აკაკი ზოიძე: "ზოგიერთი კლინიკა ფულის საამქროდ იქცა" - კვირის პალიტრა

აკაკი ზოიძე: "ზოგიერთი კლინიკა ფულის საამქროდ იქცა"

"არ შეიძლება სხვისი ჯანმრთელობის ხარჯზე ბიზნესის კეთება... ზოგ კლინიკაში ფასწარმოქმნა საკმაოდ გაუკუღმართებულია. ძალიან დიდია არაპირდაპირი დანახარჯის წილი"

"ხშირად პაციენტებს ზედმეტ მანიპულაციებს უტარებენ, რაც პაციენტისთვის შესაძლოა სავალალოდაც დასრულდეს. ეს იმისთვის ხდება, რომ რაც შეიძლება მეტი მომსახურება და სერვისი გააფორმონ და ჯანდაცვის პროგრამიდან მეტი ფული მიიღონ"

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღას რამდენიმე კლინიკა გამოეთიშება და ვერ შეძლებენ მოსახლეობისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მომსახურებას. მინისტრი სამედიცინო სფეროს მდგომარეობით უკმაყოფილოა: "სამედიცინო დაწესებულებებში მენეჯმენტის კეთილდღეობაზე მეტი ფული იხარჯება, ვიდრე პაციენტის მომსახურებაზე, ზოგიერთმა კლინიკამ დააფუძნა უცნაური ფრაგმენტული სერვისები, მაგალითად, მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება. ქუჩიდან იღებენ პაციენტს და ქუჩაშივე უშვებენ. ასეთ კლინიკებთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ ვაპირებთ" - განაცხადა მინისტრმა.

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რამდენიმე ე.წ. კლინიკა მაინც ამოვარდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, მაგრამ, არასახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად, მაინც იმედიანადაა, სწამს, რომ ქართული მედიცინა გაჯანსაღების პროცესშია და ახლა რეაბილიტაციას მტკივნეულად გადის.

- შეიქმნა ისეთი კლინიკები, რომლებიც ფულის საამქროდ იქცნენ. ხშირად პაციენტებს ზედმეტ მანიპულაციებს უტარებენ, რაც დარღვევაა და შესაძლოა, პაციენტისთვის სავალალოდაც დასრულდეს. ეს იმისთვის ხდება, რომ რაც შეიძლება მეტი მომსახურება და სერვისი გააფორმონ და ჯანდაცვის პროგრამიდან მეტი ფული მიიღონ.

ჯანდაცვის სფეროსთვის წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა მხოლოდ სხვა დარგებს მორჩენილი თანხა, ამიტომაც ერთ სულ მოსახლეზე გამოყოფილი თანხების მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვიყავით და გვქონდა უფულო და არაეფექტიანი სამედიცინო სისტემა. ჯანდაცვის დანახარჯები კი ოჯახების გაღარიბების ერთ-ერთ პირველ მიზეზად იქცა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ეს პრობლემა მეტწილად მოიხსნა, მაგრამ პაციენტებს, როგორც ამბულატორიულ დონეზე, ისე ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში მედიკამენტები ძალიან მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვებათ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უმოკლეს დროში განხორციელდა, ამიტომ აქვს ხარვეზები, რის გამოსასწორებლადაც უამრავი, საკმაოდ რთული ტექნიკური სამუშაო არის ჩასატარებელი.

ბიზნესის განვითარებას რომ ხელი არ შეშლოდა, რადგან მაღალი სტანდარტები უფრო ძვირადღირებულ ინვესტიციას ითხოვს, სანებართვო პირობებში ძალიან მცირე სტანდარტები ჩაიდო. გარკვეული დროით, ეს გამართლებული იყო, ამ ეტაპზე კი სტანდარტების გამკაცრება აუცილებელია.

ხარისხის უსაფრთხოების სტანდარტი სამედიცინო სფეროში საკმაოდ ძვირადღირებულია, მაგრამ მას სანებართვო პირობებში ჩავდებთ, თუმცა, ბიზნესს მობილიზაციისთვის დროს მივცემთ - ერთ წელიწადს.

ეს საკმარისი იქნება შესაბამისი ინვესტიციის მოსაზიდად, პროფილის შესაცვლელად ან იმის გადასაწყვეტად, აგრძელებს თუ არა საქმიანობას.

- მხოლოდ უსაფრთხოების სტანდარტი გამკაცრდება?

- გამკაცრდება ინფექციის კონტროლის სტანდარტები, როგორი პროფილის და რამდენი ტიპის მომსახურება უნდა ჰქონდეს მრავალპროფილიან კლინიკას, რომელსაც შეეძლება ისეთი ავადმყოფი მიიღოს, რომელიც შესაძლოა, საჭიროებდეს მრავალი პროფილის ჩარევას. ბიზნესს სტანდარტების ასამაღლებლად დრო უნდა მისცე, მაგრამ სახელმწიფოს, რომელიც პაციენტის ინტერესების შესაბამისად ფულს იხდის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, შეუძლია იმთავითვე მოითხოვოს ამ მაღალი სტანდარტების შესრულება და ითანამშრომლოს მათთან, ვინც სტანდარტებს დააკმაყოფილებს. დანარჩენ კლინიკებს მიეცემა საშუალება, თუ მოთხოვნილ სტანდარტამდე ამაღლდებიან, კვლავაც მიიღონ მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.

ხომ წარმოუდგენელია სარდაფში გქონდეს ემერჯენსი და რეანიმაცია, ზემოთ კი ვიღაცის სარეცხი ფრიალებდეს, ან გვერდით ავტოგასამართი სადგური გქონდეს მოშენებული.

