ფეხების დახვრეტის ტრადიცია და... როცა ყველგან გეები გელანდება - კვირის პალიტრა

ფეხების დახვრეტის ტრადიცია და... როცა ყველგან გეები გელანდება

სამწუხარო ფაქტი მოხდა: პოლიტიკოსს დღისით-მზისით სცემეს და სამი ტყვია ესროლეს, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხარო ზოგიერთი დეპუტატის განცხადებები იყო, რომლებიც გამოძიების დასრულებას არც კი დაელოდნენ, ისე ალაპარაკდნენ პეტრიაშვილის პირად ცხოვრებაზე და ეს ფაქტიც მას დაუკავშირეს.

მე არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ასეთ საქმეში სულსწრაფობა პოლიტიკოსისთვის შეიძლება სამარცხვინოც იყოს.

ასევე სამარცხვინოა რუსეთში გავარდნა და მათთვის სიმღერა ან ცეკვა, მაგრამ ის, რაც წინა კვირას "კორკოტასა" და მერე ნინო ანანიაშვილის მისამართით ხდებოდა, არანაკლებ სამარცხვინო მგონია. ორივე ჯვარზე გააკრეს! ყველგან ქვეყნის მტრები როგორ უნდა გველანდებოდეს?! მერე ეს მანიაში გადადის. აჭარაში ყოფილა ასეთი ორგანიზაცია "მამულიშვილთა კავშირი", რომელიც ბათუმის ბულვარში მდგარი ერთ-ერთი ქანდაკების აღებას ითხოვს. აი, იმის, ბიჭი გოგოს გულს რომ ჩუქნის, რადგან, მათი აზრით, თურმე ეს "ცისფერების ქანდაკებას" წააგავს, გოგო ბიჭს უფრო ჰგავსო. ამაში მათ ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილეც ეთანხმება. რაიმე ისეთი დეტალი მაინც მივამატოთ, უფრო გოგოს რომ დაემსგავსოსო. ქანდაკება, ფაქტობრივად, ორი დაგრეხილი მავთულისგან შედგება, რა დეტალი უნდა მიამატონ? რამდენჯერ მინახავს ეს ქანდაკება და ეჭვი არასდროს გამჩენია, რომ ორივე ბიჭი იყო. თუ მანია არ გჭირს და ყველგან გეები არ გელანდება, მაშინ ასეთმა აზრებმა რატომ უნდა შეგაწუხოს?

თუმცა სომხეთში, მგონი, ჩვენზე უარესი სჭირთ. აბა, სომხეთის პარლამენტის წევრს, არამ მამუკიანს მოუსმინეთ: "კაცების გადაკოცნის ტრადიციას ბოლო უნდა მოეღოს. ეს ტრადიცია საქართველოდან მოვიდა. იქ კაცები ყოველდღე კოცნიან ერთმანეთს", - განაცხადა მამუკიანმა. მოგწონთ სომეხი დეპუტატის მსჯელობა? ჰოდა, სწორედ მას ვემსგავსებით, როდესაც გვგონია, რომ დასავლეთი რაღაცას თავს გვახვევს!