სექსუალური რევოლუცია და ქიცმაცური - კვირის პალიტრა

სექსუალური რევოლუცია და ქიცმაცური

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ბოლოს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ყველამ ამაყად განაცხადა თავისი სექსის შესახებ.

თანამედროვეობის გმირად ის ადამიანი აღიარეს, ვინც პირველმა განაცხადა საჯაროდ, სექსი მაქვსო.

პრეზიდენტი კი, რომელმაც საჯაროდ ილაპარაკა თავისი მდიდრული სექსის შესახებ, ქვეყნის ბელადად გამოაცხადეს და მისი პოსტზე სამუდამოდ დარჩენა მოითხოვეს. მართალია, ვერ გაარკვიეს, რა იგულისხმებოდა სიტყვა "მდიდრულში", მაგრამ ამას ხელი არაფრისთვის შეუშლია. ასე დაიწყო ქართული სექსუალური რევოლუცია.

ეს სცენარი, რა თქმა უნდა, უტრირებულია, მაგრამ მოვლენების ზუსტად ასე განვითარებას არც არაფერი დააკლდა. ყველა ისე ამაყად აცხადებს, მე სექსი მაქვსო, მგონი, დროა, იმათზე ვინერვიულოთ, ვისაც სექსი არა აქვს. თორემ, ვისაც აქვს და უქვეყნებენ, მათზე რაღაა სადარდებელი?

ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა საჭირო არაა, თორემ "ნაციონალურ მოძრაობას" დავემსგავსებით, რომლის მმართველობის დროსაც ათასობით საჯარო პირი საძინებელში გადაიღეს და ახლა ხელისუფლებას სთხოვენ, სახელმწიფო უშიშროების სამსახური გააუქმეო, თან საზოგადოებას გვეუბნებიან, მართალია, ჩვენს დროს იღებდნენ, მაგრამ არ ვაქვეყნებდით და არც არავის ვაშანტაჟებდით ამ კადრებითო, აბა, გვაჩვენეთ დაშანტაჟებულიო! უბრალოდ, თურმე იღებდნენ და მეტი არაფერი!

ხელისუფლება კი, რა? ისეთი ბედოვლათია, თავის მართლების პოზაშია ჩამდგარი. "ნაციონალები" აქეთ აწვებიან, რატომ არ იჭერთ იმ ხალხს, ვინც ჩვენს დროს რაიმე უკანონობას აკეთებდაო!

"მაესტროს" ამბავი კი ვერა და ვერ დამთავრდა. უკვე მართლა ვეღარ გავიგე, ვისი ლოგო ვის მონიტორშია. სამაგიეროდ, აბსოლუტურად გასაგებია, რა უნდა რუსეთს. კარასინმა, ფაქტობრივად, პირდაპირ გვითხრა, ერთი მხრივ, თანამშრომლობის შემოთავაზება და მეორე მხრივ, ჩვენი ლანძღვა, ერთად არ გამოვა, აირჩიეთო.

ჩვენს ხელისუფლებას კი ქიციც უნდა და ქიცმაცურიც! უნდა თან ითანამშრომლოს, თან "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჩამორჩეს რუსეთის გინებაში. ამას ჰქვია, ნურც მოფრინდები, ნურც გაფრინდები!

პრინციპში იგივე პოზიციაა, რაც წინა ხელისუფლების დროს დანაშაულის ჩამდენთა მიმართ: ცოტას მოჰკითხეს, ბევრს - არა და ეგონათ, ამით აღდგებოდა სამართლიანობა. საბოლოოდ კი, ახლა ყველა მათ აკისრებს პასუხისმგებლობას.