- მოქალაქები გულგრილობის გამო ფეშენებელურ კლინიკებსაც უჩივიან.

- ხარისხთან დაკავშირებით ზოგ შემთხვევაში დიდ კლინიკებსაც აქვთ პრობლემები, მაგრამ ჩვენ ცალკეულ შემთხვევაზე კი არა, სისტემურ პრობლემაზე ვლაპარაკობთ. ასევე მნიშვნელოვანი თემაა პაციენტის უფლებები, სასამართლოში ექიმმა როგორ უნდა დაიცვას თავი, პაციენტმა რა უნდა იცოდეს თავისი უფლებების შესახებ. ძალიან გვინდა, მაგრამ ერთ დღეში ვერ შევქმნით უმაღლეს, სტენფორდის და მეიოს კლინიკებს. საქართველოში ისედაც ძალიან სწრაფად ვითარდება სამედიცინო სფერო, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია.

- თურქეთიც ჩვენი მეზობელია...

- თურქეთის სამედიცინო ბიზნესს, გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან მოყოლებული, განვითარების დიდი საშუალება ჰქონდა, მასში ამერიკული, გერმანული და სხვა უამრავი ინვესტიცია ჩაიდო.

- კადრები?

- ეს გრძელვადიანი განვითარების თემაა.

- საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული სამედიცინო სფერო ადამიანის სიცოცხლით მოვაჭრეთა ბაზრად იქცა.

- გადაჭარბებულია ასეთი შეფასება, რადგან არაერთი კლინიკა და სამედიცინო ცენტრი პაციენტისთვის არაფერს იშურებს. მენეჯმენტის კეთილდღეობაზე თანხების დახარჯვა ბიზნესის თემაა. თუმცა, არ შეიძლება სხვისი ჯანმრთელობის ხარჯზე ბიზნესის კეთება. ამიტომაც მომავალში პრევენციის მიზნით ვიღებთ ზომებს. ფასწარმოქმნის პროცესი დაფინანსების რეფორმას მოითხოვს, რადგან ზოგ კლინიკაში ფასწარმოქმნა საკმაოდ გაუკუღმართებულია. ძალიან დიდია არაპირდაპირი დანახარჯის წილი. თუმცა, ამის გამო კლინიკას მკვლელობა რომ დააბრალო, არასწორია.

- რეანიმაციებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე პაციენტისთვის სხვა თანხებია, კორპორაციული ან კერძო დაზღვევის მქონესთვის სხვა და უცხოეთის მოქალაქეებსაც განსხვავებული შიდა ტარიფით ემსახურებიან. ეს სისტემა შეიცვლება?

- დაფინანსების რეფორმის შემდეგ იქნება ერთიანი, რესურსტევადობაზე დამყარებული, რაციონალურ პრინციპზე გათვლილი განფასება, რომელიც დაეყრდნობა მონაცემებს: მანიპულაციაზე ობიექტურად რა მოცულობის რესურსი, როგორი წამლები იხარჯება, სამედიცინო პერსონალის შრომის ასანაზღაურებლად და სხვა ხარჯებისთვის რა თანხებია საჭირო. ამის შედეგად დადგინდება ფასები, რომელიც საერთო იქნება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამისთვის, ნებისმიერი სადაზღვევო კომპანიისა თუ კერძო ინტერესით მისული მოქალაქისთვის.

- როგორ შეიძლება ერთი ქოლგის ქვეშ იყოს მოქცეული მზღვეველი, ფარმაცევტი, ჰოსპიტალი და პაციენტმა რეალურად ჯანსაღი მომსახურება მიიღოს? პაციენტისთვის ეს ნიშნავს არჩევანის შეზღუდვას - სად წავიდეს სამკურნალოდ, ვისთან დაეზღვიოს და სად შეიძინოს წამალი.

- რა ტიპის კანონმდებლობაც უნდა გვქონდეს, დაინტერესებული პირი მაინც შეძლებს, ყველაფერი ერთ ხელში მოაქციოს. შესაბამისად, ეფექტურად მიმაჩნია რეგულაციებით მუშაობა ისე, რომ პაციენტის ინტერსების საზიანოდ არ მოხდეს გარკვეული ბიზნესპრაქტიკის წარმოება, რომელიც რეალურად მიმართული იქნება მფლობელის მოგებასა და სხვების წაგებაზე.

- ხალხი მიიჩნევს, რომ წამლები მეტისმეტად ძვირია. ამ მიმართულებით მუშაობთ?

- ლარის კურსის და იმის გამო, რომ ძალიან ბევრი წამალი შემოტანილია, მედიკამენტების ნაწილი გაძვირებულია, ზოგიც ალბათ გაძვირდება. ყველაზე მოხმარებადი მედიკამენტების ნაწილი არ გაძვირებულა, მაგრამ დაზღვეული არ არის გაძვირებისგან. ამისგან დასაცავად სამასზე მეტი მედიკამენტისთვის ზღვრული ფასის დაწესებას ვაპირებთ. ასევე, უმწეო მოსახლეობას ყველაზე მოხმარებადი, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამანტები, არტერიული წნევისა და შაქრიანი დიაბეტის ტაბლეტირებული ფორმები უფასოდ მიეცემა. ძალიან მნიშვნელოვანია მედიკამენტების არარაციონალურად გამოყენებასთან ბრძოლა, როდესაც ერთ დაავადებაზე, გაიდლაინით ორზე მეტი წამალი არ სჭირდებათ და ათს უწერენ. ელექტრორეცეპტურას შემოვიტანთ და ამ მიმართულებასაც გავაკონტროლებთ.

ეკა ლომიძე