"ოქროს წესები", რომლებიც საახალწლო სუფრასთან უნდა დავიცვათ - კვირის პალიტრა

"ოქროს წესები", რომლებიც საახალწლო სუფრასთან უნდა დავიცვათ

უარყოფითი შედეგი მოაქვს ცხიმითა და ქოლესტერინით მდიდარ საკვებს. მთავარია, შევინარჩუნოთ ის ნორმა, რასაც ყოველდღიურად ვიღებთ. განსაკუთრებით მავნებელია საღამოობით კალორიული კერძების მიღება

შობა-ახალი წლის დღეებს, სასიამოვნო ემოციების გარდა, ჯანმრთელობის პრობლემებიც მოაქვს. ტრადიციული ქართული კერძები ზედმეტი კილოგრამების წყარო ხდება, ცხიმებისა და ნახშირწყლების ჭარბი დოზა კი ორგანიზმს სერიოზულად აზიანებს. ზოგადი ფონი განსაკუთრებით მძიმდება მაშინ, როდესაც მდიდარ რაციონს ალკოჰოლიც ემატება. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ დღესასწაულმა მხოლოდ სიამოვნება მოუტანოს? - ამის თაობაზე თსუ-ის პროფესორს, კვების პროდუქტების ექსპერტ ეთერ სარჯველაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც რამდენიმე "ოქროს წესი" გაგვიმხილა:

- შეიძლება ერთი აბი წამალი ადამიანისთვის სასარგებლო იყოს, ორი კი საწამლავად ექცეს, ასევეა საკვებიც. ორგანიზმის გადატვირთვა არც საკვებით შეიძლება და არც ალკოჰოლური სასმელებით. არანაკლებ უარყოფითი შედეგი მოაქვს ცხიმითა და ქოლესტერინით მდიდარ საკვებს. მთავარია, შევინარჩუნოთ ის ნორმა, რასაც ყოველდღიურად ვიღებთ. განსაკუთრებით მავნებელია საღამოობით კალორიული კერძების მიღება. ძილის დროს ადამიანი ფიზიოლოგიურ აქტივობას წყვეტს და თუ მიღებული საკვების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტია, ორგანიზმს სერიოზული გამოცდა ელის.

- რომელი ალკოჰოლური სასმელი უფრო ვნებს ორგანიზმს?

- სადილობისას და ვახშამზეც მხოლოდ ნატურალური ღვინის მიღება ჯობს. კატეგორიულად დაუშვებელია არყის დალევა, რადგან ის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. როცა ორგანიზმი გადატვირთულია და ამ დროს არაყს დააყოლებ, გულ-სისხლძარღვთა სისტემა დიდი საფრთხის ქვეშ დგება. არაყი რაც უნდა სუფთა იყოს და შინ გამოხდილი, გულს და სისხლძარღვებს იმდენად აფართოებს, რომ შეიძლება საშინელი გართულებები გამოიწვიოს.

- დილით ალკოჰოლის მიღებაც ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზე?

- განსაკუთრებით ცუდია ალკოჰოლის მიღება უზმოზე, ამიტომ ღვინოსთან ერთად უსათუოდ უნდა წაიხემსოთ, თუ გსურთ, ჯანმრთელი და საღ-სალამათი იყოთ. ხალხში ამის შესახებ ხუმრობით ამბობენ, სასმელს რაღაც უნდა "ჩავუფინოთო" - ეს ჩვენი წინაპრების გამოცდილებაა, რომელსაც უნდა ვენდოთ.

- როგორ უნდა მოიქცეს ის, ვისაც ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა სურს?

- ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული მედიცინა. ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე სასურველია 1-2 ჭიქა წყალი დალიოთ და აუცილებლად დააყოლოთ ვაშლი, რადგან ის ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან. ასევე სასარგებლოა ნებისმიერი წითელი ფერის ხილიც. ტოქსინებისგან გათავისუფლების სხვა გზები და საშუალებებიც არსებობს, საკვების მიღებაში კი ყოველთვის ზომიერებაა საჭირო. უნდა ვეცადოთ, ოქროს შუალედი დავიცვათ - ამით ჩვენს ორგანიზმს დიდ სამსახურს გავუწევთ.

P.S. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან გასაწმენდად სასურველია განტვირთვის დღის მოწყობა - კვირაში ერთხელ, ან ორ კვირაში ერთხელ მაინც. ამ დღეს უარი უნდა თქვათ ჩვეულებრივ რაციონზე. შემოგთავაზებთ განტვირთვის დღეების რამდენიმე ვარიანტს, რომელიც ყველაზე პოპულარული და ეფექტიანია:

ვაშლის განტვირთვის დღე

1,5 კგ ვაშლი წმინდად გახეხეთ და მიიღეთ ყოველ სამ საათში 300-300 გ. დალიეთ იმდენი სითხე, რამდენიც მოგესურვებათ.

ბანანის განტვირთვის დღე

მთელი დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 1 კგ ბანანი და 1-1,5 ლ სითხე - უმჯობესია წყალი, დასაშვებია უშაქრო ჩაი, ან უშაქრო კომპოტი.

კიტრის განტვირთვის დღე

4-5 ჭამაზე მიიღეთ 1,5 კგ კიტრი და 1 მოხარშული კვერცხი. ასეთი სახის განტვირთვა კარგია სიმსუქნის, ათეროსკლეროზის და ართროზის დროსაც.

ხათუნა ჩიგოგიძე