ახალი და ძველი მოდა... საბჭოთა ადამიანი - კვირის პალიტრა

ახალი და ძველი მოდა... საბჭოთა ადამიანი

(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

"ბავშვებს თითქოს ბოდიში მოუხადა, მაგრამ ბოლოს მაინც იძახა, რა განსხვავებაა, დაუნს ვიტყვი თუ დებილსო."

როგორც ვატყობ, ტელევიზიების დირექტორებად პოლიტიკოსების დანიშვნა მოდაში შემოდის. აქამდე"რუსთავი 2"-ს ჰყავდა პოლიტიკოსი დირექტორი, ახლა "მაესტროსაც" ეყოლება. აქეთ - მიშას ძმაკაცი, იქით - კვირიკაშვილის. წინასაარჩევნოდ დიდი მხიარულება გველოდება. თუ გვარამიას ამბავი დიდი ხანია ცნობილია, გაჩეჩილაძეები რომ კვირიკაშვილის მეგობრები იყვნენ, სიურპრიზი გამოდგა. როგორც "უცნობმა" თქვა, ყოველ მეორე დღეს ნახულობს პრემიერს. ის კი არა, თავის დროზე ბატონი კვირიკაშვილი პარტია "ახალი მემარჯვენეების" შექმნის სათავეებთანაც მდგარა და 1999 წელს პარლამენტის წევრიც გამხდარა, მაგრამ ისეთი წყნარი დეპუტატი იყო, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მისი პარლამენტარობა არც ახსოვს და პოლიტიკაში ახალბედა ჰგონია. ალბათ, იმ დროიდან მეგობრობს გაჩეჩილაძეებთან, რომლებსაც არჩევნების წინ "მაესტროს" გაკონტროლების სურვილი გაუჩნდათ და ტელეკომპანია "იმედსა" და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დაკავშირებული ახლობელი ბიზნესმენის - ირაკლი რუხაძისგან ნასესხები ფულით 55%-იანი წილის მფლობელებიც გახდნენ. რაიმეს მტკიცება ძნელია, მაგრამ ამ ფაქტების გათვალისწინებით, რა გასაკვირია, გაჩნდეს ეჭვი, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც ვერაფრით მოახერხა "რუსთავი 2" "ნაციონალური მოძრაობისთვის" გამოეგლიჯა, ახლა გაჩეჩილაძეების ხელით "მაესტროს" გაკონტროლება გადაწყვიტა. სცენარი თითქმის იგივეა: დავა მეპატრონეებს შორის, რომელიც გარეგნულად კერძო დავას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება დიდი პოლიტიკური თამაშის ნაწილი იყოს. ძველმა მეპატრონემაც თავის დაცვა ზუსტად ისე გადაწყვიტა, როგორც "რუსთავი 2"-ის მოქმედმა მენეჯმენტმა - ახალი დირექტორისა და მეპატრონის ტელევიზიაში შეშვებას არ აპირებენ, თან თანამშრომლები ახალ არხზე გადაჰყავთ. მალე შეიძლება მაკა ასათიანის მოწოდებაც მოგვასმენინონ, ბაია გადაბაძეს რომ შეუძახებს: "ააგე ბარიკადები!" საქართველოში ხომ ვერ დამთავრდა ტელევიზიებზე ნადირობა და მათი პოლიტიკურ იარაღად გამოყენება! ეს ძველი მოდაა და არასდროს გადადის...

საბჭოთა ადამიანი

ასევე არ გადადის მოდიდან მმართველ კოალიციაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ლანძღვა, არადა, პრემიერი მის მოსასმენადაც კი ჩავიდა. მთავრობა და კოალიციის წევრები პრეზიდენტს ისე დაუტკბნენ, ვიფიქრე, ივანიშვილმა აზრი ხომ არ შეიცვალა-მეთქი, მაგრამ მისი ჯანმრთელობის სადარაჯოზე თოფაძე დადგა და ისე მოინდომა, ივანიშვილისთვის ესიამოვნებინა, მარგველაშვილს 15 წლის წინ ერთი უბრალო ფილოსოფოსის რანგში დაწერილი სტატია ამოუქექა და მის ლანძღვაში დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს მიაყენა შეურაცხყოფა. მერე ამ ბავშვებს თითქოს ბოდიში მოუხადა, მაგრამ ბოლოს მაინც იძახა, რა განსხვავებაა, დაუნს ვიტყვი თუ დებილსო.

