პოლიტაჯაფსანდალი ანუ ევროპა თუ სტალინი?! (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

პოლიტაჯაფსანდალი ანუ ევროპა თუ სტალინი?! (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

ვიღებთ ერთ ან ორ პროდასავლურ ძალას, ერთს - პრორუსულს, ერთს - გაურკვეველი ორიენტაციისას, აქედან ერთი მემარჯვენე უნდა იყოს, მეორე - მემარცხენე, ლიბერალები და კონსერვატორებიც უნდა შეურიო და ადუღო.

გამოვა აჯაფსანდალი, რომელიც, რომც ამჟავდეს, მაინც უნდა ჭამო მზარეულის ხათრით. სწორედ ეს იქნება კოალიცია "აჯაფსანდალის" იმედი არჩევნებზე. ამას პირდაპირ და ხმამაღლა არავინ იტყვის და ამომრჩეველს ათასი დაპირებით გააბრუებენ, მაგრამ პოლიტიკურ აჯაფსანდალ "ქართულ ოცნებას" სხვა რა შეიძლება აერთიანებდეს, გაუგებარია. ერთადერთი ალტერნატივა ხელისუფლებაში დარჩენის სურვილია, მაგრამ ამომრჩეველს ხომ არ ეტყვი, პარლამენტში გვინდა უმრავლესობით მოსვლა და ამიტომ ვართ ერთად, თორემ ისე რა საერთო უნდა გვქონდესო?!

2012 წელს გასაგებია - კოალიცია ბიძინა ივანიშვილის გარშემო და მიშას წინააღმდეგ შეიქმნა. დღეს მიშა აღარაა. მაშ, რა კრავს ამ რადიკალურად განსხვავებულ ხალხს - ამ ურთიერთმოძულეთა დაპირისპირება საჯარო გახდა. კოალიციის ერთი წევრი პარტიის ლიდერი მეორე პარტიის ლიდერს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და რა ერთიანობაზე ვსაუბრობთ? ეს ბრალდებაა სისხლის სამართლის დანაშაულში! რესპუბლიკელების ადგილზე ასეთ ვითარებაში ან კოალიციას დავტოვებდი, ან თოფაძის წასვლას მოვითხოვდი! ისინი კი დარჩნენ და რაღაც ორპარტიულ სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ხელშეკრულების გაფორმებაზე საუბრობენ. როდესაც 3 მარტს კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრი გააკრიტიკა, ვიფიქრე, ამ დედის დღეს კოალიციას დედა მოუკვდა, რესპუბლიკელები ამას არ მოითმენენ-მეთქი... არ ვიცი, რას დაჰპირდა მათ კვირიკაშვილი, მაგრამ შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების მერე ყველა სახტადაა დარჩენილი. მკითხაობენ კოალიციაში, "ოცნებაში". რას ნიშნავს ორპარტიული შეთანხმება? კოალიციის სხვა პარტიებს რა როლი ექნებათ? ასიმეტრიული კოალიცია იქნება, თუ ყველას ერთნაირი უფლებები ექნება?

მეჭიაური და სხვები ამბობენ, გავიდეს ყველა ცალ-ცალკე და ვინც პარლამენტში შესვლას მოახერხებს, მერე იმ პარტიების ნაწილმა შევქმნათ კოალიციაო. ცხადია, მეჭიაური ივანიშვილის იმედადაა დიდ გულზე, მაგრამ იდეა სწორია. ევროპაში კოალიციები სწორედ პარლამენტში იქმნება. თუ ვერც ერთი პარტია ვერ იღებს უმრავლესობას, მერე მეტ-ნაკლებად ერთმანეთთან იდეოლოგიურად ახლოს მდგომი პარტიები ერთიანდებიან. ჩვენთან კი წინასწარ იკვრებიან ერთმანეთის მოძულე პარტიები, ოღონდ როგორმე პარლამენტში მოხვდნენ და უმრავლესობა მოიპოვონ. შეიძლება მითხრან, სწორედ ამიტომ აპირებენ ახალი ხელშეკრულების დადებას, რათა საერთო ხედვებზე ჩამოყალიბდნენო, მაგრამ ასეთი დოკუმენტი 2012 წლის არჩევნების წინაც შეიქმნა, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ვიღაც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, ვიღაცას სტალინი ენატრება. მოკლედ, ჩემი აზრით, კოალიციის დაშლა პროცესების გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, ყველა პარტია განახლება-მომძლავრებაზე იზრუნებდა, მაგრამ ამაზე ვინ ფიქრობს! ყველა მზადაა, წყენა განზე გადადოს, ოღონდ აჯაფსანდალს ერთ ინგრედიენტად ისიც დაამატონ!