როცა ბავშვი გვიან იწყებს მეტყველებას... - კვირის პალიტრა

როცა ბავშვი გვიან იწყებს მეტყველებას...

მიიჩნევა, რომ მეტყველების განვითარება ბავშვების გონებრივი განვითარების მაჩვენებელია, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის. პირიქით, საპირისპირო ტენდენციაც კი იკვეთება: მეტყველების შეფერხებისას ბავშვს უქვეითდება ურთიერთობებისა და სწავლის უნარი. ამასთან, მეტყველების განუვითარებლობა არცთუ საშიში პრობლემაა, თუკი ის დროულად აღმოჩნდება. გვესაუბრება ბავშვთა ექიმი ნევროლოგი მარიკა ბიძინაშვილი.

- ქალბატონო მარიკა, რა სახის მეტყველების დარღვევები გვხვდება ბავშვებში?

- მეტყველების დარღვევები წარმოიშვება თავის ტვინის ქერქის ანდა გამტარი გზების (ნერვების) დაზიანებისას.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვის გონებრივი განვითარება უკავშირდება მეტყველების განვითარებას და მეტყველების შეფერხება ინტელექტუალურ განვითარებასაც ასვამს დაღს, ადვილი მისახვედრი იქნება, რაოდენ მნიშვნელოვანია, მშობელი კარგად იცნობდეს მეტყველების განვითარების თავისებურებებს, მის ხელშემწყობ და ხელშემშლელ ფაქტორებს.

როდესაც მეტყველების განვითარების დარღვევა უკავშირდება სმენის დარღვევას ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას, სამედიცინო ჩარევის გარეშე მას ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ასეთი დარღვევა ხშირად გვხვდება ჯანმრთელ ბავშვებთანაც, რომლებსაც ორგანული დაზიანებები არ აქვთ.

ამასთან, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ორი ცნება: მეტყველების განუვითარებლობა ან ჩამორჩენა და მეტყველების დარღვევა. მეტყველების განუვითარებლობა, ჩამორჩენა, უპირველესად, დაკავშირებულია აღზრდასა და ბავშვის ცხოვრების პირობებთან, მეტყველების დარღვევა კი სერიოზული დეფექტია, რომელიც ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებებით არის გამოწვეული, თუმცაღა მისი გამოსწორება შესაძლებელია.

უფრო ხშირად მეტყველების დარღვევით იტანჯებიან ბავშვები, რომლებსაც გადატანილი აქვთ ჰიპოქსია, ინფექციები, ტრავმები ანდა პრობლემები ემბრიონული განვითარების დროს. ზოგჯერ მეტყველების დარღვევა მემკვიდრული ფაქტორია.

- რა ასაკშია შესაძლებელი დიაგნოზზე ეჭვის მიტანა?

- ეჭვის მიტანა შესაძლებელია ბავშვის დაბადებისთანავე. თუკი მას უჭირს ძუძუს წოვა, აქვს პრობლემები საჭმლის ყლაპვისას, პრობლემები ექნება მეტყველებასთან დაკავშირებითაც, რადგან ყლაპვის აქტისა და საარტიკულაციო კუნთების ინერვაცია ერთი და იმავე ნერვებით ხორციელდება.

- მშობელმა როდის უნდა მიმართოს მეტყველების თერაპევტს?

- თუ ორი წლის ასაკში პატარა საერთოდ არ ლაპარაკობს; ასევე, თუ პატარა არავერბალურია, გააჩნია რამდენიმე სპონტანური ვოკალიზაციის ბგერა, რომლებსაც იგი არამიზნობრივად გამოსცემს; საგნებს არქმევს თავის სახელებს, რომელთაც საერთო არაფერი აქვს საგნის რეალურ დასახელებასთან; ლაპარაკობს ე.წ. ექოლალიებით; აქვს სარკული მეტყველება - რასაც ეუბნებით, იმავეს იმეორებს, შესაძლოა, არტიკულაციისა და მართლმეტყველების სრული დაცვით, მაგრამ თვითონ მიზნობრივად არ ლაპარაკობს, არ ამბობს ყველაზე მარტივ მიზნობრივ წინადადებებსაც კი; ლაპარაკობს აკვიატებული ფრაზებით, იმეორებს მულტფილმში გაგონილ სიტყვას, ფრაზას ან იმ წინადადებას, რომლითაც მას მიმართავენ; ლაპარაკობს არაბუნებრივი ხმით.

თუ ბავშვი არ ლაპარაკობს მარტივი წინადადებებით, ეს ყოველთვის პათოლოგიურ მდგომარეობას არ ნიშნავს, თუმცა მაინც აუცილებელია, პატარა ვაჩვენოთ ნეიროფსიქოლოგს ან მეტყველების თერაპევტს.

უნდა დადგინდეს პრობლემის მიზეზი, რადგან შეიძლება, მხოლოდ მეტყველების შეფერხებაა და საგანგაშო არაფერია, მაგრამ შეიძლება ამ დროს აუტიზმისთვის დამახასიათებელმა პირველმა ნიშნებმაც იჩინოს თავი.

ბავშვმა შეიძლება, დროულად არ დაიწყოს ლაპარაკი იმიტომ, რომ მშობლებს არ სცალიათ მისთვის, ან ძლიერი სტრესის გადატანის შემდეგ პროტესტის გრძნობა აქვს, ან, სულაც, ორენოვან გარემოში უწევს ყოფნა. მსგავსი მიზეზებით გამოწვეული დარღვევა გაცილებით იოლად ემორჩილება თერაპიასა და კორექციას და დროულად უნდა გაიმიჯნოს უფრო საგანგაშო მიზეზებისგან. თუკი სერიოზული ჩარევაა აუცილებელი, თერაპია რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. თუ მკურნალობა ადრეული განვითარების ასაკში დაიწყება (3-წლამდე), უკეთეს შედეგებს მივიღებთ, ვიდრე გვიან დაწყებული მკურნალობის დროს.

ნანა ჩარკვიანი