"ნაციონალების" მოშლილი პოლიტიკური კომპასი, ანუ ყარაულები ციხისძირში - კვირის პალიტრა

"ნაციონალების" მოშლილი პოლიტიკური კომპასი, ანუ ყარაულები ციხისძირში

(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

ეს რამდენიმე კვირაა "ნაციონალური მოძრაობა" ორი რამით არის დაკავებული: ციხისძირში სამ ხეს ყარაულობს, ხოლო ქვეყანაში - "საკუთარ პროექტებს". საკმარისი იყო ეთქვათ, იაფი კომპანია "ვიზიარი" ქუთაისიდან ევროპის კიდევ 7 ქალაქში იფრენსო, დაიწყეს, აი, მიშამ რომ ქუთაისის აეროპორტი გახსნა... მიშას რომ არ გაეხსნა... თავის დროზე, "ოცნების" ხელისუფლებამ ამ აეროპორტის აშენება არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადაო... ვნახე და, 2013 წელს მართლაც გამოუქვეყნებია მთავრობას მათი აზრით წინა ხელისუფლების არამიზნობრივი ხარჯები და მათ შორისაა ქუთაისში აეროპორტის მშენებლობა. სააკაშვილს მართლაც ჰქონდა არამიზნობრივი ხარჯები, მაგალითად, იმავე ქუთაისში პარლამენტის აშენება, მაგრამ აეროპორტი როგორ შეიძლება არამიზნობრივი ხარჯი იყოს, ვერ ვხვდები. იმ ჩამონათვალში ბევრი ისეთი პროექტია, რასაც დღევანდელი ხელისუფლებაც სიამოვნებით აგრძელებს, ამიტომ შეიძლება გამართლებულიც იყოს "ნაციონალების" პრეტენზია, თუ დაგვცინოდით და გვსაყვედურობდით, ახლა რატომღა აკეთებთო, მაგრამ იმის ძახილი, რომ ყველაფერი, რასაც "ოცნება" აკეთებს, ჩვენს დროსაა დაწყებულიო, ცოტა ქაჯობა მგონია. აბა, ის იქნება კარგი, რომ არ გააგრძელონ და შუა გზაში მიატოვონ, ან არ განავითარონ უკვე შექმნილი?

"ნაციონალების" ლოგიკას თუ გავყვებით, თბილისი-ბათუმის ავტობანი რომ დასრულდება, კომუნისტების დამსახურება იქნება, რადგან სწორედ მათ დაიწყეს ამ ავტობანის მშენებლობა და ნატახტრამდე მიიყვანეს. და საერთოდ, აწი ყველა გზა, რაც გაკეთდება, კომუნისტების ანგარიშზე უნდა ჩავწეროთ, რადგან სწორედ მათ დააგეს საქართველოში პირველად ასფალტი!

რაც შეეხება ხეების თემას, ქვეყანაში იმდენი პრობლემაა და მთავარ თემად სამი ხის გადარგვას რომ აქცევ, პოლიტიკური ალღო მთლად დაგკარგვია და ეგაა. რამდენ რამეზე შეიძლება ამ ხელისუფლებას ან ივანიშვილს მიედაო და ამათ კიდევ ხეებს გადაგვაყოლეს. სამი ხის გადარგვა აქციეს ეროვნული მნიშვნელობის საკითხად, თან საქმე გადარგვას ეხება და არა მოჭრას. "ნაციონალებს" თუ ჰგონიათ, რომ ამ თემით ქულებს იწერენ, პოლიტიკური კომპასი მოშლიათ.