როგორც ძია ლენინი იტყოდა, ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან, ანუ ვის სჭირდება ოდეერი?! - კვირის პალიტრა

როგორც ძია ლენინი იტყოდა, ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან, ანუ ვის სჭირდება ოდეერი?!

ჩვენ ისევ იქა ვართ! საბჭოთა ეპოქიდან ვერ გამოვდივართ. მძიმე 70 წლიანი წარსული უკან გვექაჩება. ვცდილობთ წინ წავიდეთ, ჩვენც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გავხდეთ, მაგრამ წარსული მაინც გვეპოტინება და წინსვლის საშუალებას არ გვაძლევს. მაინც ვახერხებთ სვლას, მაგრამ იმაზე ნელა, ვიდრე წავიდოდით...

ეს წარსული და ამ წარსულის გადმონაშთები უკან რომ არ გვეწეოდნენ, ყველა ხელისუფლება მხოლოდ სიტყვით რომ არ მიდიოდეს დასავლეთისკენ და საქმეს კი ბოლშევიკური მეთოდებით არ აკეთებდეს. ეს მარტო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებაში არ ვლინდება. ამ ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ ევოპარლამენტსა და ევროსაბჭოს უკვე ოფიციალურად მიმართა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნით. მთავრობის ყველა მაღალჩინოსანი დაეწყო და კიდევ ერთხელ მოგვილოცეს ეს ამბავი. ვიდრე საბოლოოდ უვიზო მიმოსვლას მივიღებთ, ყოველი ბიუროკრატიული ბარიერის გავლის მერე ასე დაეწყობიან და მოგვილოცავენ, მაგრამ მეორე ხელით დიდი სიამოვნებით შეინარჩუნებენ ე. წ. ოდეერის ინსტიტუტს უნივერსიტეტში და სხვა დაწესებულებებში.

წესით თანამედროვე სტუდენტებმა არ უნდა იცოდნენ ამ ტერმინის მნიშვნელობა. მეც კი დავიწყებული მქონდა, მაგრამ თურმე სულ ტყუილად, თურმე ეს საბჭოთა ინსტიტუტი ისევ არსებობს. ის არსებობდა სააკაშვილის დროსაც და შევარდნაძის დროსაც. წარსულს ჩავაბრეთ შევარდნაძეც, სააკაშვილიც, მაგრამ ვერ ჩავაბარეთ წარსულს საბჭოთა მემკვიდრეობა. რატომ უნდა ჰყავდეს უშიშროებას თავისი თანამშრომელი უნივერსიტეტის თანამშრომელებს შორის, ან ტელევიზიის შტატში? კარგი, გასაგებია, რატომ შეიძლება ჰყავდეს, მაგალითად, ფოთის პორტში, რომელიც სტრატეგიული ობიექტია, მაგრამ რა საფრთხე შეიძლება შეექმნას სახელმწიფოს უშიშროებას უნივერსიტეტიდან ან ტელევიზიიდან? სახელმწიფო გადატრიალება შეიძლება დაგეგმონ? ეს ხომ სასაცილოა. დღეს უამრავი კერძო უნივერსიტეტი არსებობს და იქ უამრავი სტუდენტი სწავლობს. იქ რომ დაგეგმონ რამე? ასევე ბევრი კერძო ტეელვიზიაა, რომელთაც გაცილებით მეტი გავლენა აქვთ, ვირე "საზმაუს". ეს ყველაფერი სახელმწიფოს უშიშროების დასაცავად ხდება თუ უბრალოდ ხელისუფლების გავლენების შესანარჩუნებლად? იმისთვის, რომ სადაც ხელისუფლებას ხელი მიუწვდება, იქ კარგად აფათუროს?

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები ძალიან გავს იმას, რაც სასამართლოში ხდება. იქაც ერთ-ერთ საკვანძო თანამდებობაზე, კანცლერის პოსტზე ნიშნავდნენ ადამიანს, რომელიც მურუსიძის მსგავსად კარგად ემსახურებოდა "ნაციონალურ მოძრაობას" და ახლა კარგად მოემსახურება "ქართულ ოცნებას". როგორც მოსამართლეები, უნივერსიტეტშიც პროფესორები მზად არიან სწორედ ასეთ ადამიანს დაუჭირონ მხარი, რადან თავადაც თავს უფრო დაცულად გრძნობენ. როგორც მიშას დროს, ახლაც არსებობენ სტუდენტები, რომელთაც კომუნისტების დროს ახალგაზრდა კომკავშირლები ერქმეოდათ და რომლებიც სხვადასხვა პრივილეგიებს იღებენ, მხარდაჭერის სანაცვლოდ. საბედნიეროდ, როგორც ადრე, ახლაც არსებობენ მეამბოხე სტუდენტები, რომლებიც ამ პროცესს ეწინააღმდეგებიან...

მთელ ამ პროცესში ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ როგორც "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც ოფიციალურად ევროპისკენ მიდიოდა, უარი ვერ თქვა ბოლშევიკურ მეთოდებზე, ასევე იქცევა "ქართული ოცნებაც", რომელიც ასევე ოფიციალურად ევროპისკენ მიდის და მისი წევრები ერთმანეთს ასწრებენ მოგვილოცონ ვიზალიბერალიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, მაგრამ თან წარსულში გვექაჩებიან. მოკლედ, როგორც ძია ლენინი იტყოდა, ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან.

მერაბ მეტრეველი