მშვიდობით, ირაკლი! - კვირის პალიტრა

მშვიდობით, ირაკლი!

(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

უცნაურია - კვირის მოვლენა წლის მოვლენაც გახდა! ვინმე იტყვის, რომ ღარიბაშვილის გადადგომა 2015 წლის მთავარი მოვლენა არ არის? არის! ამიტომ მივყვეთ თანამიმდევრობით:

ვინც ჩემს "ფიქრებს" თვალს ადევნებს, ემახსოვრება, რომ იგი ბევრჯერ გამიკრიტიკებია. ივანიშვილის არჩევანი თავიდანვე არ მომწონდა. არ შეიძლებოდა ასეთ თანამდებობაზე პოლიტიკურად გამოუცდელი ადამიანის დანიშვნა. ქვეყანა შპს არ არის, რომ მისი მფლობელი დასასვენებლად წავიდეს და მართვა მიანდოს დანიშნულ დირექტორს, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დროდადრო პატრონს შეუთანხმებს. ახლა ბევრი დაობს, როგორ უნდა შეფასდეს მისი პრემიერმინისტრობა. რა თქმა უნდა, ბევრი კარგის გახსენებაც შეიძლება, მაგრამ გადადგომა თუ გადაყენება მოწმობს, რომ "ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი იყვნენ უკმაყოფილო მისი ნაღვაწით. აბა, იმას ვინ დაიჯერებს, რომ კარგ პრემიერს 34 წლის ასაკში სახლში უშვებენ? ან იმას, რომ ღარიბაშვილს მოჰბეზრდა ხელისუფლებაში ყოფნა და დასვენება გადაწყვიტა? ის გადააყენეს და ეს გააკეთა ივანიშვილმა. რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია, როცა პრემიერი თანამდებობიდან მიდის და ვერ ამბობს, რატომ. მას გადადგომის მიზეზი არც კი უხსენებია. მხოლოდ ის თქვა, კარგად ვიმუშავე, მაგრამ ახლა გადადგომა გადავწყვიტე, რადგან თავისუფალი არჩევანი მაქვსო. მოეგონებინა მაინც რამე, მაგ დალოცვილს!.. ესეც ვერ მოახერხა.

ღარიბაშვილის მთავარი პრობლემა სწორედ ივანიშვილზე დამოკიდებულება იყო. კი ბატონო, სწორედ მან "აქცია კაცად", არსაიდან მოიყვანა და დასვა ჯერ - მინისტრის, მერე კი პრემიერ-მინისტრის სკამზე და ამის გამო მადლიერი იყო, მაგრამ თუ დამოუკიდებელი არ ხარ, ლიდერი ვერასდროს გახდები. მას საკუთარ გუნდშიც ვერ აღიქვამდნენ ლიდერად, რადგან ამ გუნდში ისევ ივანიშვილს ეთქმის მთავარი სიტყვა. გიორგი კვირიკაშვილიც ივანიშვილის კადრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის უფრო დამოუკიდებელი იქნება. არა, ივანიშვილს თავზე ვერ გადაახტება, მაგრამ თვითონაც მიიღებს გადაწყვეტილებებს. დღეს "ოცნება" ლიდერის გარეშე დარჩენილი პოლიტიკური ორგანიზაციაა, რადგან რეალური ლიდერი ჩრდილშია, ავანსცენაზე კი მხოლოდ პაიკები ჩანან.

ღარიბაშვილის კიდევ ერთი ნაკლი საზოგადოებასთან კომუნიკაცია იყო, უფრო სწორად - მისი არქონა. ის შეიძლება საქმეს აკეთებდა, მაგრამ მოსახლეობას ეს ვერ დაანახა, პოლიტიკოსი კი კარგი პიარის გარეშე ნულია!

ღარიბაშვილის დაუძლეველი პრობლემა კი აღმოჩნდა მისი გარემოცვა. ივანიშვილმა მას მხოლოდ კადრების შერჩევა ანდო და ისეთი ხალხი მოიყვანა, ყველამ თავი მოიჭრა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ კადრების შერჩევაში ვერც ივანიშვილი ბრწყინავს: ღარიბაშვილი გასაშვები გაუხდა, ნარმანიას, როგორც ამბობენ, გაუშვებენ... ბედის ირონიით, ერთადერთი, ვინც თანამდებობას საარჩევნო ციკლის ბოლომდე შეინარჩუნებს, ის იქნება, ვინც ივანიშვილს აღარ ემორჩილება და დამოუკიდებლად თამაშობს. პრეზიდენტ მარგველაშვილს ვგულისხმობ!…აქედან დასკვნა: იყავი დამოუკიდებელი და მეტხანს იქნები თანამდებობაზე!..