თოფაძე რაც უფრო ადრე დატოვებს ქართულ პოლიტიკას, მით უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და მმართველი კოალიციისთვისაც. ის ვერ გამოვიდა საბჭოთა წარსულიდან, როცა სიტყვა "დაუნი" სალანძღავად გამოიყენებოდა და სულ არ ფიქრობდნენ იმ ბავშვებზე, ვინც ამ სინდრომით დაიბადა. დასავლური საზოგადოება საბჭოთა საზოგადოებისგან იმით განსხვავდება, რომ ამ სიტყვას არათუ სალანძღავად არ იყენებს, არამედ გამუდმებით ზრუნავს ამ ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე, რათა მათ თავი სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ. ამის დანერგვაა დასავლეთისკენ სვლა და არა ყბადაღებული გეიქორწინებების დაკანონება, მაგრამ ამას თოფაძე რას გაიგებს, მას ისევ რუსეთთან რაღაც კავშირებში გაერთიანება და კაბინეტებში სტალინის სურათები ენატრება.

უზნეო გარიგება

ჩვენში მოდიდან მხოლოდ სინდისი გადავიდა, თუმცა, არ ვიცი, იყო თუ არა ოდესმე მოდაში. ყოველ შემთხვევაში, ქართველ მოსამართლეებს რომ ის არა აქვთ, ფაქტია. სამარცხვინო მოსამართლეთა კორპუსი გვყავს! წინა კვირას გამართული მათი კონფერენცია ამის დასტურია! ასეთი კოლექტიური აზროვნება, კარგა ხანია, არ მინახავს. მოვისმინე საბჭოთა სტილის მიმართვა, რომელსაც ერთ-ერთი ახალგაზრდა მოსამართლე კომკავშირელის პათოსით კითხულობდა და დავინახე სურვილი, რომ საკუთარი სკამები თბილად შეინახონ, მაგრამ არსად ჩანდა თვითკრიტიკა ან სინანული წარსულის გამო. ის კი არა, როდესაც მანანა კობახიძემ მათ უთხრა, აღიარეთ, რომ წინა ხელისუფლების დროს თქვენზე ზეწოლა იყო და გაპატიებთო, პასუხად მიიღო, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და არც უკანონო გადაწყვეტილებები მიგვიღიაო. უტიფრობა გამიგია, მაგრამ - ასეთი?! ესე იგი, ის ავად სახსენებელი ცხრა წელი და პროკურატურის ჯიბეში ჩადებული სასამართლო დაგვესიზმრა? და ამათზე თქვა ივანიშვილმა, რეჟიმის მსხვერპლნი არიან და ვაპატიოთო? მათ დაჭერას არც არავინ ითხოვდა, არც იმას, ყველანი ერთი ხელის მოსმით გაყარეთო, მაგრამ ვისაც ვადა გასდის და ვისაც წარსულში ბევრი უკანონობა ჩაუდენია, ხომ შეიძლება, უვადოდ აღარ დაინიშნოს?! ნამცეცი სინანულისა არ არის მათ საქციელში. აქეთ გვიტევენ. მურუსიძის ხელახლა დანიშვნამ მათ, როგორც ჩანს, იმედი გაუჩინა!

სულაც არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე და არც მათ ვეთანხმები ხოლმე, ვინც ყველაფრის უკან ივანიშვილს ხედავს, მაგრამ მას შემდეგ, რაც "დიდმა მეოცნებემ" ბოლო ინტერვიუში მურუსიძის "გაპრავება" სცადა (ამის გაკეთება "ოცნების" წევრებსაც კი არ უცდიათ), ეჭვი აღარ მეპარება, რომ ის, რაც დღეს სასამართლო სისტემაში ხდება, ივანიშვილისა და მურუსიძის უზნეო გარიგების შედეგია! ნამდვილი საბჭოთა სასამართლო შექმნა სააკაშვილმა და ეს ივანიშვილმა შეირგო!