.

კუნთის კრუნჩხვისას ბოჭკოები იკრუნჩხება და წარმოიშვება ორი სახის, მიოტონური და მიოკლონური კრუნჩხვები. მიოტონური კრუნჩხვა კუნთის მტკივნეული შეკუმშვაა, რა დროსაც კუნთი ისეთი მაგარი ხდება, რომ თითქოს გაქვავდაო და მწველ ტკივილსაც იწვევს. კლონური კრუნჩხვა კიდევ, კუნთის ან კუნთოვანი ბოჭკოების უნებლიე შეკუმშვაა, - ზოგჯერ მას ტიკსაც კი უწოდებენ.

- ბრძანეთ, რომ კუნთების კრუნჩხვას თავისი მიზეზები აქვს.

- კრუნჩხვა მოსახლეობის დაახლოებით 75%-ს ემართება და ამ მასობრივი მონაცემის გამო მას ბევრი ექიმი სწავლობს. ამის მიუხედავად კრუნჩხვის ერთი რომელიმე კონკრეტული მიზეზი არ დგინდება. საბოლოოდ შესაძლოა, ასეც ვთქვათ, რომ კრუნჩხვას იწვევს ფაქტორთა კომპლექსი, რის ფონზეც კუნთების კრუნჩხვას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში კრუნჩხვა ცენტრალური ნერვული სისტემის პასუხია პერიფერიული ნერვული სისტემის სიგნალზე; რასაც განაპირობებს ფაქტორთა კომპლექსი.

მაგალითად, გაუწყლოება, მინერალური ნივთიერებებისა (კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის) და ვიტამინების ნაკლებობა. კუნთების გადაძაბვა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რომელიც შესაძლოა მოჭერილმა და მოუხერხებელმა ფეხსაცმელმაც კი გამოიწვიოს. კრუნჩხვა შეიძლება განვითარდეს, თუ ადამიანი დიდხანს ეყრდნობა ფეხის წვერებს, ან დიდხანს არის ჩაცუცქული.

- როგორც ვხვდები, კრუნჩხვა შესაძლოა გამოიწვიოს იმ პროფესიებმაც, როცა ადამიანებს კომპიუტერთან ხშირად ჯდომა უწევთ.

- რა თქმა უნდა, როცა გამუდმებული ჯდომით ადამიანს წვივები ეძაბება, კრუნჩხვაც შესაბამისად ხშირად ვითარდება. ამის მაგალითად შეგვიძლია სტომატოლოგებიც დავასახელოთ. თუმცა კუნთები გამუდმებული სირბილისგანაც იძაბაბა და იკუმშება, რასაც ხშირად ფეხბურთელები უჩივიან. მხატვრებს ან მკერავებს ხელის მტევნები ეძაბებათ და ეკუმშებათ. კრუნჩხვების განვითარების მიზეზი ხდება ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, შიმშილი, რომლის დროსაც ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს განიცდის, სასარგებლო ნივთიერებები იკარგება და კუნთები იკრუნჩხება ღებინების, ფაღარათის, ძლიერი ოფლდენის დროს... ცივ წყალში მოულოდნელად მოხვედრისას.

- კრუნჩხვა შესაძლოა ძალიან სარისკოც გახდეს, თუკი ადამიანი ზღვაში ან ღრმა მდინარეში ცურავს.

- წყლის სიღრმეში ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოვლენა, მით უფრო რომ უცაბედი კრუნჩხვა შესაძლოა ერთ წუთზე მეტხანსაც გაგრძელდეს. ასეთ დროს ურჩევენ, რომ მოცურავემ ფეხების მოძრაობა შეწყვიტოს და იმ ფეხის ტერფი, რომელზეც კუნთი დაიკრუნჩხა, ჯანმრთელი ფეხის ტერფით აამოძრაოს. ზოგადად კი კუნთის დაკრუნჩხვისთანავე უნდა წამოვდგეთ და იმავე ფეხს უნდა დავეყრდნოთ, რომლის კუნთი დაიკრუნჩხა. აუცილებელია მტკივანი ადგილის დაზელა. ძალიან კარგია ვარჯიშიც, - სულ რამდენიმეწუთიანი ფეხების ვარჯიშიც კრუნჩხვით მოვლენებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ეთერ ერაძე